"მთელი ოჯახი - ოთხი ადამიანი ერთდროულად იხრჩობოდა. სამი მაშველი შევედით..." - 23 წლის მაშველის ფათერაკიანი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"მთელი ოჯახი - ოთხი ადამიანი ერთდროულად იხრჩობოდა. სამი მაშველი შევედით..." - 23 წლის მაშველის ფათერაკიანი ცხოვრება

ცდილობს, დრო რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოიყენოს. საკმაოდ სახიფათო პროფესიის კვალდაკვალ, სპორტითაც არის გატაცებული და თავისუფალ დროს, რომელიც თითქმის არა აქვს, ხეზე მუშაობს...  სამივე საქმე ბავშვობიდან მიყვარს და ვერც ერთს ვერ შეველიეო,  მითხრა.

23 წლის დათო ჭიტაძის ნამუშევრები ინტერნეტში ვნახე და შემდეგ გავიგე, რომ საჩხერის სამაშველო სამსახურში მეხანძრე-მაშველად მუშაობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"მამაც მეხანძრეა, ოღონდ გერმანიაში მუშაობდა და მისგანაც ბევრი რამ მსმენია ამ პროფესიაზე... როცა ცეცხლს ებრძვი, ამ დროს შიში გავიწყდება... საერთოდ, როდესაც გამოძახებაზე მივდივართ, შიშსა და ადამიანურ ემოციებს ვივიწყებთ... ხანდახან სახალისო გამოძახებებიც არის,  ბუჩქს ცეცხლი უკიდია ან ტერასაზე ძაღლი ავიდა და ვერ ჩამოგვყავსო..."

დათო ჭიტაძე კოლეგა მეხანძრე-მაშველებთან ერთად

"5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული. იმდენად დიდი ცეცხლი იყო, რომ ჭიათურიდან საჩხერეში ორი მანქანით გამოგვიძახეს. ასეთი ხანძარი პირველად ვნახე. ცეცხლი უკანა მხრიდან იყო გაჩენილი... საშინელი სანახავი იყო. ასეთ დროს, პირველად ადამიანების ევაკუაცია ხდება. ჭიათურის სახანძროს მაშველებს თითქმის ყველა ადამიანი გამოყვანილი ჰყავდათ, მხოლოდ ერთი ქალი იყო დარჩენილი... ძალიან ძლიერი ცეცხლი იყო, ყოველ წამს იმატებდა და ძლიერდებოდა..."

"ზღვაზე მაშველადაც ვმუშაობ... ერთ დღეს, ოთხი ადამიანი ერთდროულად იხრჩობოდა. სამი მაშველი შევედით, სომხები ყოფილან და მთელი ოჯახი, ცოლ-ქმარი და შვილები ერთად შესულან. ერთი მაშველი ქალის გადასარჩენად წავიდა, მეორე  მამაკაცის და მე ბავშვები შემრჩნენ. რაღა ბავშვები  12-13 წლის ბიჭები იყვნენ. ასეთ დროს, ინსტინქტურად გეპოტინებიან და გაყვინთვინებენ, ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია. ამ დროს ახლოს არ უნდა მიხვიდე, მაგრამ ბავშვები იყვნენ და თანაც  ორნი..."

თუ როგორ გადაარჩინეს მთელი ოჯახი მაშველებმა, წაიკითხეთ სრულად  ჟურნალ "გზის" 27 სექტემბრის ნომერში.

იხილეთ ასევე: "თითქმის გაყინულ ცოლ-ქმარს სულზე მივუსწარით"

ლალი პაპასკირი