"ეს პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატეები, ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი"
"სააკაშვილი 2008 წელს შემოუძღვა რუსულ ჯარს და ცდილობენ ჩვენ გადმოგვაბრალონ. ეს პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატეები, ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ მმართველი გუნდის შეხვედრაზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით რუსეთის ჯარმა საქართველო დატოვა, ხოლო სააკაშვილი 2008 წელს უკან შემოუძღვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი დანაშაული იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია, მითუმეტეს არ დაიკარგებოდა 20%. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ, ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი. სწორედ ეს თემა აქვთ ყველაზე მეტად წინ წამოწეული. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს, ცდილობენ გადმოიტანონ და ჩვენ დაგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თავისი მოღვაწეობის პროცესში ბევრი იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორიები. მე მახსოვს, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი იმაში, რომ რუსულმა ჯარებმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, სააკაშვილი, პირდაპირი მნიშვნელობით, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. აღმაშფოთებელია, რომ დღეს ეს ხალხი ისევ ცდილობს ჩვენ გადმოგვაბრალონ და ეს პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატეები ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ძალიან ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს: „ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს. ჩემთვის ეს ქალბატონი არის უახლოესი ისტორიის სიმბოლო. ის პირველი ემიგრაციის წარმომადგენელია და დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. ის ქალბატონი, რომელიც ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიას ძალიან კარგად ეხმაურება. ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა, ამ მხრივ ეს ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სალომეს გაპრეზიდენტებას ვიხილავთ. ამით ჩვენ შევეხმიანებით შორეულ ისტორიას, უახლოეს ემიგრაციასაც პატივს მივაგებთ და ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც პატივს მივაგებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი განცხადებითვე, მიხეილ სააკაშვილის ძირითადი საქმიანობა მედიის ტოტალური მართვა იყო.
ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრისას მედიის მართვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა.
„რა დღეში იყო მედია, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის, სააკაშვილის მიერ. დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, მისი ძირითადი საქმიანობა ეს იყო - პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა ამ პროცესს და თავისი მოღვაწეობის 80% სწორედ ამას მოახმარა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.