ივანიშვილი: "მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს" - კვირის პალიტრა

ივანიშვილი: "მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს"

"ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს იგებს სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი არჩევნების მეორე ტური შედგება, რისი მცირე ალბათობაც არსებობს, თითქმის ერთნაირი შანსი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ორ წარმომადგენელს".

"ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, დიდი ალბათობით, მაგრამ არა აუცილებლობით, თუ "ქართული ოცნების" ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება იქნება, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში აიღებს საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს. მაგრამ ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს იგებს სალომე ზურაბიშვილი. თუკი შედგა მეორე ტური და ამის მცირე ალბათობა არსებობს, თითქმის ერთნაირი შანსი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ორ წარმომადგენელს. ერთი ქულაა მგონი სხვაობა ბაქრაძეს და ვაშაძეს შორის, ხოლო 1%-იანი სხვაობა არჩევნებში შეიძლება სხვანაირად გამომჟღავნდეს. თუ იქნება მეორე ტური, ასეთ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრი მიიღებს მონაწილეობას. ეჭვი არ არის, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე. დავაცხროთ ემოციები და ეს არჩევნები პირველსავე ტურში დავამთავროთ. ვთხოვ კიდევ ერთხელ მაქსიმალურ მობილიზებას "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, გადადონ გვერდზე ის კითხვის ნიშანი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის "ქართული ოცნების" წევრი. მივმართავ ასევე ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს, გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, გავერთიანდეთ, სწრაფად დავამთავრობთ არჩევნები და სწრაფად შევუდგეთ აღმშენებლობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ყველა უნდა გაერთიანდეს ქვეყნის წინსვლისთვის.

"არ დაიბნეთ, დაივიწყეთ სიძულვილის ენა. ძალიან კარგი რამ თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ - სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდოთ, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, ყველას მხარი მივცეთ, გავერთიანდეთ და მხოლოდ ამით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და წინსვლას," - განაცხადა ივანიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას, ივანიშვილმა თამარ მეფის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ქართველების ქალბატონებისადმი დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს.

"ცოტა განაწყენებული ვარ, რომ სცენაზე არ ამიშვეს. ვისურვებდი, რომ კვირას არავითარი ექსცესი არ იყოს, არჩევნები ჩატარდეს ძალიან ლამაზ ფორმებში და ქალბატონი სალომეს პირველივე ტურში მიეღოს ის, რასაც იმსახურებს. ამის დიდი ალბათობაა. ძალიან ამაჩუყებელი იყო ჩემთვის, როცა მისმა შვილმა სცენაზე ცრემლები ვერ შეიკავა. ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის. სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქართველია წასული ემიგრაციაში და ყველა კარგად გაიგებს, რამდენად რთულია უცხო სკოლაში მოსიარულე შვილს შეუნარჩუნო ქართული ენა. ძალიან რთულია - ეს იქნება საფრანგეთში, ამერიკაში, ინგლისში თუ სხვაგან, სადაც გნებავთ. ქალბატონი სალომეს ემიგრაციაში დაბადებაც, ცხოვრებაც იყო იძულებითი. მისმა მშობლებმა ეს შეძლეს. მე ძალიან მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს. გასაკიცხია, ვინც ეჭვს გამოთქვამს მის ქართველობაში.

ქალბატონი სალომე სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც. ჩვენ პირველ პრეზიდენტს ავირჩევთ ქალბატონს. თამარ მეფე, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიის ხიბლია, რომ ჩვენ შორეულ ისტორიაში ვახერხებდით ქალბატონებზე ის დამოკიდებულება გამოგვეხატა, რაც დღესაც კარგად გამოიხატება ყველა ქართულ ოჯახში. სიმბოლოებიც ბევრი გვაქვს ამის. არ დაიბნეთ, დაივიწყეთ სიძულვილის ენა. სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: "დრო მოვიდა, დაგითმოთ ჩვენი ძვირფასი დედა, რომელიც დაიცავს საქართველოს, როგორც ჩვენ გვიცავდა"

იხილეთ ვიდეო