"ლევან ყიფიანთან ამ საკითხზე შეხვედრა არასდროს მქონია" - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე? - კვირის პალიტრა

"ლევან ყიფიანთან ამ საკითხზე შეხვედრა არასდროს მქონია" - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე?

"არანაირ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა გარკვეული შფოთის შემოტანა ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში"

მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

"ყოველდღე სამხრეთ ამერიკული სერიალისთვის ძალიან უნიჭო პროცესს ვუყურებთ" - ასე შეაფასა ბახტაძემ "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით მიმდინარე პროცესები.

"პირველი, რაც შეეხება მსგავს განცხადებებს, არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური შეფასებები, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში, სამწუხაროდ, სუბიექტურია. მე დღესაც მქონდა საშუალება ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მომეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს, მათ შორის საერთაშორისო რეიტინგების თვალსაზრისით და როგორ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ ნაბიჯებს დგამს საქართველო მათ შორის ბიზნესის თვალსაზრისით, მათ შორის, შესაბამისი სამართლებრივი გარემოს თვალსაზრისით, რომელიც უპრეცენდენტოა. მე დღეს კონკრეტულად წარმოგიდგინეთ თქვენ ინიციატივა, რომლითაც საქართველოს შესაძლებლობა ექნება მეორე ქვეყანა იყოს ევროპაში, რომელიც თავისუფალ საერთაშორისო არბიტრაჟს შემოიყვანს ქვეყანაში და მას მისცემს უფლებას კომერციული დავები განიხილოს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფილოსოფიაზე და მიდგომაზე, გისვამთ კითხვას, საქართველოს მთავრობას რომ მსგავსი მიდრეკილებები ჰქონდეს, ასეთ ნაბიჯს გადადგამდა? თქვენ მე კითხვა დამისვით მიდგომასთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი თუ როგორი მიდგომა გვაქვს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მე-7 ადგილზეა, მე დღეს მოგაწოდეთ ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, მასზე მაღალა არაფერი არ დგას. ჩვენ, ჩვენი მმართველობის პერიოდში დავამტკიცეთ რომ ასეა. მიმდინარეობს გამოძიება, და კითხვები რატომ არ ვაჩქარებთ, ეს უნდა მოხდეს თუ არა 24 საათში? - ეს ტექნიკური ტიპის კითხვაა და ამაზე პასუხს ვისაც შესაბამისი ცოდნა და ვალდებულება აქვს, ის გასცემს", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ყველას ექნება საშუალება თავისი სიმართლე დაამტკიცოს.

"მაგრამ მე მინდა ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის შეფასება გავაკეთო ამ საკითხზე, როდესაც კონკრეტულ მეწარმეს ან საწარმოს აქვს პრობლემა, თუ მას აქვს რეალური საფუძველი იმისა, რომ ისაუბროს მასზე ზეწოლაზე, რა საჭიროა ამ ყველაფრისთვის პროცესის სახის მიცემა, როდესაც ყოველდღე სამხრეთ ამერიკული სერიალისთვის ამ შემთხევევაში ძალიან უნიჭო პროცესს ვუყურებთ?! ჩემი აზრით, ადამიანი, რომელსაც სურს დაიცვას თავისი ინტერესები, მოიქცეოდა ძალიან მარტივად, შეკრებდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და თავისი ადვოკატის მეშვეობით გააცნობდა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მას დაეცვა თავისი ინტერესი. მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ინტრიგასთან, ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი შეფასება. და გვაქვს საქმე იმასთან, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ საგადასახადო დავალიანებას თავი აარიდონ და შემოიტანონ დისკუსიაში არასერიოზული განცხადებები და საკითხი. მიმდინარეობს გამოძიება, ამის ფარგლებში ყველას ექნება საშუალება თავისი სიმართლე დაამტკიცოს და სამოქალაქო საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს ეს გამოძიება. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები ამ გამჭვირვალობას და ტრანსფარენტულობას უზრუნველყოფენ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის განცხადებით, სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან "ომეგა ჯგუფის" საკითხზე შეხვედრა არასდროს ჰქონია.

"მე ბატონ ყიფიანთან ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა არასდროს მქონია. რაც შეეხება თვითონ წინა ისტორიას ამ საკითხის, მე გავაკეთე განმარტება, რომ ჩვენი მთავრობის მიდგომა არის ძალიან მეგობრული ყველა იმ მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ბუნებრივია, როდესაც საქმე შეეხება საგადასახადო დავალიანებს, შემოსავლების სამსახური სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა, რომ კომპანიას თუ აქვს გარკვეული პრობლემები ობიექტური ხასიათის გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები ამა თუ იმ სექტორში, მაგრამ პარალელურად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანება უნდა დაფაროს", - აღნიშნა ბახტაძემ.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ბახტაძემ პრემიერის რანგში აშშ-შ თავისი პირველი ვიზიტი შეაჯამა.

"შევხვდით ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მონაწილეობას იღებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მომზადებაში, საექსპერტო საზოგადოებას და მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და რომელიც ემსახურება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ამავე დროს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გვქონდა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. განვიხილეთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები, ჩვენი რეფორმათა პაკეტი, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩვენს რეგიონში იზრდება ეკონომიკური ტურბულენტობა. ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვან და ამბიციურ რეფორმაზე, რომელსაც ვახორციელებთ განათლების სექტორში და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე. მსოფლიო ბანკი ისევე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთად აღნიშნავენ საქართველოს პროგრესს და როგორც რეგიონის ლიდერ ქვეყანას, რომელიც სრულფასოვნად პასუხობს უმაღლეს ფინანსურ სატანდარტებს",- განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ნაყოფიერი შეხვედრები შედგა მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟანკლოდ იუნკერთან, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფროების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან.

მამუკა ბახტაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნოდ მათ წინააღმდეგ წინასწარ დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება იგეგმება.

"ჩემთვის მისაღები არის ყველაფერი ის, რაც ემსახურება საქართველოს ტრანსფორმაციას ევროპული ტიპის დემოკრატიად. ხშირ შემთხვევაში ბევრი ჩვენი ოპონენტისგან ეს რჩება ლიტონ სიტყვებად. ბევრ ევროპულ ქვეყანაში მსგავს წინასაარჩევნო პერიოდს არ ვიცნობ, რადგან ეს არ შეეფერება იმ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. ეს არის ძალიან ნეგატიური ფაქტი, მაგრამ მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ არანაირ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა გარკვეული შფოთის შემოტანა ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით თავისი განწყობა გააჟღერა, თუმცა ოპონენტებმა ამას სიძულვილის ენა და პიროვნული შეურაცხყოფა დაუპირისპირეს.