"ქართველ მამაკაცებს შორის ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა და მომწონდა, იმას გავყევი ცოლად"
"კაცი შეიძლება კვაზიმოდოს ჰგავდეს, მაგრამ მაინც მაგარი ტიპი იყოს"
ცნობილია, რომ გემოვნებაზე არ დაობენ. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ჩვენი რესპონდენტების მონათხრობმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა: ისინი საოცრად ეშხიანი, მომხიბვლელი, წარმატებული ქალები არიან. რატომ არ მოსწონთ ასეთ ქალებს ლამაზი მამაკაცები და ვინ იყო მათი იდეალი ე.წ. თინეიჯერულ ასაკში? - ამ შეკითხვას ისინი გულახდილად პასუხობენ.
"ოდნავ უხეში, არასტანდარტული გარეგნობის მამაკაცები მომწონს"
ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:
- ჩემთვის გემოვნების იდეალი, ჩაცმულობით დაწყებული, მუსიკალური ნიჭითა და გემოვნებით დამთავრებული, ყოველთვის მაიკლ ჯექსონი იყო. გარდა იმისა, რომ მაგარი მუსიკოსი და ფენომენალური ადამიანი გახლდათ, კარგი გემოვნებაც ჰქონდა. ყოველთვის მომწონდა როგორ ეცვა ან როგორ მღეროდა. ჯექსონი ბრენდებს კი არ ერგებოდა, ბრენდები ერგებოდნენ მას. ძალიან მინდოდა ოდესმე მაინც გამეცნო, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გაცნობა კი არა, კონცერტზე დასწრებაც ვერ მოვახერხე...
ბავშვობაში ასევე ძალიან მომწონდა ლეონარდო დი კაპრიო, მაშინ მისი ბუმი იყო. "ტიტანიკისა" და "რომეო და ჯულიეტას" შემდეგ, მასზე ყველა გიჟდებოდა. ამჟამად მსახიობებს შორის ჟერარ ბატლერი მომწონს. საერთოდ, ცოტა უხეში, მამაკაცური გარეგნობის კაცები მესიმპათიურება. ალბათ ამის ბრალია, რომ ალენ დელონზე, რომელიც კაცის სილამაზის ეტალონი იყო, არასოდეს ვგიჟდებოდი. ბრედ პიტიც ხომ ძალიან სიმპათიურია და ტომ კრუზიც, მაგრამ სხვა გოგონებივით, არც მათზე ვგიჟდებოდი. მოკლედ, სტანდარტული სილამაზისა და გარეგნობის ხალხი არ მომწონს. ვინ მომწონდა და მომწონს ქართველებს შორის? - ვერავის გამოვყოფ, თუმცა ბაბუაჩემი - იმედა კახიანი ყოველთვის იყო ჩემთვის მამაკაცის იდეალი.
"ვფიქრობ, კაცს სილამაზე ნაკლებად სჭირდება"
ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:
- ჩემი თაობის გოგონებს შორის "ბითლზები" და მისი მომღერლები ყველაზე პოპულარულები იყვნენ, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ გარეგნობის დამსახურება. მეც პოლ მაკარტნი ან ჯონ ლენონი მარტო გარეგნულად კი არ მომწონდა, ნიჭის გამოც ვიყავი მათი ფანი. მათ პლაკატს ან პოსტერს თუ ვინმე გაჩუქებდა, ეს დიდი სიხარული იყო. არანაკლებ მომწონდა სტინგი და დღემდე მაქვს შენახული მისი პლაკატი, რომელიც ამერიკაში მაჩუქეს. წლების შემდეგ, როცა მის კონცერტზე მოვხვდი ბათუმში, საოცრად ბედნიერი ვიყავი; არც კი მჯეროდა, რომ ეს სინამდვილე იყო. ხშირ შემთხვევაში გოგონები თავიანთი კერპის თვისებებს ცხოვრების თანამგზავრში ეძებენ, რაც დიდი შეცდომაა: შეიძლება რაღაც სტერეოტიპი გქონდეს ჩამოყალიბებული, თუ როგორი იქნება შენი სიყვარული, როგორი ხასიათი ან მანერები უნდა ჰქონდეს მას, მაგრამ შეიძლება რადიკალურად განსხვავებული ადამიანი შეგიყვარდეს. სიყვარული და რაღაც სტერეოტიპები ისე შორსაა ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. შეიძლება გაგიჟებით შეგიყვარდეს ადამიანი, რომელიც საერთოდ არ შეეფერება იმას, რაც შენ მოგწონდა და გიყვარდა. ვფიქრობ, კაცს სილამაზე ნაკლებად სჭირდება, მთავარი მისი ხასიათი და მამაკაცური თვისებებია. გაგრძელება