"ეს არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება" - რას პასუხობს ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას მუქარას? - კვირის პალიტრა

"ეს არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება" - რას პასუხობს ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას მუქარას?

რამდენიმე დღის წინ,"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ"ფეისბუკის" პირად გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:

"ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში.

ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს, რომ მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე, პირადად, ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოვესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს".

გვარამიას ნცხადებით სპეციალურად გამნართულ ბრიფინგზე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, ნიკა გვარამიას განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება.

კობახიძის განცხადებით, გვარამიას პოსტი გამოწვეულია იმით, რომ წინასწარი კვლევების მიხედვით"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იმარჯვებს.

"ვეხმაურები"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის და მისი კუთვნილი ტელევიზიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ, თავის facebook გვერდზე განათავსა. ეს ისტერიული განცხადება უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და მისი პარტიული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილასაც ვერ გავიდეს. ეს არის შექმნილი მდგომარეობა. ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული 6 წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინაშე ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება მართლა აქვს იმედი, რომ მის განცხადებებს ექნება გავლენა საზოგადოების პოზიციაზე, მაგრამ საპირისპიროს ადასტურებს ხალხის და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ჩართულობა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

TOP.GE