"მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი 2016 წელს "ქართული ოცნების“ სიაში პირადად ფარცხალაძის მიერ არიან ჩაწერილები" - კვირის პალიტრა

"მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი 2016 წელს "ქართული ოცნების“ სიაში პირადად ფარცხალაძის მიერ არიან ჩაწერილები"

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი 2016 წელს "ქართული ოცნების“ სიაში პირადად ფარცხალაძის მიერ არიან ჩაწერილები და ზუსტად ასეთი ადამიანების გამოა, რომ "ოცნებას“ ტოვებენ ისინი, ვინც თავის დროზე "ქართული ოცნების“ რიგებში იბრძოდა. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, "ზუსტად კოლექტიური ზარდიაშვილის და მდინარაძის გამოა, რომ ის ადამიანები, ვინც თავის დროზე იბრძოდნენ, "ქართული ოცნებიდან“ წამოვიდნენ. "ძალიან კარგია, რომ ჩვენ ვიხილეთ "ოცნებისგან“ საპასუხო ბრიფინგი. როგორც ჩანს, მათ გულზე მოხვდათ ის ტენდენცია, რაც მათ შტაბში ხდება. ის, რომ სალომე ზურაბიშვილი მათივე მომხრეებისთვის და მათივე აქტივისტებისთვის არის მიუღებელი. კიდევ უფრო უკეთესია, რომ ამ ბრიფინგის ავტორი იყო ბატონი მამუკა მდინარაძე. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს ბატონი 2016 წელს შეუერთდა "ქართული ოცნების“ გუნდს, ეს ადამიანები "ქართული ოცნების“ სიაში პირადად ფარცხალაძის მიერ არიან ჩაწერილები, როგორც მამუკა მდინარაძე, ასევე ზარდიაშვილი. ზუსტად ის ადამიანები რომლებიც 2011 წლიდან იყვნენ ქართულ ოცნებაში, რომლებიც ასევე 2014 წლის არჩევნებზე იყვნენ "ქართულ ოცნებაში“ და ზუსტად ამ კოლექტიური ზარდიაშვილის და მდინარაძის გამოა, რომ ის ადამიანები ვინც თავის დროზე იბრძოდნენ, "ქართული ოცნებიდან“ წამოვიდნენ. ამიტომ დაველოდოთ, პროცესი გრძელდება, პროცესი შეუქცევადია, საქართველოს სხვა ბევრი რაიონიდან იგივე პროცესი გრძელდება და მე დავივლი ყველა რაიონს და საზოგადოებას ვაჩვენებ იმ სურათს, რა სურათიც არის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნების“ შემადგენლობა რამდენიმე წევრმა დატოვა და “ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. მათ შორის არიან რუსთავის, გარდაბნისა და წალკის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგნებლები.

აღნიშნულს "ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე დღესვე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, არც ერთი პირი, ვინც "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას დღეს პრესკონფერენციაზე გვერდით ედგა, დღეს "ქართული ოცნების“ წევრი არ არის. მდინარაძის თქმით, ბევრ მათგანს საერთოდ არ ჰქონია შეხება "ქართულ ოცნებასთან“

იხილეთ: "არც ერთი მათგანი, ვინც უგულავას გვერდით ედგა, დღეს "ქართული ოცნების“ წევრი არ არის"