დამაბრუნებს თუ არა ჩემი მომავალი პრეზიდენტი ემიგრაციიდან სამშობლოში? - რა მიპასუხეს საპრეზიდენტო კანდიდატებმა
საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ემიგრაციას იმდენად მიუახლოვდა რომ, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს ხელისუფლებამ მხარი დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატად წამოყენებულ სწორედ რომ ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. ეს ნაბიჯი თავიანთი კანდიდატის საიმიჯოდაც შესანიშნავად გამოიყენეს და ამომრჩეველს ქალბატონი სალომე როგორც ემიგრაციიდან დაბრუნების მაგალითი და პრეცედენტის შემქმნელი ისე წარუდგინეს.
მას არც სხვა რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი ჩამორჩა, მათაც დაიწყეს ემიგრაციის თემაზე წინასაარჩევნო პროგრამების აგება. განსაკუთრებით კი კანდიდატები: "ევროპული საქართველოდან " ბატონი დავით ბაქრაძე და ასავე მოძრაობის "ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გამოირჩნენ.
გაჩაღდა ნამდვილი რინგიც. საპრეზიდენტო კანდიდატები პრესისთვის გამართულ ბრიფინგებზე ერთმანეთს ეცილებოდნენ ქვეყნიდან ათასობით გასული ქართველის ხმების მოპოვების მიზნით ჩვენთვის, ემიგრანეტისთვის უკეთესი მომავლის შემოთავაზებაში. სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარი კამპანიის წამოწყებისთანავე "პრეზიდენტად თქვენს დასაბრუნებლად" მოვდივარო შემოგვითვალა. ბატონი დავით ბაქრაძე, არალეგალი ემიგრანტების ბედ-იღბლით უფრო დაინტერესდა და ევროპაში მათი ლეგალურად დასაქმების ფორმულის გამოგონებაზე დაიწყო დაპირებების მიცემა.
ყველა ემიგრანტს რომ დაბრუნება სწყურია, ეს ნამდვილად უდაოა და ამ ემიგრანტებში შევდივარ მეც, თქვენი მონა-მორჩილი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, იქამდე ვუყურე და ვუსმინე საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებში ყველაზე პერსპექტიული ამ სამი კანდიდატისაგან ჩემი, როგორც ემიგრანტის სახელის ტრიალს, დავიჯერე, რომ ჩვენი დაბრუნების დროც დადგა და გადავწყვიტე ამ სიტუაციით მესარგებლა.
საფრანგეთიდან თბილისში უმალ ჩამოვფრინდი რათა, სამივე მათგანისთვის დამესვა ერთი და იგივე შეკითხვა - როდის, როგორ და რა გზით გვიპირებდნენ მე და ჩემს ოჯახს ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებას?
თბილისში ჩამოსული თავდაპირველად მათი პრეს-სამსახურის ხელმძღვანელებს დავუკავშირდი. ყველგან დეტალური ინფორმაცია მომთხოვეს და მეც შევადგინე არზა: "გახლავართ, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, დიანა ჭანკოტაძე, ვმუშაობ ქალაქ რეიმსის მერიაში და ასევე რეგიონალურ რადიოში RJR , მყავს მეუღლე დავით სებისკვერაძე, მეცნიერ-მკვლევარი და სამი შვილი: მათე, ცაბუნია და ანაბელ სებისკვერაძეები . ჩემი რადიო გადაცემისთვის "მსოფლიო აქცენტი" ვატარებ ექსპერიმენტს, მაინტერესებს მე და ჩემს ოჯახს როგორ დამაბრუნებს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი სამშობლოში და ამისთვის რამდენიმე შეკითხვას დავუსვამ-მეთქი".
სალომე ზურაბიშვილის პრეს-სამსახური, მეტისმეტად მომთხოვნი აღმოჩნდა და ჩემი ფრანგული საკონტაქტო კოორდინატებისა თუ მისამართის გაგზავნის შემდეგაც სრულიად უიმედოდ, მაგრამ მაინც "კონტაქტზე" დამტოვა, დანარჩენებმა კი უბრალოდ ქართულად - "ხვალ დაგვირეკეთი" მომიშორეს თავიდან.
შეხვედრა გრიგოლ ვაშაძესთან
მოვიდა ეს "ხვალეც", სატელეფონო ზარებით დილიდან ვიწყებ ბატონ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის მიღწევას. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ოპერის ბაღთან გამართულ შეხვედრაზე დამიბარეს და მეც მივედი. ვზივარ და ვფიქრობ, აქცია რომ დამთავრდება, მეტი არა ჩემი მტერი ვაშაძემ ჩემთვის მოიცალოს-მეთქი. სად იყო და სად არა, მისი პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი მეცა და ბატონი ვაშაძის მანქანაში ჩამსვა - ვიდრე იგი ქუთაისში ამომრჩეველთან შეხვედრაზე გაემგზავრებოდა და ქალაქს გასცდებოდა, საუბარი უნდა მომესწრო. მიყურებს ერთობ დაბნეული ბატონი გრიგოლი და ვერაფრით გაუგია, - ვინ ვარ, ან რა მინდა.
- ბატონო გრიგოლ, ჟურნალისტი ვარ, საფრანგეთში, რადიოში ვმუშაობ, ჩემი საავტორო გადაცემისთვის, ექსპერიმენტს ვატარებ და ამაზეა დამოკიდებული ხმას მოგცემთ თუ არა, დავიწყოთ? - დავიწყოთ ბატონო. (იღიმის)
- 13 წელია ემიგრაციაში ვცხოვრობ, თქვენ რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გახდეთ, რა გზით აპირებთ ჩემი ოჯახის სამშობლოში დაბრუნებას?
- საქართველოს მართლაც აქვს დიდი პრობლემა, ქვეყნიდან გასული ემიგრანტების სახით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მართლაც რომ დასაწყებია. საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკის, ბიზნესის და ინოვაციების ქვეყანა. უნდა დავიწყოთ ინვესტიციების შემოტანა ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ბიზნესის მრავალმხრივ განვითარებას ჩაეყაროს საფუძველი, რაც თავისთავად გამოიწვევს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, დასაქმებას და ემიგრაციის მოზიდვაც უფრო რეალური გახდება.
- უნდა გაგაწყვეტინოთ, ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება კარგია, მაგრამ რა ხელი აქვს ჩემი ოჯახის დაბრუნებასთან? - სწორედ ბიზნესის განვითარება გაუხსნის კარს ქვეყანაში ემიგრაციის დაბრუნების დაწყებასაც, სამუშაო ადგილები თუ არ იქნება, მაშინ ვერც დაბრუნებული ემიგრანტები ვერ იმუშავებენ და ამიტომაა საჭირო ამ სფეროების წინ წამოწევაც, მაგრამ კარგით, თუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კონკრეტულად თქვენს ოჯახზე, მე მართლაც მაქვს ჩემი გეგმა თქვენისთანა ხალხის საქართველოში დასაბრუნებლად. ახსენეთ, რომ გყავთ მეუღლე, რომელიც მეცნიერია. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები დღეს აქტიურად იწვევენ საზღვარგარეთიდან პროფესორებს, რომლებიც შემდეგ სალექციო კურსს ინგლისურ ენაზე სთავაზობენ ჩვენს სტუდენტებს. ჩემი საპრეზიდენტო პერიოდის განმავლობაში, მინდა, დიდი დრო დავუთმო იმას, რომ მსოფლიოში მიმოფანტული ჩვენი ქართველი მეცნიერები, პროგრამისტები თუ სხვა დარგის მაღალი დონის პროფესიონალები, სწორედ ისეთები როგორიც თქვენი მეუღლეა, მოვიზიდო ქვეყანაში, მათ გავუხსნა გზა იმისთვის, რომ არა მხოლოდ უცხოელი პროფესორები ჩამოვიყვანოთ აქ, არამედ პრიორიტეტად იქცნენ ჩვენი ქართველები, რომლებიც არანაკლებად მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ისინი ლექციებსაც ქართულ ენაზე ჩაუტარებენ ჩვენს სტუდენტებს და ყველასთვის მომგებიანი იქნება ეს სვლა.
ასეთ კონკრეტულ გზას გთავაზობთ მე საქართველოში დასაბრუნებლად და ამას მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ ვამბობ.
შეხვედრა დავით ბაქრაძესთან
იქამდე, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი სრულფასოვნად "გადამამოწმებდა", კვლავ უშედეგოდ ვაგრძელებდი მოლაპარაკებას მასთან შეხვედრის თაობაზე. ამასობაში კი დავით ბაქრაძის მხრიდან დამირეკეს და მაცნობეს, ბატონი დავითი მძიმე და დატვირთული წინასაარჩევნო გრაფიკის მიუხედავად მაინც მზად იყო ჩემთან შესახვედრად და მეც სასტუმრო "ივერიისაკენ " გავეშურე და რესპონდენტს იგივე კითხვით მივმართა:
დავით ბაქრაძე: - დღეს საქართველოს ერთ-ერთი დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე გასულია ქვეყნიდან და იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს გამოიწვია, ეკონომიკურმა გაჭირვებამ, უპერსპექტივობამ, არეულობებმა, და კიდევ განცდამ რომ აქ არაფერი გამოუვიდოდათ. წასულების სრული უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი არიან, დროებით წასულები, მაგრამ ამასობაში გადის წლები და ვერავინ ვერ ბრუნდება. საუკეთესო გამოსავალი ამ ხალხის ქვეყანაში დასაბრუნებლად, არის საქართველოს გარდაქმნა წარმატებულ ქვეყანად, სადაც ამ ხალხს პერსპექტივის განცდა ექნებათ.
- ანუ მე რომ დამაბრუნოთ იქამდე ჯერ საქართველო უნდა გარდაქმნათ წარმატებულ ქვეყანად? - საუკეთესო გამოსავალი სწორედ ესაა, ასევე ჩვენი გაწევრება ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით. რაც უფრო ახლოს ვიქნებით ჩვენ მათთან, მით უფრო უსაფრთხო ქვეყანა გავხდებით ჩვენ და ეს ერთ-ერთია რაც პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. მეორე რაც პრეზიდენტს ევალება, ესაა მეტი ინვესტორის ჩამოყვანა, რათა აქ გავაჩინოთ სამუშაო ადგილები და დასაქმდეს მეტი ადამიანი. მესამე და ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ სანამ ეს ემიგრანტები დაბრუნდებიან, იქამდე მათ დავეხმარო იქ, სადაც არიან. თქვენი ოჯახი წარმატებული მაგალითია, როცა ლეგალურად შრომობთ, რაც განგასხვავებთ არალეგალურად მშრომელ ქართველ ემიგრანტებთან. სანამ დასაბრუნებელ პირობებს შევქმნით, იქამდე ჯერ ამ ხალხს იმ ქვეყნებში სადაც არიან ლეგალურად შრომის ბაზარი უნდა გავუხსნათ.
- ცოტა ურთიერთ გამომრიცხავი არაა თქვენი ლოგიკა. თქვენ ზრუნავთ ემიგრანტების დასაბრუნებლად ქვეყნის აშენებაზე, ამავე დროს მათ ლეგალურად დასაქმებაზე იმ ქვეყნებში, სადაც არიან. როდესაც ქართველი ადამიანი ევროპულ ან თუნდაც ამერიკულ ხელფასს მიეჩვევა, განა როგორ უნდა ააშენოთ საქართველო რომ ორმაგი ხელფასი შესთავაზოთ მათ სამშობლოში დასაბრუნებლად?
- ჩემი მიზანია დავეხმარო მათ იქ, სადაც არიან, ამ ადამიანების უმეტესობა უცხოეთში გაჭირვებამ წაიყვანა და თუ მათ სწრაფად დავეხმარებით მაგალითად თუნდაც ვალების გასტუმრებაში, ბევრი გადაიხდის იქიდან ამ ვალს და მალე ჩამოვა. ამის პარალელურად ავაშენებთ ისეთ ქვეყანას რომ ხალხს იქ გაქცევა აღარ მოუწიოს.
- როგორ აპირებთ ე.წ "გადინებული ტვინების" ქვეყანაში დაბრუნებას, ისინი ხომ სხვა ქვეყნებს აშენებენ და არა საკუთარს? - მესმის, მაგრამ მე ასეთი ქართველების თუ ეკონომიკური სიდუხჭრის გამო წასული ქართველების დაბრუნებაც ერთნაირად მინდა. ჩვენ ვერ ჩავუკეტავთ ხალხს ხელოვნურად საზღვრებს რომ აღარავინ წავიდეს.
- ცხადია არა, მე გეკითხებით რა გეგმა გაქვთ მათ დასაბრუნებლად? - იგივეს ვიტყვი, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მიმზიდველი ქვეყანა, რომ მათ თავად მოუნდეთ საქართველოში დაბრუნება.
ბატონი დავითიც სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა და წინასაარჩევნოდ მასაც წარმატება და გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს სწრაფ ტემპში აყვავება ვუსურვე, რადგანაც ღრმა მოხუცებულობაში ვინ იცის ისიც თუ მემახსოვრება, რომელი ქვეყნიდან შევაფარე თავი უცხო ქვეყანას.
აქ უნდა ყოფილიყო შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, მაგრამ...
მრავალი მცდელობის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი კვლავ ჯიუტად დუმდა, ბოლოს მისმა მდივანმა ტელეფონი სრულიად გამორთო, რითიც ნათლად მიმახვედრა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატს ჩემთვის ნამდვილად არ ეცალა, ან სრულიად არაფერი ჰქონდა სათქმელი.
მეც მეტი რა დამრჩენოდა, დავბრუნდი უკან საფრანგეთში, სადაც ჩემი რადიოს თანამშრომლები ინტერესით შემომეგებენ, - "პირველად ვხედავთ ადამიანს საპრეზიდენტო კანდიდატებს რომ საკუთარ თავზე ესაუბრაო ", - შემდეგ დაწვრილებით გამომკითხეს, რომელმა კანდიდატმა უფრო დამარწმუნა სამშობლოში დაბრუნებაში და თუ რომელს მივცემდი ხმას არჩევნებზე.
პასუხი? - სავარაუდო პასუხი მკითხველისთვის მიმინდია, ჩემი კოლეგები კი პასუხს არც დალოდებიან, ერთხმად ისე მომიგეს "გასაშვებად აღარ გვემეტები, ჯანდაბას, ეგ თქვენი არჩევნებიო..."
დიანა ჭანკოტაძე