"ერთ-ერთ დარეკვაზე პოლიციელმა მიპასუხა, - ვისაც ურეკავთ, გარდაცვლილიაო" - იტალიაში გარდაცვლილი ქართველი მოკლულია?
იტალიური მედიის ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, 19 საათსა 45 წუთზე, ქალაქ ბარიში, სან-ანტონიოს სანაპიროსთან, გამვლელებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს. იტალიელმა სამართალდამცავებმა გარდაცვლილის ვინაობის დადგენა მას შემდეგ შეძლეს, რაც გიორგის ტელეფონზე მისმა მეგობარმა დარეკა. გაირკვა, რომ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, 31 წლის გიორგი ფერაძე იყო. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ქართველი ემიგრანტებისგან შევიტყვეთ, გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.
გიორგი ფერაძე ბაღდათის სოფელ ვარციხეში დაიბადა. ერთ-ერთი მეზობელის ინფორმაციით, ის სოფელში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, თუმცა წელს აღდგომის დღესასწაულზე ჩავიდა, რა დროსაც მთელი სოფლის მოვლა და ყველას მონახულება მოასწრო. ეს იყო მისი უკანასკნელი შეხვედრა სამშობლოსთან:
- კიდევ ერთი კარგი და მოსიყვარულე ბიჭი დავკარგეთ. გიორგის მამა საქართველოს ერთიანობისთვის ყველა ომში მონაწილეობდა, დედა წლების წინ იძულებული გახდა ქვეყნიდან უცხოეთი წასულიყო სამუშაოდ. გიორგი და მისი ძმა საკმაოდ პატარები დატოვა. მერე გიორგიც წავიდა საქართველოდან, თავდაპირველად, რუსეთში იყო, დეიდასთან. მერე, როგორც ჩემთვის ცნობილია, იქ კანონთან პრობლემები ჰქონდა და ამიტომაც იტალიაში წავიდა.
ანი გორგაძე, გიორგის მეგობარი: - მეც ემიგრანტი ვარ. იტალიაში ვცხოვრობ დედასთან ერთად, ვისაც ემიგრანტობაში არ უცხოვრია, ვერასოდეს გაიგებს, რას ნიშნავს საყრდენის დაკარგვა უცხო ქვეყანაში. ჩვენ აქ გიორგის სახით ძალიან ძლიერი საყრდენი დავკარგეთ. რაც არ უნდა მომხდარიყო, პირველი მოვიდოდა და გვერდში დაგიდგებოდა.
- გიორგის რამე ხომ არ უჭირდა ან საფრთხე ხომ არ ემუქრებოდა, მისი "ფეისბუკგვერდის" პოსტებიდან ისეთ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რაღაც ცუდს ელოდა...
- ჩვენთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს არასოდეს, მე მისი უახლოესი მეგობარი ვიყავი, ასე რომ ყოფილიყო, რატომ არ მეტყოდა? რაც შეეხება მატერიალურ გაჭირვებას, იტალიაში ეს მას ნამდვილად არ ჰქონდა, აქ ჩვენ ერთმანეთს ვუდგევართ მხარში.
გარეგნულად დაზიანებები არ ეტყობოდა, საბოლოოდ ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს. გიორგიც, როგორც ყველა ჩვენ, ხშირად ლაპარაკობდა სამშობლოზე. რომ შევიკრიბებოდით, ხშირად ვოცნებობდით იმაზე, სამშობლოში დაბრუნებულები რას გავაკეთებდით. გიორგი ამბობდა, საქართველოში დიდი სახლი უნდა ავაშენო, სადაც ოჯახთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრებო. არ დასცალდა…
- მისი გარდაცვალება როგორ შეიტყვეთ? - ვურეკავდით და არ პასუხობდა, მერე ტელეფონი სულ გაითიშა. ერთ-ერთ დარეკვაზე პოლიციელმა მიპასუხა, - ეს პიროვნება გარდაცვლილიაო. დედაჩემი წავიდა პოლიციაში. საშინელება იყო. იხილეთ ასევე: "სოფო გაყინული ეგდო იატაკზე, ჩვილს კი ისე ღრმად ეძინა, საღამომდე ვერ გამოვაფხიზლეთ"
(სპეციალურად საიტისთვის)