ჯონ ბოლტონი:" ვგეგმავთ, კვლავ განვაგრძოთ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება სამხედრო უსაფრთხოების სფეროში" - კვირის პალიტრა

ჯონ ბოლტონი:" ვგეგმავთ, კვლავ განვაგრძოთ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება სამხედრო უსაფრთხოების სფეროში"

ვგეგმავთ, კვლავ განვაგრძოთ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება სამხედრო უსაფრთხოების სფეროში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ორმხრივ ურთიერთობების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

"აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები მთელ რიგ ასპექტებში ძალიან მტკიცე და ღრმა არის. ვგეგმავთ, კვლავ განვაგრძოთ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გარღმავება სამხედრო უსაფრთხოების სფეროში.

ვაშინგტონში ჩავიტან და კვლავ განვიხილავთ, თუ რა სფეროში შეიძლება ეს ურთიერთობები კიდევ გაძლიერდეს, მათ შორის ეკონომიკური მხარეც. საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე არაერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ საქართველო დაინტერესებულია, ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ხელი შეეწყოს ვაჭრობასა და ინვესტიციებს. ჩვენ ამაზეც ვიმსჯელებთ. ორმხრივი ურთიერთობების საფუძველი საკმაოდ მტკიცეა. რაც შეეხება საქართველოს მისწრაფებებს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბუშის დროს, 2008 წლის აპრილში ჩვენ მტკიცედ დავუჭირეთ მხარე საქართველოს, რომ გამხდარიყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი", - განაცხადა ბოლტონმა.

ბოლტონის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი სწორედ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მოჰყვა.

"რუსეთის მიმართ უკვე დაწესებულია მთელი რიგი სანქციები და მათ შორის ნაწილი დაწესებულია მას შემდეგ, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოხდა. რამდენად მოხდება ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან ეს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდება და შეხვედრა იქნება ძალიან მოკლე.

შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ჩვენ პრეზიდენტი პუტინი მოწვეული გვყავს ვაშინგტონში, კონსულტაციების სრული დღე იგეგმება. როგორი იქნება ამ შეხვედრის განრიგი, ამ ეტაპზე არ ვიცით", - აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

ეროვნული უშიშროების საკითხებში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განმარტებით, ელჩის დანიშვნა სენატში დამტკიცების პროცესს უკავშირდება, რაც საკმაოდ რთულად გასავლელი გზაა.

სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე, მედია დაინტერესდა, თუ როდის ეყოლება შეერთებულ შტატებს ახალი ელჩი საქართველოში.

როგორც ბოლტონმა აღნიშნა, ელისაბედ რუდი შესანიშნავად ართმევს თავს ელჩის მოვალეობის შესრულებას.

"ის გადასარევად უძღვება საელჩოს ამ პერიოდში, ვიდრე ელჩის საბოლოოდ დამტკიცება მოხდება," - დასძინა ჯონ ბოლტონმა.

"ინტერპრესნიუსი"