"გვეუბენებიან, ვანო ენის, ხელობის და ა.შ. შემსწავლელ წრეებზე არ დადისო" - რას ამბობს მერაბიშვილის ბიძაშვილი ექსმინისტრის ჯანრთელობის მდგომარეობაზე?
რამდენიმე დღის წინ, შსს-ს ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ეს შესაძლოა მოწამვლას უკავშირდებოდეს. ამის საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილისთვის დასმული დიაგნოზი გაასაჯაროვა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი და ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთანავე, სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.
ნერვოლოგ გიორგი გეგელაშვილის განმარტებით, ჰორნერის სინდრომი, რა დიაგნოზიც ვანო მერაბიშვილს დაუსვეს, ბევრმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის კისრის სიმსივნემ, ინსულტმა ან უბრალოდ შაკიკმა. "ჰორნერის სინდრომი სიმპტომების ერთობლიობაა და ეს სიმპტომებია: ქუთუთოს ჩამოშვება, გუგის გაფართოება, ფერადი გარსის შეფერილობის ცვლილება და თვალის არასწორი დგომა. შესაძლოა ადამიანს ჰორნერის სინდრომი დაბადებიდან ჰქონდეს თანდაყოლილი, მაგრამ სიმპტომებმა თავი არასდროს იჩინოს. ჰორნერის სინდრომი შეიძლება ბევრმა დაავადებამ გამოიწვიოს, მათ შორის შეიძლება შაკიკის დროსაც განვითარდეს, მაგრამ შაკიკის დროს ტკივილთან ერთად გაივლის", - განაცხადა გიორგი გეგელაშვილმა სააგენტო "ინტერპრესნიუთან" საუბარში.
დაცვის მხარე აპირებს დოკუმენტაცია გადასცეს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სპეციალისტებს, რათა დადგინდეს, რისგან არის ჰორნერის სინდრომი გამოწვეული და ხომ არ აქვს ადგილი პატიმრის ხელოვნურ ინტოქსიკაციას.
გიორგი ჩივიაშვილი, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: - მერაბიშვილის მკურნალობა ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. როცა სასჯელაღსრულებამ პირველად გაიყვანა შესამოწმებლად, გვითხრეს, რომ მას უბრალოდ, თვალის ანთება ჰქონდა და დაიწყეს მისი მკურნალობა. ახლახან, როცა მესამედ გაიყვანეს, გვითხრეს, თვალის ანთება არ ყოფილა, ჰორნერის სინდრომიაო. სასუნთქ გზებთან დაკავშირებით პრობლემები რომ აქვს, ეს მაშინაც ითქვა და ახლაც. ჰორნერის სინდრომზე ვკითხეთ სპეციალისტებს და გვიპასუხეს, რომ ეს დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს თავის სიმსივნით, ფილტვის სიმსივნით, ხერხემლის ტვინის ანთებით და ა.შ. ჩამონათვალში ნათქვამია, რომ არაა გამორიცხული იყოს ინტოქსიკაციაც. არ ვამტკიცებ, რომ მოწამლულია, მაგრამ როცა ჩამონათვალში ესეც არის, ვითხოვ სწორ დიაგნოზირებას. როგორც ჩანს, ამ ორი თვის განმავლობაში ექიმებს რაღაც გამოეპარათ იმიტომ, რომ არ შეიძლება ორი თვე უმკურნალო და შედეგი არ ჰქონდეს - შეშუპება გრძელდებოდეს, თვალის კაკალი უფრო დაპატარავდეს და ახლა ვიგებდეთ, რომ თურმე ეს არის ჰორნერის სინდრომი. ანუ თავიანთ განცხადებასთან თვითონვე მოდიან წინააღმდეგობაში.
სტეფანე თუმანიშვილი, ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი:
- ბოლო ორი თვის განმავლობაში ვანოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ისინი გვეუბნებიან, რომ აქვს ჰორნერის სინდრომი და რინიტი, მაგრამ რითია გამოწვეული, პასუხი არ გვაქვს. ორი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ თვალზე და მერე სხვა დიაგნოზი დაუსვეს. ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, წესიერი გამოკვლევა ჩაუტარდეს, რაც მათი მოვალეობაა და დადგინდეს, დაავადების გამომწვევი მიზეზი. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ინტოქსიკაციაც იწვევს ამ დაავადებას.
- თქვენი აზრით, რატომ უნდა მოეწამლათ, ვის ინტერესებშია ვანო მერაბიშვილის მოწამლვა?
- თუ ეს დადგინდა, ამაზე უკვე მერე ვიმსჯელებთ. აქ მთავარი ისაა, რომ ადამიანი ამდენი წელია პატიმრობაშია, არის სამარტოო საკანში და მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის სამინისტრო და სახელმწიფო. თუ ინტოქსიკაცია დადგინდა, უკვე შემდგომი ნაბიჯია იმის კვლევა, ვინ და რატომ გააკეთა, ეს გამოძიების პრეროგატივა იქნება. ჩვენთვის, ახლობლებისთვის ამ ეტაპზე მთავარია ვანოს ჯანმრთელობა, რომ სწორად დაისვას დიაგნოზი და შესამაბისი მკურნალობა ჩაუტარდეს. ამას სერიოზული გამოკვლევა სჭირდება, არა ციხიდან 1 საათით გადაყვანა და უკან მობრუნება.
- თუ ნახეთ ბოლო დროს და როგორ გამოიყურება ბატონი ვანო, როგორ გრძნობს თავს? - როგორ უნდა იყოს სამარტოო საკანში? მას პატიმრობის 2020 წლის თებერვალში ეწურება, წესით, პირობით ვადამდე გათავისუფლებაც უნდა შეხებოდა, მაგრამ... ყველა პატიმარს ეხება პირობით ვადამდე გათავისუფლება, ვანო მერაბიშვილს რატომღაც - არა.
- მოტივს რით ხსნიან? - სამინისტრო ამაზე გვპასუხობს, რომ მოტივი თურმე ისაა, რომ ვანო წრეებზე არ დადის.
- რომელ წრეებზე? - რა ვიცი, პატიმრებისთვის განკუთვნილ აქტივობებში არ მონაწილეობსო, რაღაც ენის, ხელობის და ა.შ. შემსწავლელ წრეებზე უნდა იაროსო, ესაა მათი პასუხი. სად ივლის და რას ისწავლის, ეს კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტი და ასარჩევია, ეს მისი უფლებაა...
(სპეციალურად საიტისთვის)