"ირაკლის რაც დედა გარდაეცვალა, მარტო დარჩა" - ლია მუხაშავრიამ 8 წლის ბიჭუნა იშვილა
რამდენიმე დღის წინ იურისტმა ლია მუხაშავრიამ სოციალური ქსელით მეგობრებს შეატყობინა, რომ პატარა ბიჭუნა იშვილა და ამით ძალიან ბედნიერია. მისი სიხარული ბევრმა ადამიანმა გულწრფელად გაიზიარა. საზოგადოებამ იცის, რომ ცნობილი იურისტი უკვე რამდენიმე წელია, საცხოვრებლად თბილისიდან ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში გადავიდა. იურისტობის პარალელურად, იქ სოფლის მეურნეობასაც მიჰყო ხელი. ლანჩხუთის ცენტრში თხილის საამქრო გახსნა და კარდაკარ სიარულით, კოოპერატივიც ჩამოაყალიბა. არც ფიზიკურ შრომას თაკილობს, თავისი ხელით მოჰყავს ნატურალური პროდუქტები...
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"ახლა მეორე შვილი მყავს, ირაკლი და ძალიან ბედნიერი ვარ. ირაკლი სექტემბერში 8 წლის გახდა. ბავშვის მშვილებელთა რიგს 2009 წელს შევუერთდი და იმდენი ხანია ველოდები, თითქმის დამავიწყდა რეგისტრაციის დრო. გაირკვა, რომ თურმე, 2009 წლის ივლისში დავმდგარვარ აღრიცხვაზე და სწორედ წელს, ივლისში მივიღე პირველად შემოთავაზება. მითხრეს, რომ იყო გასაშვილებელი ბიჭუნა. ბევრი არ მიჭოჭმანია, ამეყვანა თუ არა. ძალიან კარგად მესმის, თუ გინდა პატარა იშვილო, ასეთი შემოთავაზება ერთზე მეტი, შეიძლება აღარც გქონდეს..."
"ირაკლი ორი წელი რუსთავში, მინდობით აღზრდაში იყო მას შემდეგ, რაც დედა გარდაეცვალა და მარტო დარჩა. ბებია და ბაბუა გარდაცვლილია. ახლობლებიც არ ჰყავდა და ამიტომ გადაწყდა მისი გაშვილება. რუსთავიდან ზაფხულში წამოვიყვანე. სასურველი იყო, ადაპტაცია ზაფხულში მომხდარიყო, რომ მერე სკოლაში არ გასჭირვებოდა. ირაკლიზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სოფელმა. აქვს დიდი ეზო, სახლი, ჰყავს შინაური ფრინველები, ცხოველები, ძაღლები ძალიან უყვარს. მას აქვს მეტი თავისუფლება და სივრცე, რაც მოეწონა..."
"ჩემი გოგონა უკვე 24 წლისაა და თბილისშია, დამოუკიდებლად ცხოვრობს და მუშაობს. აქ კი მე და ირაკლი ერთად ვიქნებით, ერთად გავუძღვებით მეურნეობას. გარდა ამისა, მექნება შესაძლებლობა, კარგი განათლება მივცე, ხელი შევუწყო და უკეთესი ცხოვრება ჰქონდეს. სერიოზულად ვფიქრობ, მერე მას ჩავაბარო ჩემი მეურნეობა. კოოპერატივის წევრიც ვარ. თუ გამოვა კარგი აგრონომი, ეს არაჩვეულებრივი იქნება ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც..."
"როცა მოაქვს ფოსტას წერილი, წინასწარ მირეკავენ და ფოსტის წარმომადგენელს ჭიშკართან ვხვდები, რომ ხელწერილით ჩავიბარო წერილები. ეს რომ ირაკლიმ ნახა, მკითხა, - ეს რა არისო? - წერილია, გამომიგზავნეს სტრასბურგიდან, ახლა დავწერ პასუხს და გავაგზავნი უკან-მეთქი. პირველად გაიგო ფოსტის არსებობა და მკითხა, - შეიძლება, რომ მე ნანა დეიდას გავუგზავნო წერილიო? რუსთავში იმ ოჯახში მოისურვა წერილის გაგზავნა, სადაც მინდობით აღზრდაში იყო..." იხილეთ სრულად
თეა ხურცილავა