"სააკაშვილს ამსტერდამიდან ამოვთხრი" - რას იხსენებს კობა დავითაშვილი ყოფილ თანამებრძოლზე? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ამსტერდამიდან ამოვთხრი" - რას იხსენებს კობა დავითაშვილი ყოფილ თანამებრძოლზე?

ოდესღაც გენერალისიმუსობაზე ოცნებობდა, შემდეგ დეტექტივობაზეც ფიქრობდა, მის მშობლებს სურდათ, ერთადერთი ვაჟი ექიმის ხალათში ეხილათ. საბოლოოდ იურისტი გახდა. როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის სამართლიანობა და კანონის დაცვა იყო. სამართლიანობისთვის წავიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, ასევე, სამართლიანობის აღდგენის სურვილით ჩაება აფხაზეთის ომში. გენერალისიმუსის ვერა, მაგრამ ცეცხლის მართვის ოცმეთაურის თანამდებობა მიიღო. რაც ყველაზე მთავარია, ლამაზი ოჯახი შექმნა და ხუთი შვილის მამა გახდა. პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალები, არცთუ უშედეგოდ, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის რანგში მყოფმა ყოფილმა მეგობარმა მტრად მიიჩნია და მისი პოლიტიკურ გვამად გადაქცევა გადაწყვიტა, გარკვეული პრობლემები შეექმნა...

კობა დავითაშვილს ყოფილ თანამებრძოლთან და შვილის ნათლიასთან დაპირისპირება ჯანმრთელობის ფასადაც კი დაუჯდა, მაგრამ არაფერს ნანობს. ამბობს, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ბრძოლის უნარს რომ არასდროს კარგავს და სულიერად არ ეცემა, მშობლების დამსახურებად მიიჩნევს. დღემდე ამაყობს მშობლებით, მათი პატიოსნებითა და მტკიცე ხასიათით. დედა ეკონომისტი გახლდათ, მამა კი რკინიგზის მემანქანე. მიუხედავად იმისა, რომ მის დაბადებას მშობლები 7 წლის განმავლობაში ელოდნენ, არასდროს გაუნებივრებიათ. სითბო და მზრუნველობა არ აკლდა, თუმცა ისიც იცოდა, რომ თუ რამეს დააშავებდა, საკადრისად დაისჯებოდა. დღემდე მწარედ ახსოვს ის ფაქტი, რომ ეზოში ჩხუბისას დედა ყოველთვის მას ამტყუნებდა.

- ბატონო კობა, თანატოლებთან ხშირად ჩხუბობდით? - არა, ფიზიკურად დიდი ბავშვი ვიყავი და ჩემთან ჩხუბი არავის ეხალისებოდა. არც მე ვიყავი ჩხუბისთავი.

- ალბათ სპორტითაც იყავით დაკავებული.

- სპორტის მრავალ სახეობაზე მატარებდნენ, ცურვაზე, ბირთვის კვრაზე, ბარდოს ტყორცნაზე, კლასიკურ ჭიდაობაზე, ძიუდოზე. ძალიან მეზარებოდა სპორტის ყველა იმ სახეობაზე სიარული, რომელიც ფიზიკურ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. ჭადრაკი მიყვარდა ძალიან.

- ბავშვობისას თქვენს მომავალ კარიერაზე თუ გიფიქრიათ?

- მამაჩემი კასპის რაიონიდან გახლავთ, დედა - გორიდან. აქედან გამომდინარე, როგორც კი თვალები ავახილე, კედელზე დაკიდებული სტალინის სურათი დავინახე... ნულ კლასში, ანბანის სწავლა რომ დავასრულეთ და დაგვავალეს, დაგვეწერა, ვის რა გვსურდა გამოვსულიყავით, მე ასეთი რამ დავწერე: "რადგან ძალიან მიყვარს. ი. ბ. სტალინი, მინდა გამოვიდე გენერალისიმუსი". მესამე კლასში მივხვდი, რომ ეს სამხედრო წოდება გაუქმებული იყო და საბჭოთა კავშირის მარშლობაზე დავიწყე ფიქრი. დროთა განმავლობაში ჩემში არარეალური ამბიციები შემცირდა და ბოლოს იურისტობა გადავწყვიტე. ყმაწვილკაცობაში ძალიან მიყვარდა დეტექტივები (ახლაც მიყვარს) და გამომძიებლობა მინდოდა, ამიტომ ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. გაგრძელება