რატომ კანაფი და არა წყალი?! - კვირის პალიტრა

რატომ კანაფი და არა წყალი?!

"საქართველო ხარისხიანი ბუნებრივი სასმელი წყლის რესურსებით დედამიწაზე ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა"

ბევრი ქვეყანა წყლის დეფიციტს განიცდის, საქართველოს კი უდიდესი რესურსი აქვს მტკნარი თუ მინერალური წყლების სახით, რომელსაც სათანადოდ ვერ ვიყენებთ. ახლა, როცა კანაფის კულტივაციაზე წამოიწყეს ლაპარაკი, არაერთისგან გავიგონე, მარიხუანას მოყვანაზე ფიქრს სჯობია, სასმელი წყლის ექსპორტზე იფიქრონო.

ზურაბ ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი:

- შევარდნაძის მმართველობის ხანაში მილსადენით საქართველოდან ირანისთვის წყლის მიწოდება იგეგმებოდა. მაგრამ რამდენიმე პრობლემამ იჩინა თავი: მსოფლიოში არ არსებობს ანალოგი, რომ წყალი ერთი ქვეყნიდან მეორეში გაჰქონდეთ. წყალი სასარგებლო მინერალებს შეიცავს ადგილზე, მილსადენით გადატანისას კი მისი ხარისხი ქვეითდება. არც ის არის შესწავლილი, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბევრი წყლის გადინებამ ქვეყნის ეკოსისტემაზე - წყლის მილსადენით გადინება ნიშნავს, რომ ადგილზე ის აღარ აორთქლდება, შედეგად კი კლიმატი შეიცვლება. რადგან არ არსებობდა არც გათვლები, არც ანალოგი, იდეა იდეად დარჩა.

არაბებს აქვთ გამოთქმა: "ერთი წვეთი წყალი უფრო ძვირფასია, ვიდრე ერთი წვეთი სისხლი". იქ წყალი ჭირს. ასეთივე სურათია მთელ ახლო აღმოსავლეთში, სადაც მოსახლეობა ნახევარ მილიარდზე მეტია. შვიდ ქვეყანაში (საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი და იემენი) მდინარეებიც კი არ არის. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან წყლით ყველაზე მდიდარი თურქეთია, თუმცა ხარისხიანი წყალი იქაც ჭირს. კარგი იქნება, ქართველებმა დაიწყონ სასმელი და მინერალური წყლის ბაზრის ათვისება, მაგრამ ჩვენი წყლის მწარმოებლები ორიენტირებული არიან იმ ბაზრების ათვისებაზე, რომლებთანაც ტრადიციულად თანამშრომლობდნენ, უცხო სივრცეში გასვლას კი უფრთხიან.

- როგორ ფიქრობთ, რატომ?

- იმიტომ, რომ უცხო სივრცეში გასვლა დაკავშირებულია ახალ ხარჯთან, რისკთან და გამოწვევებთან; უცხო ქვეყნების კანონმდებლობების ცოდნაა საჭიროდა ა. შ.

საქსტატის ცნობით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან საექსპორტოდ 36 238 200 ლიტრი მტკნარი და მინერალური წყალი გავიდა, 2017 წლის იანვარ-მარტში კი - 33 807 600 ლიტრი. ეს მილიონობით დოლარს ნიშნავს. ამ სფეროში მომუშავეები ამბობენ, რომ ძალიან მომგებიანი, პერსპექტიული დარგია, მაგრამ სრულყოფილ ოპერირებას ყოველთვის ვერ ახერხებენ.

- იქნებ ჯობია, ამ დარგის განვითარებაზე ვიფიქროთ, ვიდრე კანაფის კულტივაციაზე? - ყველა ქვეყანა თავისი ნაწარმის წარმოჩენას ცდილობს. როდესაც ქართველი მინისტრები უცხოეთში ჩადიან, ყოველთვის ქართული ღვინის ან წყლის პოპულარიზაციას ეწევიან. ახლა რა უნდა თქვან, შემოგვატანინეთ კანაფიო? ჟარგონით რომ ვთქვათ, ბარიგა ქვეყნად ვიქცევით? დარწმუნებული ვარ, ქართული დიპლომატია ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება, რადგან მოუწევთ კანაფის კულტურის პოპულარიზაცია იმ ქვეყნებში, სადაც სხვა საქმეც ათასი აქვთ, თანაც ეს ჩვენი დიპლომატების რეპუტაციას მაინცდამაინც არ წაადგება.

პაატა გიორგაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: - ეთერზეთოვანი (ტექნიკური) კულტურების ერთსა და იმავე ფართობზე მოყვანა სამწლიანი კულტივაციით ისე ფიტავს ნიადაგს, ამ ფართობს სამ წელზე მეტხანს დასვენება და შემდგომ სიღრმისეული დაბლინდაჟება სჭირდება. საქართველოს ალპურ, მთისწინა და ბარის რეგიონებში არსებობს 25 ათასამდე ლანდშაფტური მწვანე საფარი და ველური ხილ-კენკროვანი მცენარეები, რომელთა უმრავლესობას უდიდესი სამკურნალო თვისებები აქვს; ამ ტერიტორიებზე კანაფის მოყვანა კი დაარღვევს ეკოლოგიურ ბალანსს და მივიღებთ კატასტროფულ მდგომარეობას.

რაც შეეხება წყალს, საერთაშორისო ორგანიზაცია FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) სტატისტიკური მონაცემებით, დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 7,4 მილიარდს გადააჭარბა. თითოეულს სჭირდება ყოველდღიური ბიოლოგიური ნორმით 2-2,5 ლ სასმელი წყალი. ე.ი. 7,4 მლრდ ადამიანს ყოველდღიურად ესაჭიროება 18,5 მლრდ ლიტრი სასმელი წყალი. დედამიწაზე სასმელი წყლის მარაგი კატასტროფულად მცირდება, უხარისხო წყლით შეძენილი დაავადებებით კი ყოველწლიურად ათეულმილიონობით ადამიანი, მათ შორის - ხუთ მილიონზე მეტი მცირეწლოვანი იღუპება.

ნიუ-იორკისა და მიჩიგანის შტატების ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მეცნიერ-სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 80%, ანუ თითქმის ხუთი მილიარდი ადამიანი, უახლოეს მომავალში სასმელი წყლის გარეშე დარჩება. გლობალური კვლევების ანალიზით გამოდის, რომ სასმელი წყლის მსოფლიო სამომხმარებლო ბაზარს ყოველდღიურად უკვე სჭირდება 12,5 მლრდ ლიტრი დაფასოებული სასმელი წყალი.

საქართველო ხარისხიანი სასმელი წყლის რესურსებით დედამიწაზე ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. ჩვენს ქვეყანაში 59 000 კმ საერთო სიგრძის 26 060 მდინარეა. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მნიშვნელობის რესურსები გვაქვს, ამიტომ უნდა გავხდეთ სასმელი წყლის მწარმოებელი და მზა პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გამტანი ყველაზე წარმატებული ქვეყანა.