თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე გზა ჩაინგრა
თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე გზის საფარი ჩაინგრა. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანია GWP-ში განუცხადეს, ასფალტის საფარის ჩანგრევა წყალარინების ქსელში ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ჯგუფი, რომელიც, აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს.
შემთხვევას გზის პირას მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი შეესწრო. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ასფალტის საფარის ჩავარდნას ძლიერი ხმაური მოჰყვა.
"ერთი-ორჯერ ხმაური გავიგე და შემდეგ, როცა შევხედე, თავისით ჩავარდა. ძლიერი ხმაური იყო. საბედნიეროდ, იმ მომენტში იმ მონაკვეთზე არც ერთი მანქანა არ გადაადგილდებოდა", - აღნიშნა მან.
ამჟამად, ჩიტაიას ქუჩაზე ჩანგრეული გზის ნაწილი გადაკეტილია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გართულებულია.