"ივანიშვილის თანხმობით პესკოვთან შეხვედრაზე გამაყოლეს მთავრობის წარმომადგენელი" - რატომ ჩაიშალა პუტინის გარემოცვაში პროქართული ლობის შექმნის გეგმა
ბადრი ნაჭყებია: "ივანიშვილის თანხმობით პუტინის პრესმდივან პესკოვთან შეხვედრაზე გამაყოლეს მთავრობის წარმომადგენელი, თუმცა შეხვედრის შემდეგ დაიწყო ზეწოლა"
"ისევ იძაბება ურთიერთობა რუსეთთან. ანტიქართულ ლობისტურ ძალებს მოსკოვში ისევ ეხსნებათ ფართო ასპარეზი. შევჩენკოსა და ფელდენგაუერის გაფრთხილება ამ ძალების საშიშროებაზე ყურადსაღებია!" - დაწერა სოცქსელში პოლიტოლოგმა ბადრი ნაჭყებიამ, რომელიც საერთაშორისო ტელერადიოკომპანია "მირის" ქართულ ფილიალს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი ეს განცხადება გამოძახილია რუსი ექსპერტების მოსაზრებებისა, რომ რუსეთში დიდი ხანია საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ ლობისტური ჯგუფები და მიზანმიმართულად ძალიან ნეგატიურ როლს თამაშობენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში. "კვირის პალიტრა" ბადრი ნაჭყებიას ესაუბრა:
- რომ არა რუსი ექსპერტების ეს განცხადებები, რომელთაც, ფაქტობრივად, მტკიცებით ფორმაში ილაპარაკეს რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ მომუშავე ლობისტურ ჯგუფებზე, შესაძლოა ამაზე საჯაროდ არც მელაპარაკა. 2013 წლის გაზაფხულზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დოცენტები ნიკოლაი სილაევი და ანდრეი სუშენცოვი. სიტყვით გამოსვლისას ვახსენე რუსეთში არსებული ის ლობისტური ჯგუფები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ. ამ ბატონებმა შეთქმულების თეორიის ტირაჟირებაში დამდეს ბრალი. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ისინი წარმოადგენენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერესებს, რომლის მინისტრი ლავროვი, მაქსიმ შევჩენკოს თქმით, სომხური ლობის მთავარ ფიგურად ითვლება...
17 წლის განმავლობაში ვიყავი "მირის" ქართული ფილიალის დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი და ვაკვირდებოდი, როგორ მიდიოდა ჩვენს წინააღმდეგ ლობისტური მუშაობა რუსეთში. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მასმედიაში, სადაც ანტიქართული გამოხდომების უკან გავლენიანი ეთნიკური ლობისტური ჯგუფების წარმომადგენლები იდგნენ... 2012 წლის შემდგომ აქტიურად ჩავერთე დისკუსიებში და "მირის" საქართველოს ფილიალის გაძლიერება გადავწყვიტე... "მირი", რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, პუტინის მარჯვენა ხელი, მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და პრესსამსახურის უფროსი დმიტრი პესკოვია, იძლეოდა და იძლევა საშუალებას, რომ გარკვეული კავშირები დამყარდეს. სწორედ ამ კავშირების მოძიება ვცადე 2013 წლიდან. პესკოვთან წელიწადში ორჯერ შეხვედრა მიწევდა, რაც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა, რადგან მე "მირში" სწორედ საქართველოს წარმომადგენელი გახლდით, საქართველოს მთავრობამ წარმადგინა ამ თანამდებობაზე, ჩვენი ქვეყანა კი ამ საერთაშორისო კომპანიის თანადამფუძნებელი და 10%-ის მფლობელია, რომლის ღირებულება 200 მილიონ რუბლად არის შეფასებული... მთავრობა ჩემს აქტიურობას დადებითად ხვდებოდა. მეტიც, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობისას, როგორც ვიცი, სწორედ მისი ნებართვით, მოსკოვში პესკოვთან შეხვედრაზე გამაყოლეს მთავრობის წარმომადგენელი, მის გვარ-სახელს ვერ გეტყვით, თუმცა მე მოვახერხე ამ შეხვედრის ორგანიზება. პესკოვმა ამ შეხვედრას ისტორიული უწოდა. უფრო გაცნობითი ხასიათის იყო, რასაც გარკვეული ნაბიჯები უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ...
- მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა? - დიახ, და დაიწყო ზეწოლა... შენიშვნა მივიღე ტელერადიოკომპანიის მთავარი შტაბბინიდან. ვითარება უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჩვენმა მთავრობამ შეძლო "მირის" ქართული ფილიალის ირიბი დაფინანსება. ამაში ის იგულისხმება, რომ ჩვენ ტურიზმის სახელმწიფო რეკლამა მივიღეთ...
2008 წლამდე ჩვენს ფილიალს საქართველოს სახელმწიფო აფინანსებდა, შემდგომ კი სახსრებს კომპანიის კონსოლიდირებული ბიუჯეტიდან ვიღებდით. როდესაც საქართველო ამ კომპანიის თანადამფუძნებელი გახდა, საკმაოდ დიდი თანხა, თითქმის 3 მილიონ დოლარამდე შევიტანეთ. ქართული ფილიალის აღმავლობა ბევრს არ მოეწონა რუსეთშიც და საქართველოშიც. სოცქსელშიც შემექმნა პრობლემები. არის ასეთი "კავკასიური გეოპოლიტიკური კლუბი", რომელსაც ხელმძღვანელობს პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებული გავლენიანი პოლიტოლოგი იანა ამელინა, რომელიც ოსების ინტერესების დამცველია. მას და მისი ჯგუფის წარმომადგენლებს სოციალურ ქსელებში უსერიოზულესი დაპირისპირებები მოვუგეთ იმხანად.
რამდენიმე მიმართულებით დავიწყეთ აქტიურობა. ტელეკომპანია ცდილობდა, განევითარებინა ქართული რუსულენოვანი ჟურნალისტიკა, შეექმნა პროექტები, კრემლთან დაახლოებულ და საქართველოსადმი კეთილგანწყობილ პირებთან კავშირზე გასვლას ვცდილობდი, რაც ცენტრალურ ფილიალში არ მოსწონდათ. შენიშვნა მივიღე თავად ტელერადიოკომპანიის თავმჯდომარე ბატირშინისგან. პესკოვთან ზემოხსენებული შეხვედრის შემდგომ ჩრდილოკავკასიური მიმართულებითაც დავიწყე აქტიურობა, მაგრამ მომდიოდა ინფორმაცია, რომ ცდილობდნენ ჩემს ჩამოშორებას, მახსენებდნენ, რომ ეს ტელევიზია იყო და არა საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მუქარაზეც მიმანიშნეს. საბოლოოდ კი, 2015 წელს, დამირეკეს და მითხრეს, გადაწყვეტილია თქვენი ფილიალის დირექტორის პოსტიდან კომპანიის თავმჯდომარის მრჩევლად გადაყვანაო. მე საქართველოს მთავრობის დადგენილებით ვარ გამოგზავნილი ამ თანამდებობაზე და ეს შეთანხმებულია-მეთქი? პასუხი, რა თქმა უნდა, ვერ მივიღე...
მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი გვერდის ავლით, მოსკოვის შტაბბინაში დაუბარებიათ ОРТ-ს წარმომადგენელი მიშა რობაქიძე და კიდევ ერთი ქალი, რომლის გვარ-სახელსაც არ გავამხელ, რადგან ამას დღემდე ნანობს. უთქვამთ, ნაჭყებია გადაგვყავს და თქვენ იქნებით საქართველოს ფილიალის კურატორები, სანამ ახალი ხელმძღვანელის საკითხი გადაწყდებაო. მოგვიანებით რობაქიძემ მითხრა, რომ ყველაფერი შეთანხმებული იყო საქართველოს მთავრობასთან მაკო ბიგვავას დონეზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აბაშიშვილთან, თუმცა ეს ძალიან მაეჭვებს... მას მერე ამდენი დრო გავიდა და დღემდე არ არის გარკვეული იმ ორი თანამდებობის ბედი, რომელიც საქართველოს ეკუთვნის - ერთი ფილიალის დირექტორის, რომელიც ჩვენი მთავრობის წარდგენით ინიშნება, და მეორე - სრულუფლებიანი წარმომადგენლის, რომელიც უფრო მთავარია. წლების განმავლობაში ამ თანამდებობას იკავებდა ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი, რომელიც 2012 წელს გარდაიცვალა, სწორედ ის მეთვალყურეობდა საქართველოს ქონებას ტელერადიოკომპანია "მირში". ვის ხელშია დღეს ეს ქონება, ვინ განკარგავს? სხვა საკითხია, რომ დაშალეს ქართული ფილიალი და, ფაქტობრივად, გაანადგურეს რუსულენოვანი ქართული ჟურნალისტიკა. წარმოგიდგენიათ, მოსკოვმა გაანადგურა რუსულენოვანი მაუწყებლობა. რატომ, თუ აქედან რაიმე საფრთხე არ იგრძნო და თანაც ვიღაცას რაღაც ფინანსური ინტერესი თუ არ გაუჩნდა?!
საბოლოოდ კი ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იმარჯვებს უცხო ინტერესების ლობი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საქართველოშიც.
- დავუბრუნდეთ რუსეთში ჩვენს წინააღმდეგ მომუშავე ლობისტურ ჯგუფებს... - რუსეთში ძალიან ძლიერია სომხური ლობი, მარტო ელენე ბონერის, ზატულინ-მიგრანიანისა და საქართველოს წინააღმდეგ მათი შავბნელი გეგმების გახსენება რად ღირს, ეს ჯგუფები კი ლავროვს უკავშირდებიან. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩვენს წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს სურკოვის ერთ-ერთი თანამშრომელი, ინალ არძინბა, რომელსაც, დიდი ალბათობით, აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის ამზადებენ. უკვე ვახსენე, ოსების ინტერესებს რა ხმალამოღებით იცავს იანა ამელინა.
- რა ინტერესი აქვს სომხურ ლობის? - ეს ცალკე სტატიის თემაა, თუმცა მოკლედ ორ მიზეზს ვიტყვი - ამიერკავკასიაში რუსეთის ფორპოსტი სომხეთია. ამიტომაც შიშობენ, რომ თუ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა დათბა, სომხეთს ძალიან ბევრი ფუნქცია შეიძლება დაეკარგოს. მეორე და გაცილებით საშიში ჯავახეთის პრობლემაა, სადაც პერმანენტულად აღვივებენ სეპარატისტულ განწყობას. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ საქართველო-რუსეთის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე შეუძლიათ რუსეთის დახმარებით მიაღწიონ საქართველოს კონფედერაციას მაქსიმალური დეცენტრალიზაციით. ფაქტია, რომ მუშაობა მიდის და არსებობს სერიოზული სეპარატისტული გეგმები ჩვენს წინააღმდეგ.
მოკლედ, რაც მეტად ცუდი ურთიერთობა იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის, ამ ლობისტურ ჯგუფებს ხელს აძლევს. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ამ ძალებთანაც. როგორც ვიცი, ამის მცდელობა ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა, იმის შიშით, რუსეთუმეობა არავინ დაგვწამოსო, გაგრძელება არ მოჰყოლია.