"ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი და ამ სტუდიაში შემოსვლისას გამარჯობა არ გვითხრა კონკურენტებს" - კვირის პალიტრა

"ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი და ამ სტუდიაში შემოსვლისას გამარჯობა არ გვითხრა კონკურენტებს"

ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი და ამ სტუდიაში შემოსვლისას გამარჯობა არ გვითხრა კონკურენტებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართული დებატებისას განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, თავად იქნება ყველას პრეზიდენტი, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან. „აუცილებლად ვიქნები ორივეს პრეზიდენტი და აუცილებლად ვიქნები ყველას პრეზიდენტი ამ ქვეყანაში, რადგან საქართველოს მართლაც სჭირდება ზეპარტიული პრეზიდენტი, ოღონდ, ზეპარტიული პრეზიდენტი არა ისე, როგორც საუბრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც საუბრობს, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი და ამ სტუდიაში შემოსვლისას გამარჯობა არ გვითხრა კონკურენტებს. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს პრეზიდენტი, თუ ის გამარჯობას არ გეუბნება. მე ვიქნები ნამდვილად ზეპარტიული პრეზიდენტი, მაგრამ ზეპარტიულობა არ გულისხმობს მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანებთან მუშაობას. ზეპარტიულობა და ყველას პრეზიდენტობა გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს, ყველას, თითოეული ადამიანის პრეზიდენტი, უნდა იყოს თითოეული პენსიონერის პრეზიდენტი და არ თქვა, რომ ეს არ გეხება. უნდა იყოს შშმ პირების, დევნილების, სამხედროების, პოლიციელების პრეზიდენტი და არ თქვა, რომ მათი პრობლემები არ გეხება. უნდა იყო ემიგრანტების, ახალგაზრდების პრეზიდენტი. ყველას პრეზიდენტი არ ნიშნავს მხოლოდ ზეპარტიულობას“,- განაცხადა ბაქრაძემ.