თბილისში ბიზნესმენი დააკავეს - რას აცხადებენ შსს-ში?
სამართალდამცველებმა ბიზნესმენი გიორგი სოზაშვილი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ბიზნესმენი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
როგორც გიორგი სოზაშვილის მეუღლემ, ანი მურვანიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, მისი მეუღლე მაშინ დააკავეს, როდესაც საკუთარ მაქანასთან პირადი ნივთების ამოსაღებად მივიდა.
დაკავებამდე კი, გიორგი სოზაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ ის ელექტროენერგიას იპარავდა, რისი მეშვეობითაც ბიტკოინებს გამოიმუშავებდა. მისი თქმით, აქვს მტკიცებულებები, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს და მზად არის საზოგადოებას წარუდგინოს.
შეგახსენებთ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება "ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადების საფუძველზე დაიწყო და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა.