"ყველა სერიული მკვლელი ბავშვობაში ცხოველებს აწამებდა"
"საშიშია ყველა ის პირი, რომელიც ცხოველზე ძალადობს"
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც არასრულწლოვანი გოგონა კატას აწამებს, ვიდეოს ავტორი კი თავადაა. ნანახმა საზოგადოება აღაშფოთა და გოგონამ სოციალური ქსელითვე საჯაროდ მოიხადა ბოდიში.
ამერიკული მრავალწლიანი კვლევა გვიჩვენებს, რომ ყველა სერიული მკვლელი ბავშვობაში ცხოველებს აწამებდა. ამ სტატიის მიზანი, რა თქმა უნდა, მოძალადე ბავშვებისთვის მკვლელის იარლიყის მიკერება არ არის, თუმცა საფრთხეები გასათვალისწინებელია. საქართველოში ცხოველების ჩაგვრის გახშირებული ფაქტების გამო თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახური კანონის გამკაცრებას გეგმავს.
16 წლის ბიჭი, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ, იხსენებს ეზოში მოსმენილ საზარელ ამბავს.
ზურა: "უბნელი ბიჭები ჰყვებოდნენ, რომ კატები სასაფლაოზე აჰყავთ ბოროტი ძალებისთვის შესაწირად. მიაჩნიათ, რომ სატანა ითხოვს ცხოველზე სპეციალური სიმბოლიკის გამოსახვას და ამის შემდეგ ცხოველის წამებით სიკვდილს".
თბილისელი კახიძეების ოჯახში მალე გორიდან თათებამპუტირებულ კატას მიიყვანენ. ამავე ოჯახში ბინა დაიდო ძაღლმა, რომელიც დასისხლიანებული იპოვეს.
ნინო ჯავახიშვილი: "მე არც რომელიმე ორგანიზაციის წევრი ვარ და არც ცხოველების დაცვა მევალება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. ახლა ჩვენ კანადური სფინქსის ჯიშის ოთხი კატა და ორი ძაღლი გვყავს. ჩემმა 10 წლის შვილმა უკვე იცის, რომ მათზე ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა. საუბედუროდ, ხშირად ვაწყდები ცხოველთა წამების ფაქტებს, ამის გამო ბევრჯერ კონფლიქტამდეც მივსულვარ. ახალი წლის წინაღამეს მაღაზიიდან გამოსულმა დავინახე, რომ 12-13 წლის ბავშვები ძაღლს ისე სცემდნენ, სულ დასისხლიანებული იყო. საცოდავად წკმუტუნებდა, მაგრამ გამვლელები გულგრილად მიდი-მოდიოდნენ. ვეტერინართან წავიყვანე, ვუმკურნალე და გადავარჩინე. ქუჩის ძაღლია, მაგრამ მალე შეეგუა სახლში ცხოვრებას. შემდეგ კვირას კიდევ ერთი კატა შეგვემატება. გორში ბავშვებმა აწამეს და ძვლები ისე დაუმსხვრიეს, უკანა თათები მოჰკვეთეს. ასეთი საზარელი ფაქტების იგნორირებით მშობლები თავადვე ზრდიან შვილებს სადისტებად".
ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახური კანონის გამკაცრებას გეგმავს. ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი კანონი ცხოველთა ჩაგვრისთვის 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვახტანგ ლომჯარია, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი: "ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს კანონის გამკაცრებას სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში _ ცვლილება პატიმრობით, ასევე ადმინისტრაციულ კოდექსში 104-ე და 172-ე მუხლების გამკაცრებას, რაც 100-დან 500 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს. არასრულწლოვანთა შემთხვევაში დაჯარიმდებიან მათი მშობლები ან სხვა კანონიერი წარმომადგენლები. განმეორების შემთხვევაში სასჯელი ორმაგდება.
ბოლო რამდენიმე თვეში თბილისში ცხოველთა წამების 7 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც სამი ცხოველის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ, რადგან დაზიანებული ჰქონდათ შინაგანი ორგანოები.
საშიშია ყველა ის პირი, რომელიც ცხოველზე ძალადობს.
აგრესორი ბავშვები იმ გარემოს შედეგია, სადაც ისინი იზრდებიან. როცა მოზარდები ანტისოციალურ ქცევას ავლენენ, თითოეულ ზრდასრულს ეკისრება პასუხისმგებლობა. ოჯახი, სკოლა, ეზო, გარშემო მყოფები, თითქოს გმობენ ძალადობას, მაგრამ ხშირად თვითონვე არიან ძალადობის წამხალისებლები".
რამდენად ესმით მშობლებს პრობლემის არსი და რა ზომებს იღებენ მის აღმოსაფხვრელად? ამ კითხვებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სოციალური მუშაკი თამთა ქათამაძე პასუხობს: "ძალადობრივი ქცევის შემთხვევებს 5-დან 15 წლამდე მოზარდებში ვაწყდებით. მომართვიანობა იმდენად გაზრდილია, რომ ბავშვებს რიგითობის პრინციპით ვეხმარებით. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვის სპეციალისტების რეკომენდაციებიც. გვქონია შემთხვევები, როცა ბავშვი ჩვენთან გადიოდა რეაბილიტაციას და პარალელურად ოჯახში მიმდინარეობდა მასზე ძალადობა. უმნიშვნელოვანესია სასწავლო დაწესებულებების ჩართულობაც. ერთ-ერთმა სკოლამ გამოგვიგზავნა ბულინგის მსხვერპლი ბავშვი. როდესაც დადასტურდა მასზე ძალადობა, გადავწყვიტე შევხვედროდი მოძალადე ბავშვს, მაგრამ ამის საჭიროება ვერ გაიგო სკოლის ადმინისტრაციამ. ჩვენს საზოგადოებაში ყურადღება უფრო ძალადობის მსხვერპლს ექცევა, ვიდრე მოძალადეს, მაშინ როცა ერთ მოძალადეს შეიძლება უამრავი მსხვერპლი ჰყავდეს. მოძალადეს ყველაზე ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს".
ფსიქოთერაპევტი ნინო საბიაშვილის აზრით, დამნაშავის ციხეში ჩასმა გამოსავალი არ არის: "პრობლემაა, როცა მოზარდს არ შეუძლია თანაგანცდის გამოვლინება. პირიქით, არის შემთხვევები, როცა სიამოვნებს წამება და მიყენებული ტკივილი მასზე სუსტისა და დაუცველისთვის. ამერიკაში კვლევებით დადასტურდა, რომ ყველა სერიული მკვლელი ბავშვობაში ძალადობდა ცხოველზე. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვენი ბავშვები აუცილებლად სერიული მკვლელები გახდებიან, მაგრამ საზოგადოებამ უნდა დაინახოს რისკის მასშტაბი. მსგავსი ფაქტების იგნორირება არ შეიძLლება.
დადგება დრო, როცა ცხოველზე ძალადობით გამოწვეული განცდა აღარ დააკმაყოფილებს მოძალადეს და ადამიანების წამებაზე გადავა.
ყველაზე მნიშვნელოვანი დროული რეაგირებაა და შემდგომ თერაპია, რათა თავიდან ავიცილოYთ სავალალო შედეგები".
თორნიკე ყაჯრიშვილი