"სანამ მე არ დაგირეკავ, არ დამირეკოო, ღმერთს ვეხვეწებოდი, შინ მშვიდობით დამიბრუნე-მეთქი, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"სანამ მე არ დაგირეკავ, არ დამირეკოო, ღმერთს ვეხვეწებოდი, შინ მშვიდობით დამიბრუნე-მეთქი, მაგრამ..."

"ძნელია, როდესაც აცნობიერებ, რომ მეგობარი აღარ გყავს, შენ კი გადარჩი და მის ოჯახს უნდა მიუსამძიმრო..."

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის უთანასწორო ომიდან 10 წელი გავიდა... ეს იყო ომი, რომელმაც დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვი დატოვა. დატოვა ასევე უამრავი გმირი, რომლებმაც ხუთდღიან ომს თავი შესწირეს და ცოცხალი გმირები, რომლებიც ცხოვრებას ომის მოგონებებით განაგრძობენ...

ნინო ზაზაშვილი, III ქვეითი ბრიგადის სატანკო ბატალიონის კაპრალის, ალექსანდრე ზაზაშვილის მეუღლე იმ მძიმე დღეებს იგონებს...

- სანამ მე არ დაგირეკავ, არ დამირეკოო, მითხრა... ძალიან მიჭირდა მოთმენა, ვნერვიულობდი, ტელეფონს ხელიდან არ ვუშვებდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა... ომის დაწყებამდე, შვებულებას საკუთარ სოფელში, უდეში ატარებდა. 6 აგვისტოს გამოიძახეს, იმავე საღამოს დაბრუნდა ქუთაისში, მეორე დღეს კი ომში წავიდა. ოჯახის წევრებს პერიოდულად გვიკავშირდებოდა, მაგრამ ზარიდან ზარამდე დრო საოცრად ნელა გადიოდა და ღმერთს ვეხვეწებოდი, - შინ მშვიდობით დამიბრუნე-მეთქი... 9 აგვისტოს, რუსულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა... მეგობრებთან ერთად ბრძოლის ხაზიდან მანქანით გამოდიოდა, სარკეში დაუნახავს, ავტომანქანის უკან ბიჭები მორბოდნენ. მძღოლისთვის უთხოვია, - გააჩერე, ჩვენი ბიჭები მორბიანო... სანამ მოვიდოდნენ, მანქანიდან იარაღის ღვედის დასამოკლებლად გადასულა... ამ დროს ჩამოვარდა კასეტური ბომბი. ალიკასთან (ასე ეძახდნენ მას ახლობლები) ერთად ახალციხელი ბიჭები - ბესო აბესაძე, რამაზ ალავიძე და კიდევ ერთი - ირაკლი დაიჭრნენ... რამდენიმე დღის შემდეგ, ალიკას ცხედარი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამოვიცანით, - შუა თითზე დაბადების წელი ჰქონდა ამოტვიფრული, მკლავზე კი - ჯვარი. ამის შემდეგ, სამხედრო საქმე მე გავაგრძელე, - 2009 წელს ახალციხის ჯავშან-სატანკო სასწავლო ცენტრში დავიწყე მუშაობა. 2002 წლის 26 იანვარს გვქონდა ქორწილი მე და ალიკას, ზუსტად 7 წლის შემდეგ, 2009 წლის 26 იანვარს ჩავიცვი სამხედრო ფორმა და იმ წუთში გამახსენდა, რომ შვიდი წლის წინ, ამ დღეს საპატარძლო კაბა მეცვა. მაშინ შევპირდი ზაზას სულს, - ამ ფორმას, შენ რომ გეკადრება, ისე ვატარებ-მეთქი... საქართველოს ჰიმნი პირველად რომ იმღერეს, შეიარაღებულ ძალებთან ერთად მეც ვიდექი და მუხლები ისე მიკანკალებდა, კინაღამ წავიქეცი...

ორი შვილი დაგვრჩა, - საბა და ლუკა, ახლა უკვე დიდები არიან. იციან, რომ ალიკას ამბავს ძალიან განვიცდი და მამის შესახებ თითქმის არაფერს მეკითხებიან, ჭრილობები რომ არ განმიახლონ... მასთან გატარებული ყოველი დღე ბედნიერება იყო და არც მინდა, დამავიწყდეს. როგორც კი მარტო ვრჩები, ყველაფერს ვიხსენებ და დღიურში ვინიშნავ... ადრე ვამბობდი, - მე და შვილები როგორ არ შევებრალეთ, ნეტა გამოქცეულიყო, ახლა ცოცხალი მეყოლებოდა-მეთქი, მაგრამ როდესაც შეიარაღებულ ძალებში დავიწყე მუშაობა, ალიკას გავუგე, - ის მეომარი იყო და გამოქცევა კი სირცხვილი...

ნანა ცხადაძე, სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი:

- ვიცოდი, რომ სამხედრო ცხოვრება სამოქალაქოსგან სრულიად განსხვავდებოდა, თუმცა, ომის რეალობა მაინც სხვა იყო. მისმა სისასტიკემ ყველანაირი ილუზია დაანგრია... არადა, ომამდე სამშვიდობო მისიით ერაყში ვიყავი და იქაც არაერთი ხიფათი გადავიტანე... იქიდან ჩამოსვლის მერე, 7 თვე ცხინვალში, III სამშვიდობო ბატალიონის ექიმის მოვალეობას ვასრულებდი. იმის თქმა მინდა, რომ საომარი მოქმედებები ჩემთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ როდესაც ცხელ წერტილში ხვდები, შენ გარშემო უამრავი დაჭრილია, უბრალოდ გავიწყდება, რომ ქალი ხარ, საერთოდ ყველაფერი გავიწყდება, ერთი რამის გარდა, - უნდა უშველო და გადაარჩინო...

ცხინვალისკენ ოთხი სამხედრო ექიმი ვიყავით - ორი მამაკაცი და ორი ქალი. როდესაც გვითხრეს, ცხინვალში ერთი ექიმი წამოვიდესო, ერთმანეთს გადავხედეთ. ოთხივეს გვინდოდა წასვლა... ჩვენგან ერთ-ერთი მარტოხელა დედა იყო, მეორეს თვეების ბავშვი ელოდებოდა სახლში, მესამე კი დედისერთაა. ჩემს მშობლებს კი, ჩემ გარდა სამი შვილი ჰყავს. ასე რომ, წინა ხაზზე მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ კოლეგებმა მარტო არ გამიშვეს... დაჭრილ სამხედროებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა, მაგრამ ცხინვალში სრულიად სხვა სურათი დაგვხვდა: საველე პირობებში გვიწევდა მათი დახმარება და შემდეგ, დაჭრილი ბიჭების ზურგით გამოყვანა... გაგრძელება