წავედით მზესთან!
"წყალბადის მარაგი მზეზე ერთი პროცენტითაც რომ შემცირდეს, დედამიწაზე სიცოცხლის ხანაც დამთავრდება, ყველაფერი ყინულით დაიფარება, მაგრამ მანამდე მზეს 4-5 მილიარდი წელიწადი კიდევ აქვს..."
ამერიკის კოსმოსურ სააგენტო "ნასაში" ახლახან განხორციელდა მასშტაბური პროექტი - კოსმოსის ისტორიაში პირველად მზესთან ყველაზე ახლოს, დაახლოებით 11 მილიონი კმ მანძილზე მისაახლოებლად, დედამიწიდან გაემგზავრა ხომალდი "პარკერ სოლარ პრობი". ამით კოსმოსის კვლევის ფანტასტიკის ზღვარი კიდევ ერთხელ გადაილახა - მზის ექსტრემალური ტემპერატურისა და რადიაციის პირობებში "პარკერმა" უნდა შეძლოს, დედამიწას მიაწოდოს ინფორმაცია, რა ხდება მზეზე. ამასთან, სატელიტმა კოსმოსში წაიღო ჩიპზე ჩაწერილი უამრავი დედამიწელის სახელი. მათ შორის ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლის, დალი უბილავა დე გრააფის წყალობით, ქართველებიც არიან. ხომალდი მზეს მინიმალურ მანძილზე 2024 წლის 19 დეკემბერს მიუახლოვდება, მანამდე კი მის გავარვარებულ დისკოს 24-ჯერ შემოუვლის. მეცნიერების თქმით, ხომალდის მოწოდებული ინფორმაცია არა მხოლოდ მზის, მთელი სამყაროს შესწავლაში დაგვეხმარება. მზე კი, ეს მუდმივმოქმედი პერპეტუუმ-მობილე, ის საჩუქარია, რომლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იქნებოდა.
ასტროფიზიკოსი ვასილ კუხიანიძე რამდენიმე ათეული წელია, მზეს სწავლობს.
- სამყაროს ათასობით ვარსკვლავს შორის მზე ერთადერთია, რომელიც მარადიულად გვაწვდის იმ ენერგიას, რომლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა, ამიტომაც ადამიანი მას მუდამ აკვირდებოდა და სწავლობდა, რაშიც ხელს დედამიწის ატმოსფერო უშლიდა - დედამიწის "გარსი" საუკეთესო ტელესკოპების დროსაც ამახინჯებს კოსმოსის სურათს, "პარკერი" კი ატმოსფეროს გასცდება და მზესთან 11 მილიონ კილომეტრზე, ანუ 7-ჯერ უფრო ახლოს მივა, ვიდრე აქამდე რომელიმე თანამგზავრი მისულა. ცხადია, მისი მზიდან გამოგზავნილი მონაცემებიც უალტერნატივო იქნება. იმისთვის, რომ ასეთი მანძილიდან მზის რადიაციასა და ტემპერატურას გაუძლოს, "პარკერი" 14 სმ სისქის ნახშირბადის "ჯავშნით" არის დაფარული. "პარკერს" მზეზე ბევრი, დღემდე უცნობი მონაცემის შესწავლა მოუწევს, მზის ქარიშხლებით დაწყებული, მზის კორონიდან (გვირგვინი) ნივთიერების ცეცხლოვანი ამოფრქვევებით დამთავრებული. ისინი ხშირად იფრქვევა მზიდან კოსმოსში და დედამიწიდან გაგზავნილ რაკეტებსა თუ კავშირგაბმულობის თანამგზავრებს აზიანებს. მზის თანამგზავრი კი დედამიწაზე გადმოსცემს ინფორმაციას, გადმოფრქვეული კორონალური ნივთიერების ნაკადები რომელ თანამგზავრს რა მანძილით მიუახლოვდება. შესაბამისად, რისკის ზონაში მოხვედრილ კავშირგაბმულობის თანამგზავრებს დედამიწიდან მართავენ... თუმცა ზოგიერთი თანამგზავრი დამწვარი და განადგურებულია, არადა, ეს აპარატები ასტრონომიული თანხა ჯდება... ამასთან, დედამიწასაც ადგება ზარალი. მაგალითად, 1998 წელს კოსმოსში გადმოფრქვეულმა მატერიამ დედამიწაზე ელექტრომოწყობილობები ისე დააზიანა და გათიშა, რომ ერთდროულად 6 მილიონი ადამიანი დატოვა ელექტროენერგიის გარეშე... "პარკერი" კი სქელი "ჯავშნის" წყალობით რისკს თითქმის გამორიცხავს და უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვაწვდის... გარდა ამისა, "პარკერს" "ევალება", მოიპოვოს მონაცემები, თუ რა განაპირობებს მზეზე ე.წ. ტემპერატურული ნაპრალების გაჩენას, რაც მზის შემსწავლელი მეცნიერებისთვის ჯერჯერობით აუხსნელია. დღემდე ვერავინ ახსნა ისიც, რატომ არის მზის ზედაპირზე ტემპერატურა მუდმივად 6000 გრადუსი ცელსიუსი, როცა ის მზის გვირგვინში, ანუ ცეცხლოვან რკალში 1 000 000 გრადუსს აღწევს, არადა, პირიქით უნდა იყოს.
- "პარკერი", ალბათ, იმასაც შეისწავლის, როდის ამოიწურება მზის მთავარი საწვავი წყალბადი, რომლითაც ჩვენ გვათბობს. - წყალბადის მარაგი მზეზე ერთი პროცენტითაც რომ შემცირდეს, დედამიწაზე სიცოცხლის ხანაც დამთავრდება, ყველაფერი ყინულით დაიფარება, მაგრამ მანამდე მზეს 4-5 მილიარდი წელიწადი კიდევ აქვს. მერე კი, მილიონობით წლის განმავლობაში, მზის ბირთვი ჯუჯა თეთრ ვარსკვლავად იქცევა, მზის დანარჩენი ნაწილი კი პლანეტურ ნისლეულად, რომელიც კოსმოსში გაიფანტება.
- ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მზის დაბნელებას ყოველთვის ახლავს ცვლილებები დედამიწაზე, ზოგჯერ მიწისძვრაც კი. - ყოველთვის - არა, თუმცა, 1999 წელს მზის დაბნელებას თურქეთის მიწისძვრა დაემთხვა. ამ დროს ერთ სიბრტყეში განლაგდება დედამიწა, შემდეგ - მთვარე, მერე კი - მზე. ამ დროს მზე და მთვარე დედამიწას ერთობლივად და თანადროულად იზიდავს, რამაც, შესაძლოა, დედამიწაზე ცვლილებები გამოიწვიოს, თუმცა ეს ბუნებრივი მოვლენა დედამიწისთვის ადამიანის ნამოქმედარზე საშიში არ არის.
- და თანამგზავრების გახვრეტილი ოზონის შრე, საიდანაც მეტი ინტენსივობით შემოდის ულტრაიისფერი სხივები? - გახვრეტილი ოზონი ნამდვილად ზიანს გვაყენებს, მაგრამ არანაკლებ გვაზიანებს, მაგალითად, ცელოფანის გროვები, რომლებიც სიცოცხლეს ოკეანეებშიც ანადგურებს, ადამიანს კი დედამიწის გარდა სხვა სახლი არა აქვს. ბოლო დროს აღმოჩნდა ვარსკვლავები, რომლებზეც, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ამ ვარსკვლავებამდე ვერ მივალთ. მათგან უახლოესი ოთხი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ერთი სინათლის წელიწადი რომ გაიარო, 9,5 ტრილიონი კილომეტრი უნდა დაფარო, სინათლის სიჩქარით კი ნებისმიერი სხეულის მოძრაობა წარმოუდგენელია!
- ბევრი ამტკიცებს, რომ მზეზე ოქროს უდიდესი მარაგია. - არ არის გამორიცხული, ასეც იყოს, თუმცა, არა იმ ფორმით, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია - ზოდებად. ქიმიური ელემენტების უმრავლესობა ჯერ კოსმოსის სპექტრში აღმოჩნდა, მერე კი - დედამიწაზე. ადამიანიც ხომ კოსმოსის ნაწილია და ყველა იმ ქიმიურ ელემენტს შეიცავს, რომლებიც 13,7 მლრდ წლის წინ, დიდი აფეთქებისას კოსმოსში გაიფრქვა. ასე რომ, კოსმოსი ბევრ რამეს ინახავს...
ეთერ ერაძე