"ჩემი კომბლე ბაბუა" - კვირის პალიტრა

"ჩემი კომბლე ბაბუა"

მიუხედავად იმისა, რომ კომბლესთან პრეტენზიები ჰქონდა ყოფილ განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას და მას მოძალადე და ცუდი მეცხვარე უწოდა, ქართული ხალხური ზღაპრის ეს პერსონაჟი ყველა თაობას მაინც ძალიან უყვარს. კომბლეზე რამდენიმე ათეული წლის წინ გადაღებული მულტიპლიკაციური ფილმი ისევ ისე პოპულარულია. ამას წინათ შემთხვევით გავიცანი კაცი, რომელიც მულტფილმში კომბლეს ახმოვანებს. მაშ, ასე, "კვირის პალიტრა" წარმოგიდგენთ რეჟისორ პაატა ტაბაღუას.

- უწინ კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რამდენიმე განყოფილება იყო, ერთ-ერთი დუბლიაჟის გაერთიანება გახლდათ, სადაც არა მარტო რუსულ, არამედ სხვა უცხოენოვან ფილმებს ქართულად ახმოვანებდნენ. მერე ამ ფილმებს რაიონების კულტურის სახლები, კლუბები და კინოთეატრები ქირაობდნენ. მაღალმთიან სოფლებში მოტოციკლეტებითა და ვერტმფრენებითაც კი აჰქონდათ კინოსაპროექციო დანადგარები და ფილმებს ღია ცის ქვეშ უშვებდნენ. კომბლეს გახმოვანებამდე წლების განმავლობაში ქართულ ტელეფილმებში სწორედ დუბლირებაზე ვმუშაობდი.

ბავშვ პერსონაჟებს ქართულად მეტწილად მე და ლევან წულაძე, ჭოლა ვახმოვანებდით. გახმოვანებაზე მუშაობდნენ თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, კარლო საკანდელიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ლია ელიავა...

- თქვენ როგორ ჩაერთეთ ამ საქმეში?

- ჩემი მშობლები დაარსების დღიდან პირველ არხზე მუშაობდნენ. მამა ქართული ტელეკინოწარმოების სათავეებთან იდგა, დედა კი ქიმიკოსი გახლდათ და ფირების დამუშავებაზე მუშაობდა.

- პირველი გახმოვანება გახსოვთ? - მე და ჭოლა პირველად რეჟისორის ასისტენტმა ლია გოგელიამ მიგვიწვია დუბლიაჟის განყოფილებაში. დიდი ხალისით ჩავერთეთ ამ საქმეში. ბევრ საინტერესოსთან ერთად, კიდევ ერთი დადებითი მხარე ჰქონდა ამ საქმეს - გაკვეთილებიდან გვათავისუფლებდნენ. ორივეს ისეთი უნარი აღმოგვაჩნდა, არტიკულაციას ისე ვამთხვევდით ყოველ ბგერას, რომ სნაიპერებს გვიძახდნენ უფროსები.

მულტგაერთიანება, სადაც ცნობილი ქართული მულტფილმები მზადდებოდა, დუბლიაჟის შენობაში იყო. ერთ დღესაც რეჟისორმა გივი კასრაძემ ფირფიტების გრამჩამწერი "მელოდიის" საკავშირო ფილიალში დამიბარა - კომბლეს სიმღერაც უნდა მემღერა, თანაც ვისთან ერთად? - ერთ მხარეს კარლო საკანდელიძე მედგა, მეორე მხარეს კი რამაზ ჩხიკვაძე. თავიდან ხმა ვერა და ვერ მოვარგე, უკვე მეცხრეკლასელი ვიყავი, ხმაში ხრინწი მეპარებოდა. დავიბენი, მაგრამ ბატონი რამაზი და კარლო ძალიან დამეხმარნენ. ეს ბუმბერაზი მსახიობები სიამოვნებით ახმოვანებდნენ მულტფილმებს. მსახიობთა წრეში ასეთ ამბავს ჰყვებოდნენ - ერთხელ ერთ მსახიობს ბაყაყის გახმოვანებაზე უარი უთქვამს. ეს რომ ბატონ რამაზს გაუგია, უხუმრია, აბა, ამ გმირების გასახმოვანებლად მულტგაერთიანებაში ბაყაყები და თაგვები ხომ არ ივლიანო. ბატონმა რამაზმა და კარლომ თავიანთი პროფესიონალიზმითა და იმპროვიზაციებით ხალისიანი და სახიერი გახადეს ეს მულტფილმი. თავადისა და მოურავის სიმღერაში -"მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა" - სული და გული ჩადეს. მე გახმოვანების გამოცდილება კი მქონდა, რამდენიმე ათეული პერსონაჟი მყავდა გახმოვანებული, მაგრამ სიმღერა სულ სხვაა. "მოგარჩინო, ბატონო?" კახურად კი მოუქცევ და იტყვი, მაგრამ სიმღერით მანამდე არ მიმღერია. მაშინ არც მეგონა, თუ ეს მულტფილმი ასეთი პოპულარული გახდებოდა.

უკვე ბაბუა ვარ. როცა ეს მულტფილმი გადის ეკრანზე, ჩემი შვილიშვილი გახარებული წამოიძახებს ხოლმე, ეს ჩემი კომბლე ბაბუააო.

- მაყურებელი თქვენი ხმით ამეტყველებულ ბევრ პერსონაჟს იცნობს? - "რეკორდში" ორივე ბავშვი, კოჩიაც და ბარდღუნიაც, ჩემი გახმოვანებულია, "სამი ამბავი ტელეფონით", "ლახტი" და სხვა. ორ ფილმშიც ვითამაშე - "გელა" და "ბავშვები". პირველში მე და მიშა მესხი ვთამაშობდით, მეორეში მერგო პატივი, ეროსი მანჯგალაძის გვერდით მეთამაშა. ტკბილად მახსენდება გადაღებები თელავში. ბატონ ეროსის "ჟიგული" ჰყავდა, თან პატარა ტაქსა დაჰყავდა, ტანგო. მომსწრე ვარ, კახელებმა როგორ გადაკეტეს ხიდი ორივე მხრიდან, რომ ეროსი სუფრაზე მიეპატიჟებინათ.

- დღეს რას საქმიანობთ - კინოდოკუმენტალისტიკამ გამიტაცა და ამ სიყვარულის ერთგული ვარ დღემდე.

ეკა სალაღაია