"გაოცებული ვიყავი თბილისში ვიზიტისას, ტაქსის მძღოლმაც კი ჩინებულად იცოდა, რას წარმოადგენდა ასოცირების ხელშეკრულება" - კვირის პალიტრა

"გაოცებული ვიყავი თბილისში ვიზიტისას, ტაქსის მძღოლმაც კი ჩინებულად იცოდა, რას წარმოადგენდა ასოცირების ხელშეკრულება"

გასული თვის ბოლოს ევროპარლამენტის საგარეო საკითხების კომიტეტმა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროგრესის პირველი ანგარიში წარადგინა. ლატვიელი მომხსენებლის, ანდრის მამიკინსის ანგარიში პოზიტიური ნოტებით გამოირჩეოდა - ევროპარლამენტარმა საქართველოსთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა, რამაც, თავის მხრივ, ჩვენი ოპოზიციის გულისწყრომა გამოიწვია - მათ მამიკინსი საქართველოს მთავრობისადმი ზედმეტ ლოიალურობასა და არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვაში დაადანაშაულეს. იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობს იგი ამ ბრალდებებზე და როგორი იქნება ევროკავშირის საბოლოო ანგარიში, "კვირის პალიტრა" ანდრის მამიკინსს ექსკლუზიურად ბრიუსელში ესაუბრა.

- თქვენს ანგარიშზე დაყრდნობით, რა არის საქართველოს მთავარი სისუსტე და ძლიერი მხარე ასოცირების შეთანხმების რეალობაში დანერგვის პროცესში?

- უპირველესად ჩემს კოლეგებს მინდა მადლობა ვუთხრა - ცხოველი დისკუსია გვქონდა და ანგარიშში უამრავი ცვლილება შევიტანეთ, მარტო მე პირადად 68 შესწორების ავტორი ვარ. მათი ნაწილი საქართველოში დემოკრატიის დეფიციტის აღმოფხვრისკენ არის მიმართული. საქართველოს მეგობრად ვთვლი თავს, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან კრიტიკული ვარ, რადგან მინდა თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს. ზემოხსენებული ცვლილებები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრომის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ საკითხებში ევროპის უმაღლეს სტანდარტებს დაეწიოთ. ამით საქართველო მხოლოდ წინ წავა, რაც საბოლოოდ მიგიყვანთ კიდეც ევროკავშირის წევრობამდე. ამისთვის, როგორც იცით, კოპენჰაგენის სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო - უპირველესად უნდა გქონდეთ ფუნქციონირებადი და კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა და ამ მხრივ საქართველოს ჯერ კიდევ შორი გზა აქვს გასავლელი, დანარჩენი ორი კრიტერიუმი კი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა-პატივისცემაა.

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს, და არა მთავრობას, ჰქონდეს ხელში დემოკრატიის მართვის სადავეები. ქართველები ყოველთვის პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ - გაოცებული ვიყავი თბილისში ვიზიტისას, ტაქსის მძღოლმაც კი ჩინებულად იცოდა, რას წარმოადგენდა ასოცირების ხელშეკრულება. ეს ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობით საქართველოს თითოეული მოქალაქეა დაინტერესებული.

- ოფიციალური ანგარიშის გარდა, ევროკავშირმა დაიქირავა დამოუკიდებელი ექსპერტი ნონა მიხელიძეც, რომელიც ბევრად კრიტიკულად აფასებს საქართველოში არსებულ მდგომარეობას. გაეცანით ამ ანგარიშს? - ეს ანგარიში ნამდვილად ბევრად კრიტიკული იყო და დაგვეხმარა არსებული სიტუაციის სხვა კუთხით დანახვაში. იმასაც ვიტყვი, რომ ქალბატონი მიხელიძის ანგარიშში გაშუქებული ზოგიერთი საკითხი ჩვენს ახლანდელ ანგარიშში შევიტანეთ. ყველა საკითხი, რომელთაც საქართველოსთვის მნიშვნელოვნად ვთვლით, დაფიქსირებული იქნება საბოლოო ანგარიშში.

- თქვენ თუ ეთანხმებით ამ ანგარიშს? იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი და ამ ანგარიშის ბევრი დასკვნა ურთიერთგამომრიცხავია?

- ეს დასკვნები ერთმანეთს ავსებს. საბოლოო განხილვა ოქტომბერში ან ნოემბრის დასაწყისში გაიმართება, მანამდე კი ყურადღებით ვუსმენთ და ვითვალისწინებთ ყველას აზრს: ექსპერტების, ოპოზიციის, თავისუფალი მედიისა და ასე შემდეგ.

- ოპოზიციის კრიტიკაზე მინდა გკითხოთ: აქცენტი გაკეთდა თქვენს არაოფიციალურ ვიზიტებზე სირიაში, ასადის რეჟიმთან. შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგი ვიზიტისას მათთან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხზეც ისაუბრებთ?

- მე ნამდვილად მქონდა ორი პრივატული ვიზიტი სირიაში 2016-2017 წლებში, და შევხვდი არა მხოლოდ ადგილობრივ მთავრობას, არამედ გაეროსა და არაბეთის ლიგის სპეციალურ დესპან სტაფან დე მისტურას, "წითელ ჯვარსა" და სხვა აქტორებს. რაც შეეხება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემას, მედიასთან ამას პირველად ვამბობ: ორჯერ დავურეკე და შევხვდი ბაშარ ასადის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ვთხოვე, ნუ აღიარებთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად, ეს საქართველოს რეგიონებია. ამას სჯობს სირიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა განავითაროთ-მეთქი. აი, ეს იყო ჩემი გზავნილი სირიის ადმინისტრაციისთვის. ვფიქრობ, ყველა დიპლომატიური არხი უნდა გამოვიყენოთ, რომ აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთი ოსეთი საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ნაწილებად იყვნენ აღიარებული.

ვაჟა თავბერიძე