"თხუთმეტი წლისა მომიტაცა 10 წლით უფროსმა კაცმა... მამამ კი სახლში არ წამომიყვანა, ხალხს ვერ ვალაპარაკებო" - კვირის პალიტრა

"თხუთმეტი წლისა მომიტაცა 10 წლით უფროსმა კაცმა... მამამ კი სახლში არ წამომიყვანა, ხალხს ვერ ვალაპარაკებო"

ჩემ ირგვლივ უამრავი ქალია, რომელიც ქმარს საკუთარი ინიციატივით გაეყარა და სიმართლე გითხრათ, მათი გამტყუნება თითქმის არასოდეს მიფიქრია. რადგან უმიზეზოდ არც ერთი წამოსულა სახლიდან. ისიც გამიგია და ვეთანხმები, რომ ცალ-ცალკე ყველა მართალია და ქმრებსაც თავიანთი სიმართლე აქვთ ალბათ, მაგრამ მაინც არ შემიძლია მათი გამართლება, რადგან ბებიაჩემისგან გამიგონია: კარგ კაცს ცოლი არც "გაუფუჭდება" და არც ოჯახი დაენგრევაო. ჰოდა, დაკვირვებული ვარ, სადაც კაცი თავის სიმაღლეზეა და მართლა ჭკუით მართავს ოჯახს, იქ თითქმის არასოდეს წარმოიქმნება სერიოზული პრობლემა.

მარეხმა ცოტა ხნის წინ დაანგრია ოცდაათი წლის ოჯახი. მისი ამბავი თითქოს ჰგავს სხვა დანარჩენების ისტორიებს, მაგრამ მაინც განსხვავებულია თუნდაც იმით, რომ ის მხოლოდ ქმარს კი არა, შვილებსაც გაეყარა და სასამართლოს მოსთხოვა, რომ მხოლოდ ქმრისგან კი არა, არანაკლებ უმადური შვილებისგანაც დაეცვა:

- ეს სიმართლეა და მე ასე დავსაჯე ისინი. მინდა მიხვდნენ, რომ დედა არც მონაა და არც ის ადამიანი, რომლისგანაც ცალმხრივად უნდა მოითხოვო ყურადღება დ დაფასება.

საკუთარი ნებით არ გავთხოვილვარ. მომიტაცა კაცმა, რომელსაც არც კი ვიცნობდი და წესით, მაშინვე უნდა დაეპატიმრებინათ, რადგან ათი წლით იყო ჩემზე უფროსი და სკოლიდან გამიტაცა თხუთმეტი წლის გოგო. თუმცა, მამამ არ წამომიყვანა სახლში: ხალხს ვერ ვალაპარაკებო... ცოცხალი რომ იყოს, მასაც გავეყრებოდი და ჩემთვის შვილის დაძახებას ავუკრძალავდი. როგორ შეიძლება, თხუთმეტი წლის ბავშვზე ძალადობა შეარჩინო ვინმეს?!

ვერ გავბედე ურჩობა და თექვსმეტი წლისას მყავდა პირველი შვილი, ოცი წლისას - უკვე სამივე ვაჟი. მათ გამო სკოლაც ვეღარ დავამთავრე, თორემ ინსტიტუტზე ლაპარაკიც ზედმეტია. დამაყენა დედამთილმა "კუხნაში" - ესაა აწი შენი ინსტიტუტიო და მართლა ჩინებული მზარეული გავხდი მისი წყალობით, მაგრამ ეს ხომ არაა მხოლოდ ცხოვრება, მით უფრო, როცა უმადური ქმარ-შვილი გყავს და შენში დედას და სასურველ ქალს კი არა, მონას და მოსამსახურეს ხედავენ. ყველაფერი დროზე უნდა მოუწესრიგო და მიართვა, მადლობის თქმაც არ უნდათ: ცხოვრებაში სხვა არაფერი გიკეთებია და არც ოჯახის მოვლა გინდა საკუთარ თავზე აიღოო?! გაგრძელება