იზორია: "სიცრუის ტელევიზიის" მიზანია, თავდაცვის უწყების დისკრედიტაციით, ქართულ შეიარაღებულ ძალებში გამოიწვიოს დემორალიზება" - კვირის პალიტრა

იზორია: "სიცრუის ტელევიზიის" მიზანია, თავდაცვის უწყების დისკრედიტაციით, ქართულ შეიარაღებულ ძალებში გამოიწვიოს დემორალიზება"

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ერთ-ერთი "სიცრუის ტელევიზია" ცდილობს თავდაცვის უწყების დისკრედიტაციით ქართულ შეიარაღებულ ძალებში გამოიწვიოს დემორალიზება. ამის შესახებ იზორიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრი მის კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი კრედიტი არა 700 ათას დოლარს, არამედ 145 ათას დოლარს შეადგენს.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ერთ-ერთი სიცრუის ტელევიზია თავდაცვის უწყების წინააღმდეგ, რომლის მიზანია, თავდაცვის უწყების დისკრედიტაციით ქართულ შეიარაღებულ ძალებში გამოიწვიოს დემორალიზება, შექმნას ნეგატიური განწყობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა შეიარაღებული ძალები განხორციელებული რეფორმებითა და წარმატებებით არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც სამაგალითო სტრუქტურა. სწორედ ეს წარმატებები აღიზიანებს "სიცრუის ტელევიზიას" და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მათი თავდასხმები იძენს ამორალურ ხასიათს. გუშინ ინტერვიუს დროს სიცრუის ტელევიზიის ერთ-ერთმა მატყუარა ჟურნალისტმა ბრძანა, თითქოს აღებული მაქვს კრედიტი 700 ათასი დოლარის ოდენობით, სინამდვილეში კი ჩემი საკრედიტო ვალდებულება შეადგენს 145 ათას დოლარს. ამასთან, მინდა აღვნიშნო, ჩემი ოჯახის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მიწის ნაკვეთი შევიძინე, სახლის მშენებლობა ოჯახმა დაიწყო საჯარო სამსახურში ჩემი საქმიანობის დაწყებამდე, იმ დანაზოგებით, რომელიც დამიგროვდა აკადემიური საქმიანობის შედეგად 2007-2012 წლებში, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში მოღვაწეობით. სახლის მშენებლობას 4 წელი დასჭირდა და ის წლებია გაქირავებულია. ამან მომცა კრედიტის აღების საფუძველი და საკრედიტო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. ამით კი ავაშენე სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ. ეს ყველაფერი არის დეტალურად გაწერილი დეკლარაციაში, რაც ყველასთვის ხელმიწასვდომია", - განაცხადა ლევან იზორიამ.