ძველი თბილისის მილიონერთა სასახლეები
დღევანდელ თბილისში ისეთს ვერაფერს ნახავთ, რასაც ორი საუკუნის წინანდელ თბილისში ვერ ნახავდით: ჩადრიანი აღმოსავლეთით დაწყებული, ფრაკიანი ევროპელებით დამთავრებული, რომლებიც გაოცებული არიან ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე ქალაქის სილამაზით. თბილისს ათასნაირი უცხოელი არასოდეს აკლდა და ბევრმა დიდი ენერგიაც მოახმარა ამ ქალაქის აშენებას. არქიტექტორი ნოდარ სუმბაძე მერვე წელია, თბილისის ქუჩებში ფოტოაპარატით დადის და ძველთბილისურ სახლებს იღებს. ის ამ საყოველთაო და საშიშ ნგრევაში უძვირფასეს განძს ინახავს - ძველი თბილისის არქიტექტურულ სახეს.
- ამ უბრალო ფოტოაპარატმა ისეთი შენობები შემოინახა, რომლებიც აღარ არსებობს.
მქონია შემთხვევები, შენობა გადამიღია, ცოტა ხნის შემდეგ იმ ადგილას გამივლია და დანგრეული დამხვედრია. საუბედუროდ, ქართველებს ნგრევის დაუოკებელი სურვილი გვამოძრავებს, თორემ თუკი რამის აშენება გინდა, რაღა მაინცდამაინც ის უნდა დაანგრიო, რაც შენს აშენებულზე უკეთესია! სხვათა შორის, ძველი თბილისის მაშენებლებმა, რომლებიც, ძირითადად, არაქართველები იყვნენ, ახალი უბნის მშენებლობა თბილისის ისტორიული გალავნის გარეთ, სოლალაკში დაიწყეს და კიდეც აქციეს ისეთ ადგილად, რომელიც დღემდე ქალაქში ყველაზე მომხიბვლელ ადგილად ითვლება.
ქალაქის შენება XIX საუკუნეში დაიწყო, რაც რუსეთის იმპერიის იმ ამბიციამ განაპირობა, რომ ქალაქი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად გადაექციათ.
ვორონცოვმა პირველად დაგეგმა სოლოლაკის ქუჩები ამერიკული ავენიუების მსგავსად, სადაც პარალელურ ქუჩებს ვერტიკალური ქუჩები კვეთს. შემდეგ ახალფეხადგმულმა თბილისის ბურჟუაზიამ (რომელიც, ძირითადად, სომეხი იყო) ამ ქუჩებზე ააშენა თავიანთი სასახლეები XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნის 10-იანი წლების ჩათვლით. ძველ უბნებში კი უბრალო ხალხი ცხოვრობდა, - მუშები, რკინიგზელები...
- ანუ თბილისში XIX საუკუნის მილიონერების დასახლება გვქონია... - ასეც შეიძლება ითქვას. ამ ხალხს სახლების ასაშენებლად ევროპელი არქიტექტორები ჩამოჰყავდა, რომლებზეც ხელი იოლად მიუწვდებოდათ - თუკი პარიზიდან გამოწერილი კაბები თბილისში სამ დღეში ჩამოდიოდა, ცხადია, არც არქიტექტორებს უჭირდათ ჩამოსვლა. იყვნენ, რასაკვირველია, აქაური არქიტექტორებიც, მაგალითად, ტერ-მიქელოვი ან ოზეროვი და სხვები, მაგრამ მაშინდელი თბილისი ასევე ააშენეს: შტერნმა, შრეტერმა, ტატიშევმა, შემკევიჩმა და ა.შ.
სოლოლაკში აშენებულ ყველა სახლში გამოსჭვიოდა მილიონერების იდუმალი სურვილი, რომ მის სახლს მეზობლის სახლისთვის უსათუოდ ეჯობნა. ასე გაჩნდა მდიდრების დასახლებაში ერთიმეორეზე უკეთესი სასახლეები.
გამოხდა ხანი და ეს სილამაზე ბოლშევიკებმა ნაცარტუტად აქციეს. მათ ამ ბრწყინვალე სასახლეებში ჭრელი საზოგადოება შეასახლეს, ხოლო მეპატრონეებს თითო ოთახში დაასრულებინეს სიცოცხლე. არადა, მათგან ბევრი დიდი ქველმოქმედიც იყო. მათმა ქონებამ თბილისის საოცარი იერსახე შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ სახლებს ევროპელები აშენებდნენ, ამ სახლებში ვერც ერთს ვერ იპოვით სუფთა ევროპული სტილისას. Yყველა შენობა ევროპა-აზიის არქიტექტურის ნაზავია და საბოლოოდ ქმნის თბილისურ სახეს, რომლის სანახავად ათასობით ტურისტი ჩამოდის, თორემ თბილისზე მდიდარი და აღზევებული ქალაქი მსოფლიოში რამდენიც გინდათ, იმდენია. აAმის მიზეზი უბრალოა - თბილისის ბურჟუაზია, ამ მშენებლობების დამკვეთებიც გაორებული იყვნენ ევროპა-აზიას შორის. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, მათ ერთი მხრივ, ტივებზე აზიური ქეიფი მოსწონდათ და მეორე მხრივ, ევროპული ბოკალებიდან ღვინის სმა. სწორედ ამ სტილს უკვეთდნენ მშენებლებსაც - ნაზავს, რომელიც დღეს ასე გამოიყურება: ქუჩების მხრიდან პირქუში, ევროპული იერი, ეზოებში კი აზიური შუშაბანდები, რიკულებიანი აივნები და ხის კიბეები.
სხვათა შორის, ე.წ. საშემოსავლო სახლებიც ზუსტად ამავე სტილით შენდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მეპატრონეებს ისინი გაქირავებული ჰქონდათ.
- სასტუმროებზე ბრძანებთ? - არა, სასტუმროები სხვა იყო, საშემოსავლო სახლები კი - სხვა. ეს გახლდათ ბრწყინვალე სასახლეები.
თბილისში ასეთი სასახლეები უამრავი იყო, რომლებსაც ბოლშევიკებმა მოუღეს ბოლო. ეს მნგრეველი ხალხი რომ არა, თბილისში ბურჟუაზია ისეთი ტემპით ვითარდებოდა, აქ იმხელა ფული ტრიალებდა, დღეს ჩვენი ქალაქი მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების რიცხვში უნდა ყოფილიყო.
ამ ბოროტების მაგალითად სულ ქიქოძის ქუჩაზე მდებარე ვაჭარი ძმების, არკადი და არშაკ მაილოვების სასახლე მახსენდება, რომელსაც დღესაც აქვს დატანებული ამ ძმების ერთიანობის სიმბოლო. Eეს სახლი საცხოვრებლად კომუნისტების ელიტას მოეწონა და შიგ ფილიპე მახარაძეც შესახლდა.
- თქვენ ძველი თბილისის 550 სახლი გაქვთ გადაღებული, რომელთა პასპორტიზაციას აკეთებთ. გარდა ამისა, 1500 თბილისური აივანი და კარი, რომელთა საოცარი კოლაჟი შექმენით. ამავე დროს, ლექციებს კითხულობთ. ყველაფერს როგორ ასწრებთ? - როგორ და, ეს ჩემი ქალაქის წინაშე მოვალეობად მიმაჩნია. ის კი არა, სხვებსაც ვეხვეწები, თუ ფოტოაპარატით ვერა, მობილურით მაინც გადაიღონ ძველი თბილისის თითოეული დეტალი, რომელიც არავინ იცის, ხვალ იქნება თუ არა. ამ არქიტექტურულ შემკულობებს ისეთი იდუმალი ხიბლი აქვს, რომ ვერასოდეს დაივიწყებთ. სასახლის ფასადების შემკულობა, ორნამენტებიანი ხვეულები და მარმარილოს ფიგურები - ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია.
- მათ იდუმალებაში იქნებ ამ სახლების მფლობელების სევდაც არის, რომლებიც თავიანთი აშენებულიდან გაყარეს. - ალბათ. სხვათა შორის, ეს ადამიანები თბილისის უდიდესი პატრიოტები იყვნენ! ყოველი მათგანი მოწოდებული იყო, მისი აშენებულით თბილისი გაელამაზებინა, არათუ დაეუშნოებინა, როგორც დღეს ხდება.
ბევრისაგან განსხვავებით, არ ვგმობ დღევანდელ არქიტექტურას, მასაც საკუთარი ხიბლი აქვს, ისე, როგორც ყველა არქიტექტურულ მიმდინარეობას, მაგრამ ეს სილამაზეს არ უნდა ანადგურებდეს. უნდა მოიძებნოს ადგილები, რომელთაც თანამედროვე შენობები უმტკივნეულოდ შეერწყმება.
და კიდევ: დედაქალაქის გულშემატკივრებთან ჩემი თხოვნა უნდა გავიმეორო - გადაიღეთ თბილისი ყოველ ნაბიჯზე! იქნებ სწორედ თქვენი გადაღებული რომელიმე ფოტო ძველი თბილისის ამა თუ იმ უბნის თუ შენობის უკანასკნელ ისტორიულ კადრად იქცეს.
ეთერ ერაძე