კავკასიის მნიშვნელობა - კვირის პალიტრა

კავკასიის მნიშვნელობა

კავკასია უნიკალური რეგიონია - აქ ერთმანეთს ხვდებიან და გავლენისთვის იბრძვიან ზესახელმწიფოები. კავკასიის მთიანი გეოგრაფია განაპირობებს იმას, რომ სხვა ქვეყნებს ძალიან უჭირთ აქ სრული დომინირება და ადგილობრივი ხელისუფლების განადგურება.

რუსეთისთვის კავკასია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უძრავი ქონებაა. საქმე ის არის, რომ კავკასია რუსეთის სამხრეთ საზღვრებს იცავს ახლო აღმოსავლეთის ზესახელმწიფოებისგან, როგორებიც არიან ირანი, ერაყი, თურქეთი.

კავკასია იცავს ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო გზებს ევროპულ რუსეთსა და აღმოსავლეთ რუსეთს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კავკასიის მთებში ძლიერი გავლენის გარეშე რუსული ძალაუფლება მის სამხრეთ ტერიტორიებზე მეტად შესუსტებული იქნება.

რუსეთის გარდა, კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელსაც რეგიონში შორს მიმავალი ინტერესები აქვს, თურქეთია. მისი ტრადიციული მოკავშირე აზერბაიჯანი კავკასიის მეორე მხარესაა. ეს ნიშნავს, რომ თურქეთს, რომელსაც კავკასიაში თავისი გავლენის გამყარება სურს, უნდა დააცხროს კამათი სომხეთთან, ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა ანკარასა და ერევანს შორის მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. თუ თურქეთი კავკასიაში შესვლას მოახერხებს, ის კასპიის ზღვაზეც გავა, იქიდან კი ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

ირანი კიდევ ერთი ზესახელმწიფოა, რომელიც კავკასიით არის დაინტერესებული. კავკასია და კასპიის რეგიონი რუსეთთან ირანის შეჯახების ტრადიციული წერტილებია.

საბჭოთა ეპოქის დასრულების შემდეგ რეგიონში კიდევ ერთი მოთამაშე ჩნდება - აშშ. ვაშინგტონმა მტკიცე კავშირი ჯერ აზერბაიჯანთან დაამყარა, მერე კი საქართველოსთან.

საქმე ის არის, რომ ამჟამად უძრავი ქონების ამ პატარა მონაკვეთზე უამრავი მოთამაშე მოქმედებს. ერთდროულად ორი თამაში მიმდინარეობს. უმაღლეს დონეზე თამაშობენ მსხვილი სახელმწიფოები: აშშ, რუსეთი, თურქეთი და ირანი, შედარებით დაბალ დონეზე - რეგიონული აქტიორები. კერძოდ, აზერბაიჯანი სომხეთს მტრობს მთიანი ყარაბაღის გამო.

საქართველო რუსეთის გავლენას ებრძვის, ასევე არსებობს ჩრდილოეთ კავკასიის დინამიკა, სადაც ინგუშეთში, დაღესტანსა და ჩეჩნეთში კვლავ აქტიურად მოქმედებს ისლამური მეამბოხური მოძრაობა. ამ ორ სიბრტყეს აერთიანებს ის, რომ ლოკალური პრობლემები, ლოკალური ინტერესები კავკასიაზე გავლენისთვის მებრძოლ სხვადასხვა მოთამაშეს შორის აუცილებლად კონფლიქტამდე მივა. სწორედ ამიტომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვამახვილებთ კავკასიაზე, სადაც პატარა პრობლემაც კი შესაძლოა გლობალურ პრობლემად იქცეს.

"სტრატფორი", აშშ