საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს ასამბლეის მონაწილეებს ქართულად მიმართა - რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება მამუკა ბახტაძემ? - კვირის პალიტრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს ასამბლეის მონაწილეებს ქართულად მიმართა - რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება მამუკა ბახტაძემ?

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ გამოვდივარ გენერალური ასამბლეის წინაშე და მოგმართავთ ჩემს მშობლიურ, ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და განუყოფელი ნაწილია", - ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა 27 სექტემბერზე, რომელიც საქართველოს ისტორიაში მძიმე და ტკივილით აღსავსე თარიღია. "დღეს 27 სექტემბერია, უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღი ჩემი ქვეყნის ისტორიაში. 25 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია, რაც უმძიმეს გამოწვევად იქცა საქართველოს ახლად აღდგენილი სახელმწიფოებრიობისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა საუკუნოვან საერთო ისტორიულ წარსულზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მომავალს საფუძვლად უნდა დაედოს და ეს მშვიდობასა და კეთილდღეობას მოიტანს.

"საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას და უზრუნველყოს თავისი ყველა მოქალაქის უფლება და ჩვენ ამას შეუქცევადად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ. თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა, იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა. მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებით და შესაძლებლობებით მივაღწევთ წარმატებას და კეთილდღეობას. მინდა იცოდეთ, მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია ჩვენი მომავალი. აქვე, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების საშუალება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მიღწევა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შედეგია.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დინამიკური და ყოვლისმომცველი გახდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები.

"საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა, იგი გახლავთ ალიანსის "გაზრდილი შესაძლებლობების პარტნიორი" და ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატოს მისიაში, რითაც თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურაში",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის 21-ე საუკუნეში ყველასთვის საერთო მტერია.

"ამ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო იდგა და ყოველთვის იდგება საერთაშორისო საზოგადოების გვერდით. სამწუხაროდ, მრავალი რჩეული ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა ამ გლობალურ ბრძოლას. ყველა ვთანხმდებით, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობის გაზიარებით არის შესაძლებელი, ისევე როგორც მისი პრევენცია და მასზე ადეკვატური რეაგირება. მე მჯერა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ ამ საერთო გამოწვევას", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოში მედიის თავისუფლებაზეც ვრცლად ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2018 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესა.

"ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. განსაკუთრებული მიღწევები გვაქვს ინტერნეტის თავისუფლების კუთხით. დემოკრატიის მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას განმსაზღვრელი როლი აქვს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, მით უფრო ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, ქვეყნის ჰარმონიულად განვითარება შეუძლებელია. ჩვენი სურვილია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ბახტაძის სრული გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე