"გადაწყვეტილია სააკაშვილის დონეზე... საბოლოო მიზანი მაგ კაცის ლიკვიდაციაა" - რა აუდიოჩანაწერებს ავრცელებს პროკურატურა პატარკაციშვილის საქმეზე?
პროკურატურის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროვდა, 2016 წლის დეკემბერშია მოპოვებული. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჩანაწერები ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სახლის ჩხრეკისასაა ამოღებული.
"ეს საქმე შეეხება მკვლელობის მომზადებას და არა დასრულებულ მკვლელობას. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ ამზადებდნენ ისინი მკვლელობას. ჩანაწერი მოპოვებულია ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების დროს და ეს ჩხრეკა ჩატარდა 2016 წლის დეკემბრის თვეში, - განაცხადა კაციტაძემ.
კითხვაზე, რატომ არ მოხდა ბრალის წარდგენა ორი წლის განმავლობაში, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამოღებულია ათეულობით ფაილი, თითოეულ ფაილს სჭირდებოდა შესწავლა და ექსპერტიზა.
"ძალიან მარტივი პასუხია. ათეულობით ფაილია ამოღებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს. თითოეულ ფაილს სჭირდებოდა შესწავლა და ექსპერტიზა. გარდა ამისა, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიები მოქმედება და როდესაც გამოძიება მივიდა იმ სტანდარტამდე, რომ შესაძლებელი იყო ბრალის წარდგენა, ჩვენ ბრალი წარვუდგინეთ ამ პირებს, მოვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიება და საზოგადოებასაც ვაცნობეთ ეს ინფორმაცია", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი, - ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.
იხილეთ ჩანაწერი