რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიარო სახლ "ნინოზე"? - კვირის პალიტრა

რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიარო სახლ "ნინოზე"?

სამშობიარო სახლ "ნინოს" დონის მინიჭებაზე უარი რამდენჯერმე ეთქვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურმა განმარტა, აღნიშნულ სამშობიარო სახლს მეორე დონე 2017 წლის პირველ დეკემბერს, პირობების გაუმჯობესების შემდეგ მიენიჭა.

"ყველა სამშობიარო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დონე აქვს მინიჭებული, შემოწმებულია. რაც შეეხება სამშობიარო სახლ "ნინოს", ბოლოს სამინისტრომ ეს დაწესებულება შეამოწმა 2017 წლის დეკემბერში, მაშინ როდესაც სამშობიარო სახლს დონე მიენიჭა. ამ დაწესებულებას რამდენჯერმე ეთქვა უარი დონის მინიჭებაზე, მაგრამ ამის შემდეგ მან გამოასწორა ის პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სამშობიარო დაწესებულება და საბოლოო ჯამში, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მიენიჭა მას დონე.

სპეციალურად შემუშავებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სამინისტრო მუდმივად ახორციელებს დედათა და ბავშვთა დაწესებულებების მონიტორინგს,“ - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ამჟამად სამშობიარო სახლ "ნინოს", სადაც მშობიარობის შედეგად 35 წლის ქალი გარდაიცვალა, მეორე დონე აქვს მინიჭებული, რაც გულისხმობს მაღალი დონის სამეანო მოვლას, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე რისკის მქონე ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევაში და ნეონატალურ მომსახურებას.

ვინ იყო 35 წლის ქალი, რომელიც გლდანის სამშობიარო სახლში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

"ინტერპრესნიუსი"