პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტის შეზღუდული უფლებები
"პრეზიდენტის უფლებამოსილება, ძირითადად, სამხედრო სფეროში შესუსტდა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ როლს, ამ მოდელშიც განსაკუთრებული პოლიტიკური უფლებამოსილებები არ გააჩნია და დამოკიდებულია იმაზე, როგორი წონა ექნება საზოგადოებაში"
პრეზიდენტის არჩევნებამდე 4 კვირა დარჩა და მეორე ტურის გამართვის შემთხვევაშიც კი, მაქსიმუმ ორ თვეში, ქვეყანას ბოლო პირდაპირი წესით, ანუ მოქალაქეების მიერ არჩეული პრეზიდენტი ეყოლება. ის ამ პოსტზე, გამონაკლისის სახით, 6 წელი იქნება. ამის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს უკვე არაპირდაპირი წესით ე.წ. ხმოსნები აირჩევენ და წელს არჩეული პრეზიდენტის 6-წლიანი ვადაც ამით არის განპირობებული, რათა ამ ხმოსნებში შემავალ პარლამენტს სათანადო უფლებამოსილება ჰქონდეს...
დღეს საზოგადოების ყურადღება მიმართულია იმისკენ, თუ ვინ გახდება ბოლო პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა უფლებები ექნება მას და რამდენად განსხვავდება ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის უფლებებისგან.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის სტატუსი ასეთია: "საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში~ (მუხლი 49).
თუმცა სტატუსი უფლებების გარეშე ბევრს არაფერს ნიშნავს და შესაბამისად, არსებითია სწორედ უფლებები.
შეზღუდული უფლებები
მართალია, პრეზიდენტი კონსტიტუციით კვლავ ქვეყნის მთავარსარდალია, მაგრამ მნიშვნელოვნად შეკვეცილია მისი უფლებამოსილებები, რაც დიდწილად აზრს უკარგავს მთავარსარდლის სტატუსს. პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინების გარეშე, საკუთარი ინიციატივით ვეღარ იღებს გადაწყვეტილებას საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ვეღარ დებს ზავს და ვერ გამოსცემს დეკრეტებს. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში პრეზიდენტს სჭირდება პრემიერ-მინისტრის წარდგინება და შემდეგ ისევ პრემიერის კონტრასიგნება, რაც ამ პროცედურასაც ანელებს, რომ აღარაფერი ვთქვათ პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე...
მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი თავად იღებდა გადაწყვეტილებას საჭიროებიდან გამომდინარე და წარუდგენდა პარლამენტს...
გარდა ამისა, უქმდება უშიშროების საბჭო, რომელიც სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვისთვის იყო შექმნილი. მის მაგივრად იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელიც მხოლოდ უშუალოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიკრიბება და მასში პრეზიდენტს აღარანაირი ფუნქცია არ ექნება.
ამასთან, პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს გენშტაბის ხელმძღვანელსა და მხედართმთავრებს, რაც აქამდე მისი პრეროგატივა იყო. ეს უფლებამოსილება მხოლოდ თავდაცვის ძალების მეთაურს ექნება.
პრეზიდენტის სტატუსად განსაზღვრულია, რომ ის წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ ახალი ნორმებით პრემიერის თანხმობის გარეშე ვერ დადებს ვერც ერთ ხელშეკრულებას და ვერ გამართავს მოლაპარაკებას. ასევე, ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლებისთვის მას მთავრობის წარდგენა ესაჭიროება. ანუ, ეს საკითხიც აღარ არის პრეზიდენტზე დამოკიდებული. თუმცა შენარჩუნებულია, რომ მიიღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს.
პრეზიდენტი უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტს შორის არბიტრი, მაგრამ მას არც ერთის გაკონტროლების საშუალება აღარ აქვს, თუმცა სიტყვით მიმართავს საზოგადოებას ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. პარლამენტის გაკონტროლება არც აქამდე შეეძლო, ახლა კი მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლებაც აღარ აქვს.
რაც შეეხება მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის საკითხს, ეს მომავალი პრეზიდენტისთვის უფრო მეტად იქნება შეზღუდული. დღეს მას შეუძლია სათანადო პროცედურებით დაითხოვოს მთავრობა ან პარლამენტი პოლიტიკური კრიზისის დროს - როდესაც ბიუჯეტი ვერ მტკიცდება ან პარლამენტი უნდობლობას უცხადებს მთავრობას. მომავალი პრეზიდენტისთვის ბიუჯეტის ვერ/არდამტკიცება აღარ ითვლება პოლიტიკურ კრიზისად და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხიც ვიწროვდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ახალარჩეული პარლამენტი მთავრობას ვერ დაამტკიცებს და ა.შ.
ამასთან, პრეზიდენტს შეეზღუდა საკადრო საკითხებიც. ის ვეღარ წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.
შენარჩუნებული უფლებები
ამ უფლებებიდან არსებითია ვეტოს უფლება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში უმრავლესობას ერთი პოლიტიკური ძალა წარმოადგენს და ეს არ არის პრეზიდენტის პარტია, მაშინ ვეტოს დაძლევა პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც ეს გამოცდილებამ აჩვენა.
პრეზიდენტს შეუნარჩუნდა უფლება, რომ საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
ასევე შენარჩუნდა უფლება, დანიშნოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების თარიღი. ერთპიროვნულად პრეზიდენტზეა დამოკიდებული პარლამენტის დათხოვნაც, თუმცა ეს რთული და ხანგრძლივი პროცედურაა, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
[პრეზიდენტი წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს, შეიწყალებს მსჯავრდადებულებს, ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს.
გარდა ამისა, პრეზიდენტის უფლებაა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნა; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე გამწესება; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა.
პრეზიდენტის უფლებად რჩება პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე.
მიუხედავად შეზღუდვებისა, კონსტიტუციონალისტების აზრით, პრეზიდენტის როლი მაინც მნიშვნელოვანია და როგორ გამოიყენებს მათ, დამოკიდებული იქნება თავად პრეზიდენტზე.
ალიკა კუპრავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი: - მას შემდეგ, რაც ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ, ის, ისევე როგორც დღევანდელი, არ იქნება მმართველი პრეზიდენტი. ის იზოლირებულია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. შესაბამისად, არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური, რომელიც წარადგენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში, ისიც მთავრობის თანხმობით.
პრეზიდენტი არის არბიტრი, მოდერატორი პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და მისი უპირველესი მოვალეობაა, უზრუნველყოს პრეზიდენტის, როგორც ბერკეტის გამართული ფუნქციონირება და ხელისუფლების უწყვეტი საქმიანობა.
პრეზიდენტის უფლებამოსილება, ძირითადად, სამხედრო სფეროში შესუსტდა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ როლს, ამ მოდელშიც განსაკუთრებული პოლიტიკური უფლებამოსილებები არ გააჩნია და დამოკიდებულია იმაზე, როგორი წონა ექნება საზოგადოებაში და როგორ შეძლებს ურთიერთობას პარლამენტთან, მთავრობასთან, პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებასთან.
რუსა მაჩაიძე