ქუთაისში უნებართვოდ არსებული ავტომანქანების ბაზრობა გაუქმდა
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე უნებართვო ავტო ბაზრობა გაუქმდა. მოსწავლე ახალგაზრდობის დასვენების პარკის წინ მოქალაქეებს ავტო სატრანსპორტო საშუალებათა ბაზრობა მრავალი წელი კუსტარულად ჰქონდათ მოწყობილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივი მერიის ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, ბაზრობა, გარდა იმისა, რომ უნებართვო იყო, ხელს უშლიდა მოსახლეობას გადაადგილებაში. შესაბამის ადგილზე დღეს „დგომა-გაჩერების ამკრძალავი“ საგზაო ნიშანი დაამონტაჟეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპატრულო პოლიცია უფლებამოსილი იქნება დამრღვევი მძღოლები დააჯარიმოს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი პირები უკვე გააფრთხილა, რათა პარკის წინ გასაყიდი ავტომობილები აღარ განთავსდეს.