"დგანან ნიღბებით და ფარებით ჩვენს წინააღმდეგ" - რას ამბობენ შსს-ში სპეცრაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით?
ადგილობრივების ინფორმაციით, ხაიშში სპეცრაზმია მობილიზებული. მათი ინფორმაციით, პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხაიშსა და ჭუბერში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას, ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სოფელში გამთენიისას, 05:00 საათიდან გამოჩნდნენ, რაც სავარაუდოდ, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდება.
როგორც ჭუბერის, ისე ხაიშის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულს აპროტესტებს, რის გამოც ამ დროისთვის ხაიშის ცენტრშია შეკრებილი.
„ხაიშის ცენტრში გზის ერთ მხარეს ხელკეტებით მოსახელობა დგას, ხოლო მეორე მხარეს პოლიცია. გარეთ ვართ ყველა გამოსული - დიდი და პატარა. ერთმანეთის პირისპირ დგანს მოსახლეობა და პოლიცია. რამდენიმე ადამიანი ვდგავართ შუაში, რომ არ მოხდეს დაპირისპირება. პოლიციელები არიან ნიღბებით და ფარებით ჩვენს წინაააღმდეგ. მოსახლეობა ერთმანეთს ვიცავთ სახელმწიფოსგან. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ჭუბერში ხეების ჭრამ გამოიწვია მეწყერი, რაც არის ტყუილი“, - აცხადებს გარი ჩხვიმიანი.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხაიშსა და ჭუბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა დიდი ოდენობით ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაიშში პოლიციის მობილიზებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით არიან მობილიზებულნი.
ფოტო: ზურაბ ნიჟარაძე