"ხომ, არსებობენ ადამიანი-მზეები, არსებობენ და ასე ჩუმად უჩინარდებიან. ჩემი ბრჭყვიალა გოგო გაიქცა"
ახალგაზრდა პოეტი, მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი გარდაიცვალა. მეგობრების თქმით, ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში დილით ნახეს გარდაცვლილი.
საზოგადოების დიდი ნაწილი მას ნინა სტარკ-ნეკერის სახელით იცნობდა. მისი ცნობილი თარგმანებია: ჯონ ბოინის "ბიჭი ზოლიან პიჟამაში", კასანდრა კლერის "მექანიკური პრინცესა" და "ზეციური ცეცხლის ქალაქი"... ნინო ნეკერიშვილის ლექსები შესულია რამდენიმე პოეტურ კრებულში.
პოეტის გარდაცვალების შესახებ მისი მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში წერენ. ტრაგიკული ამბავი ყველასთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელია. ერთ-ერთი ინფორმაციით, ნეკერიშვილმა ორი დღის წინ მცირე ოპერაცია გაიკეთა და თავს კარგად გრძნობდა, თუმცა უცნობია, არის თუ არა კავშირში გარდაცვალებასთან ეს ფაქტი.
ირაკლი ბაკურიძე, გამომცემელი "წიგნები ბათუმში":
"ძალიან ცუდად ვარ, ამ საზიზღარი სიკვდილის ბურუსით ვარ მოცული და სხვა არაფერი ხდება ირგვლივ. არ ვიცი რამ შეიძლება აწი გამახაროს. ჩემი უსაყვარლესი ადამიანი აღარ არის, მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ ტრაგედიით ვიცხოვრებ. საზიზღარი სიტყვებია - ნინა ნეკერი აღარ გვყავს
მარიამ ბეროძე:
"თუ რამე უსამართლობა არსებობს ამ ქვეყანაზე, ესაა ნინა სტარკ-ნეკერის გარდაცვალების ამბავი, რომელმაც ყველა სიტყვას, ყველა ფრაზას, აბსოლუტურად ყველაფერს დაუკარგა აზრი, რადგან აღარ ვიცი, როგორ ვიცხოვრო იმ რეალობაში, სადაც მზის მსგავსი გოგონები ვეღარ იღვიძებენ".
ნინო მოდრეკილაძე
"რამდენი რამ ჰქონდა დაგეგმილი... პოეზიის საღამოებზე მინდა წასვლაო, ორი დღის წინ წერდა. წერდა... ეჰ, რა არაფერი ხარ, ცხოვრებავ!"
ირმა იანტბელიძე, "პალიტრა L"- ის რედაქტორი:
"მეც უნდა დავწერო ნინაზე... აპრილში საბერძნეთში სწორედ ნინას დამსახურებით ვიყავი, მან დამითმო თავისი ბილეთი და დაჟინებით მთხოვდა, მე ვერ მივდივარ და შენ უნდა წახვიდე აუცილებლადო. ხუმრობით მითხრა, ბრელოკი ჩამომიტანეო და მართლა რომ ჩამოვუტანე (დიდხანს ვარჩიე), პატარა ბავშვივით გაუხარდა.... სწორედ გუშინ ვიყიდე აბერკრომბის მესამე ნაწილი, გადავშალე და წავიკითხე: რედაქტორი - ნინო ნეკერიშვილი. ნათელში იყავი, კარგო გოგოვ, რამდენ ადამიანს დაწყვიტე გული... სულ მემახსოვრები"
კატო ჯავახიშვილი, პოეტი: "ხომ, არსებობენ ადამიანი-მზეები, არსებობენ და ასე ჩუმად უჩინარდებიან. ჩემი ბრჭყვიალა გოგო გაიქცა".
ცირა თევდორაშვილი: "ამ ლექსზე ვგიჟდებოდი, რომ გაგიცანი და გავიგე შენი დაწერილი იყო, როგორ გამიხარდა,
ნინა სტარკ-ნეკერი ნათელში იყავი.
მამას
მა,
მუხლზე სული შემიბერე,
ეზოში ხელი მკრეს, დავეცი.
თოვლზე დახატული ბაჭია
ჩემი ბავშვობისკენ გაიქცა.
მა,
შენი პატარა ნინუცა,
ახლა სევდიანი ქალია,
იმდენჯერ დაუშვა ხელები
უღონოდ... იმდენის ვალი აქვს...
მა,
შენი გულისთვის რამდენი
ვითმინე, რამდენსაც ავიტან...
გამიშვი... უფლება მომეცი
ზეციურ მამასთან წავიდე.
მა,
შენ ხომ იცი რა ძნელია,
ყოველთვის იარო სწორი გზით...
გამიშვი, რომ გზები ამებნეს
და ისევ ჩვენს სახლში მოვიდე...
მა,
შენი პატარა გოგონა