რა ფიქციური სქემებით იმკვიდრებენ თავს სხვა ქვეყნის მოქალაქეები? - რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის გამკაცრება?
უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი იცვლება და მნიშვნელოვნად რთულდება. ცვლილებების შეტანა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში იგეგმება. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, დეპუტატებს გოჩა ენუქიძესა და ივლიანე წულაიას ეკუთვნით. დღეს მოქმედი კანონით, პირზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა მის მიერ არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის დაბანდების საფუძველზე, ან საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ცვლილებების თანახმად, ნებართვის მიღების საფუძველი გახდება ჩვენს ქვეყანაში 300 ათასი დოლარის ინვესტირება ან უძრავი ქონების ფლობა, რომლის ღირებულებაც 100 ათას აშშ დოლარს აღემატება. ამას გარდა, პროექტის მიხედვით, ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა, მანამდე ინვესტორმა ჯერ 5 წლის ვადით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უნდა მიიღოს. კანონპროექტის ავტორების აზრით, ბინადრობის მოწმობის მისაღებად კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც დღევანდელ რეალობაში და მიგრაციის არსებული დონის გათვალისწინებით რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე უფრო დაბალია. ეს კი, მათი შეფასებით, ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადად, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების) მასობრივ მიგრირებას.
ილია წულაია, საქართველოს პარლამენტის წევრი, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი: "ამ კანონპროექტის ინიცირება უპირველესად იმან განაპირობა, რომ ჩვენს ბინადრობის მოწმობას უფრო მეტი ფასი დავადოთ. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაცია მოახდინა, ჩვენთან ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ბინადრობის მოწმობით მარტივად იღებენ ევროკავშირის ქვეყნის ვიზას. შესაბამისად, გვინდა მეტი მოტივაცია გავუჩინოთ უცხოელს, რათა მეტი ჩადოს საქართველოში ბინადრობის მოწმობის მისაღებად და ეს არ იყოს ფიქციური პროცესი, რისი მაგალითები ახლა, სამწუხაროდ, ხშირად გვაქვს.
მაგალითად, თუ მოქმედი რედაქციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე იყიდდა საქართველოში, სულ ცოტა, 35 ათას დოლარად ღირებულ უძრავ ქონებას, მიიღებდა ბინადრობის მოწმობას, შემდეგ შეეძლო ეს ქონება გადაეფორმებინა თავისი მეგობრისთვის, მერე მასაც აეღო ბინადრობის მოწმობა და ა.შ. შესაბამისად, ამ გზით შესაძლებელი იყო, ფაქტობრივად, 10-15 ოჯახს ეს ერთი ბინა გამოეყენებინა ბინადრობის მოწმობის ასაღებად და არანაირი კონტროლის მექანიზმი კანონით არ იყო განსაზღვრული.