"ამაყი და იმედით სავსე ვარ, არ გადავშენდებით" - ქართულად ამღერებული ქართველები, აფხაზები და თურქები - კვირის პალიტრა

"ამაყი და იმედით სავსე ვარ, არ გადავშენდებით" - ქართულად ამღერებული ქართველები, აფხაზები და თურქები

23-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, პოეტისა და პროზაიკოსის, ქართული სახლის "გალაკტიონის" დამფუძნებლის, ირაკლი კაკაბაძის მიწვევით ქალაქ სტამბოლს, ანსამბლ "შავნაბადას" წევრები სტუმრობდნენ. მისია მეტად საპატიო გახლდათ, ანსამბლის ხელმძღვანელს დავით ცინცაძეს, თურქეთში მცხოვრები ქართველების, აფხაზების და თავად თურქი მუსიკოსების და არამუსიკოსებისთვის ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის მასტერკლასები უნდა ჩაეტარებინა. ქართული სიმღერის შესწავლის სურვილი განსაკუთრებით მაშინ გამძაფრდა, როცა გაზაფხულზე სტამბოლში ანსამბლ"შავნაბადას" კონცერტები გაიმართა. სტამბოლში, არსებობს ქართული ხელოვნების სახლი, რომელსაც სათავეში იბერია მელაშვილი უდგას, იბერია თურქეთში მცხოვრები ქართველების მიერ ილია ჭავჭავაძედ წოდებული აჰმედ მელაშვილის ვაჟია, რომელიც მამის გზას პირნათლად აგრძელებს. მისი ინიციატივით შეიქმნა ანსამბლი, რომლის რეპერტუარშიც "შავნაბადას" ხელმძღვანელის დათო ცინცაძის დახმარებით ქართული ტრადიციული სიმღერები და საგალობლებიც შევიდა. დათო, სტამბოლიდან პირველი ჩამოსვლის შემდეგ, ინტერნეტის საშუალებით ასწავლიდა მათ სიმღერებს. იბერია მელაშვილის ანსამბლის წევრების გარდა, ქართული სიმღერების შესწავლის სურვილი, სხვებსაც გაუჩნდათ. თურქეთში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლები ირაკლი კაკაბაძე, პოეტი და პროზაიკოსი, თურქეთში ქართული სახლის"გალაკტიონი" დამფუძნებელი: - ანსამბლი "შავნაბადა" რამდენიმე თვის წინ სტუმრობდა სტამბოლს, ამ სტუმრობამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ქართული კულტურითა და კონკრეტულად, ქართული პოლიფონიით დაინტერესებულ საზოგადოებაში. მას შემდეგ დაისახა გეგმა: კიდევ ერთხელ მისცემოდა ამ საზოგადოებას საშუალება შეესწავლა ქართული სიმღერები და"შავნაბადასთან" ერთად, თუნდაც ერთობლივი პროექტი ამ სახით განხორციელებულიყო, მაშინ თურქეთში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავალი აფხაზებიც გამოგვეხმაურნენ და სურვილი გამოთქვეს შეესწავლათ ქართული სიმღერა, ამან მოგვცა მოტივაცია, ფრთა შესხმოდა პროექტს, რომლის მიხედვითაც სტამბოლში ქართული სიმღერა-გალობის მასტერკლასების კვირეული გაგვემართა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე სტამბოლის ქართული სათვისტომოს ეგიდითა და ორგანიზებით, ანსამბლი"შავნაბადა" კვლავ მოვიწვიეთ სტამბოლში და შესაძლებელი გახდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი კვირეულის ჩატარება.

ჩემი აზრით, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, არამარტო იმ კუთხით რომ ქართული პოლიფონიის პოპულარიზაცია ხდება თურქეთში, არამედ ისიც მნიშნელოვანია, რომ თურქეთში, სტამბოლში მოხდა ამ ორი ძალიან ახლობელი ხალხის დამეგობრება, საუბარი, გაერთიანება და ამ ყველაფრის მიზეზი ქართული სიმღერაა. აღსანიშნავია, რომ ქართული მუსიკით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა და სურვილი გამოთქვა ამ მასტერკლასებში მონაწილეობის მიღებისა. ხშირად ამ გაკვეთილებზე მოსწავლეთა ტევა არ იყო.

დათო ცინცაძე , ანსამბლ "შავნაბადას" ხელმღვანელი: - მახსოვს პირველი ჩამოსვლისას როგორი მოწადინებული იყო ირაკლი კაკაბაძე, ქართული ტრადიციული კულტურა, ფართო მასშტაბით გაეცნო სტამბოლის მოსახლეობას. საბედნიეროდ, ქართული მუსიკის შესწავლით ბევრი ადამიანი დაინტერესდა.  ჩვენმა სტამბოლელმა მეგობრებმა შეისწავლეს, როგორც აფხაზური ასევე ქართული, სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები და საგალობლები. დიდი ენთუზიაზმით სწავლობდნენ და იზეპირებდნენ მათთვის რთულად გამოსათქმელ ტექსტებს, რაც მთავარია ამ შესრულებაში ძალიან დიდი სიყვარული იგრძნობოდა და ინტერესი რაც შეიძლება ზუსტად შეესრულებინათ თითოეული მუსიკალური ნიმუში.

ძალიან სასიამოვნო და სახალისო იყო მათთან მუშაობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ დამოკიდებულებისთვის, რაც მათ ქართული სიმღერის მიმართ გამოავლინეს. დაღლასაც ვერ ვგრძნობდი იმდენად სასიამოვნო იყო ეს პროცესი.

ჩვენ შევძელით, მსურველთათვის 10-მდე ქართული ხალხური სიმღერა და გალობის საუკეთესო ნიმუში გვესწავლებინა. რაც ერთობილივი კონცერტით დავაგვირგვინეთ. სადაც ქართველმა, აფხაზმა და თურქმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ, ერთად მივაგეთ პატივი ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის განხორციელებისთვის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში, საბედნიეროდ, ჩვენს სტამბოლში ყოფნას დაემთხვა ქართული სათვისტომოს დაფუძნება. რომელიც მეტად დაეხმარება, როგორც ქართველებს, ასევე მუჰაჯირებს, თურქებს თუ სხვა ეთნიკურად განსხვავებულ ადამიანებს, რომელთაც უყვართ საქართველო და ქართული კუტლურა, გაერთიანდნენ და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ სასიკეთო საქმეები აკეთონ. მნიშვნელოვნად გაუწიონ პოპულარიზაცია ქართულ ტრადიციულ კულტურას. ამდენად, ძალიან დიდია ირაკლი კაკაბაძის როლი ამ ყველაფერში და მინდა მას დიდი მადლობა ვუთხრა ამ სულისკვეთებისა და დიდი საქმეების წამოწყებისთვის.

ირაკლი კაკაბაძე: - ქართველთა სათვისტომო, დიასპორული ორგანიზაციაა, რომელიც სწორედ ასეთი ღონისძიებების ჩატარების მიზნით დაფუძნდა, რომ რაც შეიძლება მეტი დაინტერესება იყოს საქართველოთი, ქართული კულტურით. ძალიან დიდი ყურადღება გამახვილდეს, როგორც ქართველ ემიგრანტებზე, ასევე თურქეთში მცხოვრებ ქართული წარმომავლობის ადამიანებზე. რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს აქაურ აფხაზ მოსახლეობასთან. ქართული სათვისტომოს, რომლის თავმჯდომარეც ქალბატონი ნათელა ქუდიძე გახლავთ, ხელახალ დაბადებას, რომელიც ქართულ სახლ"გალაკტიონში" ჩატარდა, უამრავი ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის იყვნენ: საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ემიგრანტთა დეპარტამენტის თავმჯდომარე რატი ბრეგაძე, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე და რა თქმა უნდა ჩვენი სათვისტომოს წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტები. ვფიქრობ, ეს დღე იქნება საწინდარი დიდი და კარგი საქმეებისა. ანასამბლ"შავნაბადას" გასტროლის უზრუნველყოფა, აფხაზეთის მთავრობამ უზრუნველყო. ჩვენ იმედი გვაქვს ასეთი სახის თანამშრომლობა აფხაზეთის მთავრობასა და ანსამბლ შავნაბადასთან ერთად, კიდევ არა ერთხელ შედგება.

ინგა წიკლაური, ქართველი ემიგრანტი: - ამ დღეებმა კიდევ ერთხელ მაგრძნობინა როგორ გვაკლია ეს ყველაფერი. ეს იყო სიხარულით სავსე დღეები. ინტერნეტი იძლევა საშუალებას ისმინო და არ დაივიწყო ის რაც შენია, მაგრამ ცოცხლად მის მოსმენას და შესრულებას სულ სხვა ხიბლი აქვს. ვაკვირდებოდი აქაურ ქართველებს, ქართული არ იცოდნენ, მაგრამ მღეროდნენ ქართულ სიმღერებს, საგალობლებს. კონცერტის ბოლოს სიტყვით გამოსული ფერეიდნელი ჰელენის სიტყვები მახსნედება რომელმაც თქვა: "ვერ ვსაუბრობ ქართულად, მაგრამ ჩემს სათქმელს ჩემი ნამუშევრები ამბობენო". ამ კონცერტის წინ ჩვენ მისი შესანიშნავი გამოფენის ნახვის საშუალება მოგვეცა, რამაც ასევე გვამოგზაურა ჩვენს ლამაზ ქვეყანაში. ამაყი და იმედით სავსე ვარ, რ გადავშენდებით...

"გალაკტიონი" და "ქართული სათვისტომო" ეს ჩვენი მეორე, პატარა სამშობლოა... იმედი მაქვს, ძალიან ბევრ კარგ საქმეს და ბევრი კარგი იდეის განხორციელებას შევძლებთ.

მაია ღუღუნიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო