"შეშფოთებულები ვართ, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, როგორც ჩანს, შეჩერებულია"
"პალიტრანიუსმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:
- პირველ რიგში საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაზე გკითხავთ. წელს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ავირჩევთ. როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო კამპანიას საქართველოში და რას ფიქრობთ კანდიდატებზე?
- შეერთებული შტატების ინტერესი ყოველთვის იყო საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა და წლების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ თქვენს ქვეყანას, რათა შეექმნა ძლიერი საარჩევნო სისტემები. ბუნებრივია, რომ ჩვენ არ გვაქვს რაიმე პოზიცია კონკრეტული კანდიდატის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერ ორმხრივ ურთიერთობებს იმ პრეზიდენტთან, რომელicც არჩევნებში გაიმარჯვებს.
თუ საქართველოში ჩატარებულ ბოლო არჩევნებს და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო-ს შეფასებებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბოლო არჩევნები, ზოგადად, შეფასდა როგორც სამართლიანი და თავისუფალი, თუმცა რამდენიმე შეშფოთება გამოითქვა, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხითაც. კერძოდ, ეუთო-ს ანგარიშში აღინიშნა მთავრობის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც უნდა შეექმნა ისეთი გარემო, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტია თავისუფალი შეჯიბრის შესაძლებლობას მიიღებდა.
ასე რომ, ჩვენ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს განვიხილათ როგორც შესაძლებლობას ისევ და ისევ საქართველოსთვის, რათა მოახდინოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიმართ საკუთარი მზაობის დემონსტრირება.
- ამ ცოტა ხნის წინ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციამ საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბოლო კვირაში მთავრობის ინიციატივამ მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების აზრი კიდევ ერთხელ გაყო ორად. შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორ შეაფასებდით მარიხუანასთან დაკავშირებულ პროცესებს საქართველოში?
- რა თქმა უნდა, ვიცით რომ ეს საკითხი სადაო გახდა საქართველოში, მაგრამ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ინსტიტუტების მეშვეობით , თუ როგორ უნდა მოხდეს მარიხუანას გაყიდვის, მოხმარების ან ფლობის რეგულირება.
რაც შეეხება შეერთებული შტატების გამოცდილებას, ვიტყვი, რომ გარკვეულმა შტატებმა და მუნიციპალიტეტებმა სახალხო რეფერენდუმების ან საკანონმდებლო პროცესების გავლით მიიღეს გადაწყვეტილება, რათა მომხდარიყო მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზება ან ლეგალიზება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ განსაზღვრეს თუ როგორ უნდა მომხდარიყო მისი მოხმარების რეგულირება ან თუ როგორ უნდა დაეცვათ არასრულწლოვანები.
მიუხედავად ამისა, შეერთებულ შტატებში მარიხუანა რჩება არალეგალურ ნივთიერებად, რომელიც ფედერალურ დონეზე კონტროლს ექვემდებარება.
- საქართველოს მართლმსაჯულების მინდა გკითხოთ. დარწმუნებული ვარ გსმენიათ სარალიძის საქმესთან დაკავშირებით, მამის შესახებ, რომლის ვაჟიც რამდენიმე თვის წინ მოკლეს და იმ საპროტესტო აქციების თაობაზე, რომელიც ამ თემას მოჰყვა. ფიქრობთ, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში ხარვეზები არსებობს? საქართველოში არის აზრი, რომ სამართლის სისტემა არც ისე გამართულია, როგორც უნდა იყოს. როგორია თქვენი პოზიცია მართლმსაჯულების სისტემაზე საქართველოში?
- არ მსურს შერთებული შტატების მოსაზრება საქართველოს სასამართლოს რომელიმე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოვხატო, მაგრამ მსურს ამერიკის თანაგრძნობა გამოვთქვა იმ ოჯახების მიმართ, რომელთაც ვაჟები დაკარგეს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში.
უფრო ფართოდ თუ ვიტყვით, შეერთებულმა შტატებმა დიდი რესურსები გამოყო საქართველოში პროკურატურის საქმიანობის გაძლიერებასა და პროფესიული გაუმჯობესებისთვის და ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას.
რაც შეეხება მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემას, შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა, რათა საქართველოში უფრო დამოუკიდებელი სასამართლო შექმნილიყო. სასამართლოს რეფორმის პირველი, მეორე და მესამე ტალღის ფარგლებში უზარმაზარი პროგრესი მოხდა. საქართველო ახლა ემზადება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის გასატარებლად და შეშფოთებულები ვართ, რომ ამ მეოთხე რეფორმის ტალღა, როგორც ჩანს, შეჩერებულია. ამიტომაც მსურს მოვუწოდო პარლამენტს რათა იმუშავოს ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან და მხედველობაში მიიღოს საერთაშორისო ექსპერტების ხედვები, მათ შორის ჩვენიც, რომელთაც წვლილი შეიტანეს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში რეფორმების მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით და დააჩქაროს ეს პროცესი და დაასრულოს რეფორმების მეოთხე ტალღა.
დამოუკიდებელი სასამართლო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ნდობა გაუჩნდეს სასამართლო ინსტიტუტების მიმართ.
- 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლისთავთან დაკავშირებით შეგეკითხებით. ეს არის ომი, რომელიც გვემახსოვრება მომავალი წლების ან ათწლეულების განმავლობაში. ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დაიმუქრნენ "საშინელი კონფლიქტით“. საინტერესოა როგორ მოიქცევიან შეერთებული შტატები ან დასავლელი მოკავშირეები, თუკი რაიმე მოხდება და რუსეთი ძალას გამოიყენებს? საქართველო უარს არ იტყვის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე. თუ ვითარება დაიძაბება რა დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს შეერთბული შტატები?
- რაც შეეხება საქართველო რუსეთის ურთიერთობას და რუსეთის აგრესიას, პირველი, რისი აღნიშვნაც მინდა ისაა, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან და უზრუნველყოს საქართველოში არსებულ კონფლიქტის რეგიონებში ჰუმანიტარული და საერთაშორისო ხელმისაწვდომობა.
რაც შეეხება საქართველოს გზას ნატოსკენ, შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრებას ნატოში და გვჯერა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას, არც რუსეთს და არც რომელიმე სხვას, არ აქვს უფლება ვეტო დაადოს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას თუ რომელ ალიანსს ან რომელ პარტნიორს აირჩევს.
ამასთანავე, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან სამხედრო და თავდაცვის სფეროში, რათა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დავეხმაროთ ქვეყნის ტერიტორიული დაცვის უზრუნველსაყოფადშესაძლებლობების გამომუშავებაში.
- მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის მუქარა მუქარად რჩება და ის იშვიათად იხევს ხოლმე უკან. ამ მუქარამ პოლემიკა გამოიწვია არა მარტო საქართველოში, არამედ დასავლელ მოკავშირეებშიც. საქმე ის არის, რომ საქართველოში, ასევე დასავლეთში ექსპერტები და პოლიტკოსებიც აღნიშნავენ, რომ 2008 წელს საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარება არ იყო საკმარისი რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად და პასუხი დასავლელი მოკავშირეებისგან არ იყო ისეთი მტკიცე, როგორიც უნდა ყოფილიყო და როგორიც იყო უკრაინის შემთხვევაში. თუ ვითარება დაიძაბება, გამოიყენებენ შეერთებული შტატები და დასავლელი მოკავშირეები ძალას, რომ უკან დაახევინოს რუსეთს? - ჰიპოთეტურ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ შეერთებულმა შტატებმა, მხოლოდ USAID-ის საშუალებით, საქართველოს 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის დახმარება აღმოუჩინა; რამდენიმე მილიარდი დოლარი 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შემდეგ გამოიყო. საკმაოდ მაღალ დონეზე გრძელდება ეს თანამშრომლობა და მხარდაჭერა და სინამდვილეში ის მხოლოდ ძლიერდება. ასე რომ ძალიან საფუძვლიანად ვმუშაობთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი ტერიტორია.
- საქართველო არ აპირებს ნატო-ს ან ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმას. და მაინც, ათი წელი გავიდა ყველასთვის ცნობილი ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ითქვა, რომ საქართველო გახდებოდა ნატო-ს წევრი. ის ფაქტი, რომ ეს პროცესი დროში გაიწელა, ხომ არ გამოიწვევს ქართველ ხალხში გულგრილობის გაღვივებას დასავლური სტრუქტურების მიმართ? - კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრების მხარდაჭერას, ვიტყოდი, რომ ზაფხულშიბრიუსელში ჩატარებული ნატო-ს სამიტი საკმაოდ დადებითი შედეგით დასრულდა საქართველოსთვის. ყველა მოკავშირემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, ისევე როგორც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
როგორც ვიცით, ნატო-ში შემავალი ყველა მოკავშირე არ არის მზად ახლა საქართველოს გაწევრებისთვის, ასე რომ ჯერჯერობით არ ყოფილა გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის შეთვაზებაზე. მაგრამ ამასთანავე, საქართველო ნატოს განსაკუთრებით აქტიური პარტნიორია. სამიტზე მოკავშირეებმა მტკიცედ აღნიშნეს და დააფასეს საქართველოს წვლილი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში, როგორც ყველაზე დიდი კონტრიბუტორისა ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის.
შეგვიძლია ასევე შევხედოთ ძალიან მტკიცე პროგრესს, რომელიც საქართველომ განახორციელა ნატო-სთან მუშაობაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. ეს პაკეტი შეიცავს ყველაფერს, რაც აუცილებელია საქართველოსთვის, რომ მზად იყოს ნატო-ში გაწევრებისთვის.
ამასთანავე, შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობებით ასევე აძლიერებს და ავითარებს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობებს სხვადასხვა წვრთნების საშაუალებით, რომლთაც ყოველწლიურად ვატარებთ, ასევე უცხოური სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვით. სულ ბოლოს გადავეცით ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსები, "ჯაველინები"უცხოური სამხედრო დაფინანსების საშუალებით.
ასევე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით, რომელიც ახალი პროგრამაა და მიმართულია კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის გაზრდისკენ, ვეხმარებით საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი პარტნიორი, მომავალში კი უფრო ძლიერი მოკავშირე, რომელსაც უკეთ შეეძლება საკუთარი ქვეყნის დაცვა.
ამისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული. ეს ყველაფერი გაგრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ალიანსი სრულად არ იქნება მზად საქართველოს მისაღებად.
- მეც და ქართული საზოგადოებაც დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მტკიცეა და არ შეიცვლის პოზიციას. თუმცა, ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერი ეწვია საქართველოს და გააკეთა განცხადებები, რამაც ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა განოიწვია ნატო-ს საკითხთან დაკავშირებით. როგორც მერკელმა აღნიშნა, ტეროტირიული პრობლემების მოგვარებამდე საქართველო ვერ გახდება ნატო-ს წევრი. ეს მისი მყარი პოზიცია იყო. არიან სხვა ქვეყნები ან თუ არიან ისეთი ქვეყნები, რომელთაც არ სურთ საქართველოს ნატოში გაწევრიანება და შემდეგ, საკუთარი ხედვებიდან გამომდინარე დამატებით დაბრკოლებებს ქმნიან საქართველოსთვის? - ჩემი გადმოსახედიდან, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტს ძალიან დადებითად შევაფასებდი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისთვის. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ანგელა მერკელმა გამოხატა საკუთარი პოზიცია საქართველოს ნატო-ში დაუყოვნებლივ გაწევრებასთან დაკავშირებით არ აკნინებს იმ ფაქტს, რომ ნატოს სამიტზე ყველა მოკავშირემ, მათ შორის გერმანიამ და სხვა მოკავშირეება და პარტნიორებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ მხარს უჭერენ 2008 წლის გადაწყვეტილებას რომ საქართველო მომავალში გახდება ნატო-ს წევრი და რომ ნატო-ს კარი ღიაა.
იხილეთ ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი
ესაუბრა იოანე შაიშმელაშვილი