"არასდროს მითქვამს, მე რატომ დამემართა, თუმცა ეს ავადმყოფობა დედას რომ არ ჰქონოდა, შეიძლებოდა, გავბოროტებულიყავი"
"თამარისგან არ მიგრძნია, რომ ჩემთან სიბრალულის გამოა..."
პარასპორტსმენმა დათო გიორგობიანმა 21 ივლისს თბილისის ზღვა გადაცურა - 4 კმ საათსა და 16 წუთში დაფარა და პარამოცურავეებს შორის ეროვნული რეკორდი დაამყარა. 23 წლის იყო, როდესაც ისრაელში გენეტიკური შარკო-მარი ტუტის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მას დედისგან მემკვიდრეობით გადაეცა და იწვევს კუნთების მოდუნებას, ენერგიის დაქვეითებას, კიდურების დეფორმაციას. ახალგაზრდა კაცი მდგომარეობას აქტიური სპორტით დაუპირისპირდა და უფრო გაძლიერდა. რეკორდის დამყარების მიზანიც სწორედ ის იყო, რომ სტიმული მიეცა ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოწვევებს ადვილად ნებდებიან და ფარ-ხმალს ყრიან. ეს დღე იმითაც იყო მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი, რომ შეყვარებულს - თამარ მაკალათიას ხელი პირდაპირ ზღვაში სთხოვა და თანხმობაც მიიღო, თუმცა ამ ყველაფერზე თავად დათო და თამარი გვიამბობენ.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"90-იან წლებში მოსკოვში უთხრეს, რომ იშვიათი დაავადება სჭირდა, მაგრამ ამ დიაგნოზს არ დავუჯერეთ და კვლავ გავაგრძელეთ რეაბილიტაციის კურსი - 5 წლის მანძილზე ქვიშის აბაზანების მისაღებად ურეკში დავდიოდით, რაც უფრო უარესი ყოფილა. ერთხელ დედას ცხელი წყალი გადაესხა და ფეხები დაეწვა, წელიწად-ნახევარი დასჭირდა გამოკეთებას. 6-7 წლის წინ კი სახლში წაიქცა და ფეხი მოიტეხა. მეც და მამასაც გვეგონა, ვეღარ ადგებოდა, მაგრამ ის ძალიან ბრძოლისუნარიანია. კვლავ წამოდგა და ახლა სახლში სკამის, ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება, გარეთ კი ეტლით..."
"დედას ძლიერი ნებისყოფა აქვს. ბავშვობაში არასდროს მაგრძნობინებდა, რომ რამე არ შეეძლო. მისმა სულისკვეთებამ განაპირობა ჩემი ბრძოლისუნარიანობაც. არასდროს მითქვამს, მე რატომ დამემართა? რა დავაშავე? სიცოცხლე აღარ მინდა და ა. შ. თუმცა ვაღიარებ, ეს ავადმყოფობა დედას რომ არ ჰქონოდა, შეიძლებოდა, გავბოროტებულიყავი და ჩემს გარემოცვაში ყველა დამედანაშაულებინა იმაში, რაც დამემართა..."
"20.000 ჩემთვის საკმაოდ დიდი თანხაა. თუ მოვახერხებ ამ თანხის მოძიებას, ვიქნები ძალიან ბედნიერი, რადგან ეტლში არ ჩავჯდები..."
"ვიცოდი, რომ ვუყვარდი, მაგრამ მაინც, ზედმეტად თავდაჯერებული არასდროს ვარ და რა ვიცოდი, რა მოხდებოდა? ზღვის გადაცურვაზე მეტად, თამარის პასუხზე ვნერვიულობდი... ძალიან მიყვარს ჩემი მშობლებიცა და ჩემი რჩეულიც. ამიტომ ეგოისტურად ვიტყვი, რომ ვინც მიყვარს, მინდა ყველა გვერდით მყავდეს. ვფიქრობ, გვექნება ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი..."
ამონარიდი ჟურნალ "გზის" ინტერვიუდან.
ნინო ჯავახიშვილი