"ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ გავერთობით მაინც"
28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, თუმცა უცნობია, მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების კანდიდატურებს ვის დაუპირისპირებს. რატომ ვერ შეარჩია ჯერაც ხელისუფლებამ საპრეზიდენტო კანდიდატი, "კვირის პალიტრა" ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
- ყველა კვლევა მოწმობს, რომ ქვეყანაში როგორც ელიტის, ისე ინდივიდუალური პოლიტიკური ფიგურის კრიზისია, ამომრჩეველს კი არც ფავორიტი პოლიტიკური პარტია ჰყავს და არც ავტორიტეტულ პიროვნებას ხედავს. ასეთ ვითარებაში არჩევნებში გადამწყვეტი "ქართული ოცნების" ადმინისტრაციული რესურსი იქნება, შესაბამისად, გუნდი ფავორიტს პარტიიდან დაასახელებს თუ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, არაფერს ცვლის. ახლა მხოლოდ იმაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო პრეზიდენტობა პოლიტიკურ ცხოვრებაში რას შეცვლის. ვფიქრობ, მისი გაპრეზიდენტება უფრო გაამხიარულებს პოლიტიკურ ცხოვრებას, გავერთობით მაინც. ის სპეციფიკური ადამიანია და არაერთ სიურპრიზს შესთავაზებს როგორც "ქართულ ოცნებას", ისე ქვეყანასაც.
ერთადერთ იმედს ის ფაქტი მაძლევს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები აქვს და ზურაბიშვილი თავისი ექსტრავაგანტური მოსაზრებებით ვერ შეძლებს ქვეყნის ბოლომდე თავზე ჩამომხობას.
- რაში სჭირდება მმართველ გუნდს ისეთი ფიგურა, რომლისგანაც პოლიტიკური სიურპრიზებია მოსალოდნელი? - "ქართულ ოცნებას" რომ სალომე ზურაბიშვილი არაფერში სჭირდება, ეს ნათლად ჩანს - პარტიაში ბევრი ხვდება, რამდენად დიდი თავსატეხი იქნება ის მათთვის, მაგრამ ხარკის გაღების მომხრეებიც არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის აპარატი ისედაც დაწყევლილი ინსტიტუციაა, არაფერი ეშველება და დათმობაზე წასვლა შესაძლოა ღირს კიდეც.
საპრეზიდენტო პოსტი დიდი ხანია მნიშვნელოვანია ზურაბიშვილისთვის. ჯერ კიდევ 2007 წელს, არჩევნებამდე, ლევან გაჩეჩილაძის გუნდს პრემიერ-მინისტრად დასახელება მოსთხოვა, 2013 წელს კი დაუფარავად თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ოცნებას" მისთვის დაეჭირა მხარი.
- "ქართული ოცნების" გზავნილებში ისიც იკითხება, რომ გუნდშიც ეძებს კანდიდატს. - ვერ გამოვრიცხავთ, "ქართულმა ოცნებამ" გაცხადებული პოზიცია, რომ მისთვის მისაღები დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერაა, ბოლო მომენტში შეცვალოს. ბიძინა ივანიშვილის საბოლოო პასუხი იქნება გადამწყვეტი.
- უსუფაშვილ-მარგველაშვილის ტანდემი წინასაარჩევნოდ ვერ შედგა და შესაძლოა უსუფაშვილმა ფსონი ალეკო ელისაშვილზე დადოს. რას შეცვლის საპრეზიდენტო მარათონში მისი გამოჩენა? - მხოლოდ მეორე ტურის ალბათობას გაზრდის, "ქართული ოცნების" კანდიდატის სრულფასოვანი კონკურენტი კი ის ვერ გახდება. შესაძლოა მეორე ადგილზე გასვლაც გაუჭირდეს. სამწუხაროდ, ამომრჩეველს ისევ ცუდსა და უარესს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება და გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტი ფინანსური რესურსი აქვს. გრიგოლ ვაშაძის კონკურენტი სახელისუფლებო კანდიდატი კი არა, "ევროპული საქართველო" იქნება - ორივე პარტია "ნაცმოძრაობის" ელექტორატის განაწილებისთვის იბრძვის. ბრძოლა ახლა ბოკერია-სააკაშვილს შორის მიმდინარეობს და არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. შეთანხმების მიუხედავად, ვაშაძემ უკვე გადადგა კიდეც პირველი ნაბიჯი "ევროპული საქართველოს" წინააღმდეგ და თქვა, ძალიან "ევროპულ საქართველოს" რომ უწოდებენ თავს, ყველა უბედურება მათი გაკეთებულიაო. თუმცა ამ ორთაბრძოლაში მგონია, მეორე ადგილი მაინც ვაშაძის იქნება.
რუსუდან შელია