453 პატიმარი არაადამიანურ პირობებშია
ზუგდიდის #4 საპყრობილეში 453 პატიმარი არაადამიანურ პირობებშია. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ეს დაწესებულება ერთ-ერთი იმათგანია, რომლებზეც სახალხო დამცველმა თავის საანგარიშო მოხსენებებში ლიკვიდაციის რეკომენდაცია გასცა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, საპყრობილის ინფრასტრუქტურა იმდენად ამორტიზებულია, რომ გარემონტებას, ფაქტობრივად, არ ექვემდებარება. იმავე მიზეზის გამო შეუძლებელია მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურება. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ საპყრობილე გადატვირთულია.
#4 საპყრობილეში მონიტორინგი ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ პერიოდში ჩატარდა. ამ დროს საკნებში აუტანელი უჰაერობა და სიცხე იყო, რაც პატიმრების ყოფას არაადამიანურს ხდიდა.
ზუგდიდის საპყრობილეში 2010 წლის თებერვლიდან აღარ მიუღიათ ფსიქიატრის კონსულტაციებიც. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის საპყრობილის საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინტერესის საგანი.