თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაციისთვის საბუთების მიღება დაიწყო
20 აგვისტოდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება დაიწყო.
როგორც თბილისის მერიიდან გვაცნობეს, საბუთების მიღების პროცესი 7 სექტემბრამდე გასტანს. დამატებითი რეგისტრაციისთვის კი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 7900 ადგილს დაამატებს.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება: 1. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები; 2. დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა); 3. ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები; 4. სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს); 5. იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი; 6. სხვა დანარჩენი განცხადებები.
ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. კერძოდ, ბავშვის დაბადების მოწმობა; რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება (ასევე, არასრუწლოვნის რეგისტრაციის ბარათი); სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.