"ერთხელ რიგში ღამე გავათენე. ორი პური ავიღე და ვიღაცამ სცადა წაერთმია - ერთი მივეცი" - ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ბავშვებს უფასოდ ავარჯიშებს - კვირის პალიტრა

"ერთხელ რიგში ღამე გავათენე. ორი პური ავიღე და ვიღაცამ სცადა წაერთმია - ერთი მივეცი" - ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ბავშვებს უფასოდ ავარჯიშებს

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ლისის ტბისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე რევაზ მინდორაშვილმა სავარჯიშო დარბაზი გახსნა. ალბათ არავის სჭირდება მისი ტიტულების შეხსენება, თუმცა მოკლედ მაინც გეტყვით, ის 2008 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ყველა სინჯის მედლის მფლობელია, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. ის გახლდათ საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიც.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ეს ტერიტორია 2012-2013 წლებში შევიძინე. ტბასთან ახლოსაა, სუფთა ჰაერია. აქვე მოედინება ცხელი გოგირდის წყლები და სავარჯიშო დარბაზისთვის კარგი პირობებია. თავიდანვე ეს ჩანაფიქრი მქონდა, ანუ მინდოდა სავარჯიშო დარბაზი ამეგო ბავშვებისათვის. პროექტი ჩემია, მაგრამ შემდეგ არქიტექტორი ავიყვანე, რომ ყველა დეტალი გაეთვალა. ერთ დარბაზში ფიზიკური მომზადებისთვის საჭირო ყველა ტრენაჟორია, ხოლო მეორე სართულზე, დიდი დარბაზში ორი ლეიბია. აქვეა აბანო და საუნა - გოგირდის აუზით..." რევაზ მინდორაშვილი

"- თავად, 90-იან წლებში რთულ პერიოდში მოგიწიათ ვარჯიშმა და შემდეგ უკვე პირველი გამარჯვებების მოპოვებამ. ის პერიოდი და მდგომარეობა იყო ერთ-ერთი მოტივაცია და გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ თქვენ ბავშვებზე ამგვარად გეზრუნათ?

- მართლაც, რთული დრო გახლდათ - ხან წყალი არ იყო, ხან გაზი, არც ტრანსპორტი დადიოდა. საჭმელიც არ გვქონდა. პურის საყიდლად რიგში საათობით უნდა დამდგარიყავი და ან შეგხვდებოდა, ან არა. შეიძლება ვიღაც მხედრიონელიც მოსულიყო, ესროლა და წაერთმია ის პური. ერთხელ რიგში მთელი ღამე გავათენე. ორი პური ავიღე და რიგიდან რომ გამოვედი, ვიღაცამ სცადა წაერთმია... ერთი მივეცი..."

"მსურველებს 7-8 წლიდან მივიღებთ. ამ ეტაპზე ერთი გოგონაც გვყავს და ელოდება, როდის მოვა სხვა გოგოც (იღიმის)..."

"- არაერთი გამარჯვება გქონდათ, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თქვენი ოლიმპიური ჩემპიონობა საზოგადოებისთვის დაუვიწყარი გახლდათ. პირადად თქვენთვის, რა იყო ის დღეები და როგორ იხსენებთ მას 10 წლის შემდეგ?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი და განვიცდიდი. საქართველოდან რომ წავედით, ომი უკვე დაწყებული იყო და ეს ფაქტი ჩვენზე მოქმედებდა. ამავდროულად, დიდი შემართება მქონდა იმისათვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. ვგრძნობდი, ქვეყანას ჩემი გამარჯვება სჭირდებოდა. მაქსიმალურად მოვინდომეთ და შედეგიც მივიღეთ. ემოციის გარეშე იმ დღეების გახსენება დღესაც მიჭირს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 27 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ

ანა კალანდაძე