ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - მოქალაქეობის დატოვების მიზნით საფრანგეთის საელჩოს მიმართა?
"ქართული ოცნების" დეპუტატის ეკა ბესელიას ინფორმაციით, მისმა კოლეგამ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობიდან გამოსვლის მიზნით საფრანგეთის საელჩოს უკვე მიმართა.
არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საქართველოსთან ერთად, საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. ორმაგ მოქალაქეს კი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას კონსტიტუცია არ აძლევს, რადგანს კონსტიტუციის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე სწორედ იმ მოტივით, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამავდროულად, საფრანგეთის მოქალაქეა, კონსტიტუციის 29-ე 1/1 მუხლის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მაშინ სალომე ზურაბიშვილი და ასევე, არასამთავრობო სექტორი ცესკოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რადგან, მათი აზრით, არც "საარჩევნო კოდექსი" და არც კონსტიტუცია არ ითხოვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეს.
ამასთან, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი რედაქციის კონსტიტუციასთან ერთად, ძალაში შედის "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარადგენს დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.
სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამასთან, როგორც ცნობილია, "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და მხარი სწორედ სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს.
"ინტერპრესნიუსი"