"უნდა დავივიწყოთ მიდგომა, რომ მტრისთვის ვმღერით, ვცეკვავთ..." - ქართველი ქალი, რომელიც რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ქართული ემიგრაციული დაჯგუფებების უმეტესობა უმოქმედოა. არსებობს გამონაკლისი დიასპორული ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ახერხებენ ისეთი საკითხების მოგვარებას, რომელიც უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობისათვის როგორც იდენტობის შესანარჩუნებლად, ასევე, სხვადასხვა ასპექტითაც. "ბერლინის ქართული სახლი" გამორჩეული ორგანიზაციაა, რომელიც საზღვარგარეთ გაბნეული ქართველებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ქმედითი ხერხებით აგვარებს. "ქართული სახლის" დამფუძნებელ თამარ შალამბერიძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- დიასპორული ორგანიზაციები, უმეტესად, ემიგრანტთა შვილების "ქართველურად" განათლებას ირჩევენ პრიორიტეტად...
- ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც. "ქართული სახლის" ინიციატივით, 2008 წლიდან ბერლინში წარმატებულად ფუნქციონირებს საზაფხულო და საკვირაო სკოლები. ემიგრანტების შვილებმა არ უნდა დაივიწყონ თავიანთი ენა, ისტორია, კულტურა... სხვათა შორის, ბერლინის "ქართული სახლი" 2007 წლის 27 ოქტომბერს დაფუძნდა, ბერლინში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისა და სტუდენტების ერთობლივი ინიციატივით. 2013 წლის მარტიდან "ბერლინის ქართული სახლი" ქალაქ ბერლინის შარლოტენბურგის რაიონული გამგეობის საინტეგრაციო ცენტრის პარტნიორია, გარდა ამისა, 2010 წლიდან თანამშრომლობს ქალაქ ბერლინის სენატთან და ამ ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. 2018 წლის მარტიდან "ბერლინის ქართული სახლი" გახდა საერთაშორისო დიასპორული ორგანიზაციების ბერლინის სათავო ორგანიზაციის Move GLOBAL e.V-ის გამგეობის წევრი. ჩვენი რეიტინგულობა დაფუძნებულია სწორად გაწერილ სამოქმედო გეგმაზე.
- "ქართული სახლში" არსებობს სახალხო დიპლომატიის თემატური ჯგუფი. კონკრეტულად, რას საქმიანობს აღნიშნული ჯგუფი?
- ჩვენი თემატური ჯგუფის დღევანდელი თემა მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვის დამატებითი იმპულსების შესაქმნელად, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ნაციონალური პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა და ხელს უწყობს არსებული კულტურული და მრავალეროვანი მსოფლიოს ხალხების ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას. საბჭოთა პერიოდის დროს, ხალხთა შორის საერთაშორისო ურთიერთობები, ფაქტობრივად, შეზღუდული და გაყინული იყო ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო. იმ დროში მხოლოდ რაციონალური, "ცივი" და ხისტი პოლიტიკა არსებობდა. ახლა კი გაჩნდა საჭიროება ასეთი ურთიერთობების გაფართოება-გაღრმავებისთვის, რისთვისაც აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, სხვადასხვა საშუალებითა და ხერხით. დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობა თავისთავად მოიაზრებს ადამიანურ კონტაქტებსა და კეთილგანწობილ ურთიერთობებს ნებისმიერი ერის, ფერის, რელიგიის, ორიენტაციის ადამიანებთან. ეს მაძლევს უფლებას განვაცხადო, რომ სახალხო დიპლომატიაში დიასპორული საზოგადოების პოტენციალი დღემდე არ არის ბოლომდე ათვისებული და რეალიზებული, რისთვისაც ბევრი რამეა საჭირო. მათ შორის, აუცილებელია მოხდეს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან იმ არასამთავრებო ორგანიზაციების აღიარება, რომელიც რეგისტრირებულია, აქვს არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და ასევე, შეთავსებული აქვს დიასპორული ფუნქცია, რაც აისახება ასეთი ორგანიზაციების წარმომადგენელთა სხვადასხვა სამთავრობო ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობითა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართულობით. საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს ასეთი ორგანიზაციების საჭიროების შესახებ, ვინაიდან სახალხო დიპლომატია პოზიტიურ გავლენას ახდენს სახელმწიფოთა და საერთაშორისო ურთიერთობებზე, მას შეუძლია წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყანა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.
- როგორც ვიცი, თქვენი აქტივობების გამო, რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადათ. რა იყო ამის მიზეზი? - არასამთავრებო ორგანიზაციები თავისთავად არიან ჩართული ისეთ პროცესებში, რაც გამოიხატება სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში, რამაც შემდგომ ასახვა პოვა ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკურ პროცესებში. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის დიასპორულ ორგანიზაციებთან, რაც გამოიხატება ერთობლივ კულტურულ და ჰუმანიტარულ აქტივობებში. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ბერლინში, 2008 წლის ომის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ თვით რუსეთის პროგრესული ძალები, რომელთაც სათავეში ედგნენ რუსი წარმოშობის ბორის როსკინი და ალან მაიერი. ეს ადამიანები, გასაგები მიზეზების გამო, კარგა ხანს გერმანულ პოლიციას ჰყავდა აყვანილი დაცვის ქვეშ, უსაფრთხოების მიზნით. ამ აქციაზე, ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად მოსული იყვნენ აზერბაიჯანური, ჩეჩენური, ასევე: ლატვიის, ლიტვას, ესტონეთის, მოლდავეთის, უკრაინის, პოლონეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, ჩეხეთის დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასეთი მძლავრი, მულტინაციონალური პროტესტი რუსეთს არ უნახავს, ეს გახდა მიზეზი, რომ მათთვის არასასურველი ადამიანი გავხდი! იხილეთ სრულად
როლანდ ხოჯანაშვილი