დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებს, პრეზიდენტს წერილით მიმართოს - კვირის პალიტრა

დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებს, პრეზიდენტს წერილით მიმართოს

დეკანოზი გიორგი მამალაძე გეგმავს, რომ პრეზიდენტს წერილით მიმართოს და აუხსნას, თუ რა "გარემოებებს შეეწირა" ის.

ამის შესახებ დეკანოზმა შაბათის "კურიერის" ეთერში სატელეფონო საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ პრეზიდენტს აქვს ბერკეტი, დეტალურად გაეცნოს ამ საქმეს.

"პრეზიდენტს შეუძლია და აქვს უნიკალური ბერკეტი, საზოგადოებაზე მეტად, დეტალურად ჩაწვდეს ამ საქმეს. მას შეუძლია უფრო ღრმად და ძირფესვიანად შეისწავლოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ნათელს მოფენს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. რამდენად გაუძლებს ის იმ ზეწოლას, რასაც ვერ გაუძლო ნინო გვენეტაძემ და სხვა მოსამართლეებმა, ეს უკვე პრეზიდენტის პიროვნული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა გიორგი მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა.

საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.