"საზღვარგარეთ არ მიშვებენ რეაბილიტაციისთვის, იქნებ ურეკში მაინც წავიდე, მაგრამ რითი?!“
"როდესაც უარის მიზეზი ვკითხე, მიპასუხა: შენ გაქვს ძველი ტრამვა და არაფერი გეშველება, ის ფული აქ მოიტანე და მე გიმკურნალებო"
ვასილ სილაგაძეს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. რამდენიმე წლის წინ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, ჩვენი კოლეგის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ავტოკატასტროფამ, ჯერ საწოლს მიაჯაჭვა, ახლა კი დამოუკიდებლად, მაგრამ მაინც, გაჭირვებით ახერხებს გადაადგილებას. იმ საბედისწერო დღეს, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა, საქმე ამ დრომდე ბურუსითაა მოცული. უკვე წლებია, ცხოვრებისეულ სიძნელეებთან და სამართლისთვის ბრძოლამ დაღალა. ის ამ დრომდე ითხოვს გერმანიაში რეაბილიტაციის გავლას თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე თვის წინ პროტესტის ნიშნად დიდუბის პანთეონთან მოწყალებასაც ითხოვდა.
რეაბილიტაციის გავლა, გერმანიაში, ერთ-ერთ კლინიკაში უნდა, თუმცა ამ დრომდე საჭირო ფინანსების მოძიებას ამაოდ ცდილობს. როგორც თავად ამბობს, არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიას, თუმცა უშედეგოდ.
ვასილ სილაგაძე: "უკვე წლებია, უშედეგოდ ვითხოვ გერმანიაში რეაბილიტაციის გავლას. რატომ გერმანია? დიდი ხნის წინ გავიცანი აგვისტოს ომის დროს, მძიმედ დაჭრილი სამხედრო, გიორგი ძებისაშვილი, რომელმაც რეაბილიტაცია გერმანიაში გაიარა და ძალიან მალევე მან ყავარჯნის გარეშე გაიარა. მერე გერმანიის რამდენიმე კლინიკის შესახებ მოვიძიე ინფორმაცია და ყველაზე დაბალი ფასები რომელსაც ჰქონდა "ბაუერზე“ შევაჩერე არჩევანი. როცა მათ გადავუგზავნე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი საბუთები, დამპირდნენ 80%-იან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჯანდაცვის სამინისტროში, ჯერ კიდევ დავით სეერგეენკოს მინისტრობამდე რამდენჯერმე შევიტანე არაერთი განცხადება, ხან ფინანსური პრობლემა მოიმიზეზეს, ხან ბიუჯეტის დამტკიცება. ახლანდელი მინისტრის პერიოდში პირველად განცხადება შარშან შევიტანე. ორ კვირაში მომივიდა პასუხი, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო მთხოვდა ექიმი-ექსპერტის დასკვნას, სადაც ეწერებოდა, რომ მე ნამდვილად მესაჭიროებოდა საზღვარგარეთ, კონკრეტულად კი გერმანიაში რეაბილიტაციის გავლა. რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრო და მერია ერთობლივად დამიფინანსებდნენ სარეაბილიტაციო კურსებს. ექსპერტად დამინიშნეს, "ნიუ ჰოსპიტალის“ რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი თემურ მარღანია. ექიმ მარღანიასთან დაახლოებით ხუთი რეაბილიტაციის კურსი გავიარე, თუმცა უშედეგოდ. შარშან, როდესაც მარღანიას აღნიშნული ცნობის დაწერა მოვთხოვე, მან მითხრა, ასეთ ცნობას ვერ მოგცემო. როდესაც უარის მიზეზი ვკითხე, მიპასუხა: შენ გაქვს ძველი ტრავმა და არაფერი გეშველება, ის ფული აქ მოიტანე და მე გიმკურნალებო. იცით რას ვერ ვხდები? თუ არაფერი მეშველება, რატომ უნდა მივუტანო ფული მას, რისთვის უნდა გავიკეთო რეაბილიტაცია თუ უშედეგო იქნება?!
ერთადერთი ვინც მოვიდა ზაზა გაბუნია და მისი თანაშემწე იყვნენ. ზაზამ მითხრა, მე ვიღებ ჩემს თავზე და გავაკეთებ ყველაფერსო, მაგრამ მანაც ვერაფერი გააკეთა. მოვა სექტემბერი და კიდევ პარლამენტთან დავჯდები...
- რა საჭიროა ექსპერტის დასკვნა, როცა ვიზუალურადაც გამოხატულია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამაზე რა პასუხი აქვთ?
- ზაზა გაბუნიას სწორედ ეგ ვუთხარი, ხომ ხედავ რა მდგომარეობაში ვარ, რა საჭიროა ექსპერტის ცნობა-მეთქი, მაგრამ... ის კი არა, შარშან ურეკშიც ვერ წავედი. ახლა ხელ-ფეხი მისივდება და მიშავდება. ოთხი-ხუთი წელი ურეკში დავდიოდი... ძალიან მიშველა მაგნიტურმა ქვიშამ. სანამ იქ დავიწყებდი სიარულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შემეძლო. ახლა კი მხედავთ, რომ დამოუკიდებლად დავდივარ. შარშან უსახსრობის გამო ვერ წავედი. იქ, სადაც ჩავდივარ ხოლმე, მასაჟისტი ცოლ-ქმარი ცხოვრობს და ისინი მიკეთებენ მასაჟებს. წელსაც ძალიან მინდა იქ ჩასვლა, მაგრამ ამის ფინანსური სახსრები არ გამაჩნია. იმედი მაქვს კეთილი ადამიანების, რომლებიც მომცემენ საშუალებას, რომ წელს მაინც მოვახერხო და ურეკის გარეშე არ დავრჩე.
- რა თანხაა საჭირო?
- 950 ლარი, სადაც შედის ბინის, კვებისა და მგზავრობის საფასური. საზღვარგარეთ არ მიშვებენ რეაბილიტაციისთვის, იქნებ ურეკში მაინც წავიდე, მაგრამ რითი?!
ვასილ სილაგაძის დახმარების მსურველებმა, შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა შემდეგ ანგარიშზე GE81TB7102345063600014
მიმღები ვასილ სილაგაძე
თორნიკე ყაჯრიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)