უზენაესი სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

უზენაესი სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს უზენაესი სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მთავარი პროკურატურისა და მსჯავრდებულის ადვოკატების საკასაციო საჩივრების წარმოებაში არ მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სასამართლო განმარტავს, საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს. სასამართლოს განცხადებით, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენით:

გიორგი მამალაძის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 18,108-ე მუხლზე (განზრახ მკვლელობის მომზადება).

გიორგი მამალაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორებისა და მსჯავრდებულ გიორგი მამალაძისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად. საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა“, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

1 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე არ მიიღო წარმოებაში დეკანოზ გიორგი მამალაძისა და პროკურატურის საჩივრები და პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ძალაში დატოვა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა. დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა.