"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის გამარჯვებული პირველი ქართველი ვარ"
საუკეთესოდ არა, მაგრამ ჭკვიანურად ვითამაშე, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში, გერმანიის ღია ჩემპიონატის მოგების შემდეგ განაცხადა.
"თანაბარი თამაში იყო, საუკეთესოდ არ მიასპარეზია, ჭკვიანურად ვითამაშე. გამარჯვების მცირე შანსი მქონდა და გამოვიყენე. ემოციების გაკონტროლება მოვახერხე. ბედნიერი და დაღლილი ვარ, დავისვენებ და ავსტრიული ტურნირისთვის მოვემზადები.
ორი თვეა ახალ მწვრთნელთან ერთად ვმუშაობ, რამდენიმე თამაში მაღალ დონეზე ჩავატარე. ტურნირის მოგება ადვილი არ იყო. თუმცა, ამით ჩემთვის არაფერი შეცვლილა, წარმატება უფრო თავდაჯერებულს გამხდის.
ჩემი გამარჯვება საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ბავშვები უფრო სერიოზულად მიუდგებიან საქმეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის მომგები პირველი ქართველი ვარ", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
გუშინ, ჰამბურგში, გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5). ბასილაშვილმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა.
იხილეთ ასევე: ვინ არის წარმატებული ქართველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული