"არ მომწონს, როდესაც ფიტნესდარბაზში გაშლილი თმითა და მაკიაჟით ვარჯიშობენ" - კვირის პალიტრა

"არ მომწონს, როდესაც ფიტნესდარბაზში გაშლილი თმითა და მაკიაჟით ვარჯიშობენ"

"ბევრი ცნობილი ადამიანი დადის ჩემთან, ვისაც უნდა ფიზიკურად აქტიური იყოს და ჯანსაღად იცხოვროს"

თემო თვალაბეიშვილი ფიტნესტრენერია, 12-წლიანი სტაჟით. ის ფილმები, სადაც არნოლდ შვარცენეგერი, სილვესტერ სტალონე, ბრუს ლი მონაწილეობდნენ, გახდა ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია მცირეწლოვანი ბავშვისათვის, რომ ვარჯიში დაეწყო. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, უმაღლესი სპეციალური სამხედრო განათლებაც მიიღო, რის საფუძველზეც 9 წელი მუშაობდა სპეცდანიშნულების რაზმში. თუმცა პარალელურად ყოველთვის იყო სპორტი და როგორც ამბობს, ჯამში ფიზიკური მომზადების 27-წლიანი პრაქტიკა აქვს.

- 18 წელი აქტიური სპორტით (შერეული საბრძოლო ხელოვნება) ვიყავი დაკავებული. საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი გავხდი, ასევე საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ხელჩართულ ბრძოლებში. დიდ სპორტში ყოფნის პოტენციალი მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს მარტივი არ არის. დიდ სპორტში ყოფნას, შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობები სჭირდება, ამის გარეშე შესაბამისად ვერ მოემზადები. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ვალები და ტრავმები დაგრჩება... ცხადია, მირჩევნია პროფესიონალურ სპორტში ვიყო, თუნდაც ამ ასაკში, 34 წლის ვარ და ფიზიკურ ფორმას არ ვუჩივი, მაგრამ რისკზე არ წავედი. 2012-2013 წლიდან პოპულარული გახდა ფიტნესდარბაზები და მეც ამ მიმართულებით გავაკეთე არჩევანი. წლების განმავლობაში მრავალ დარბაზში ვიმუშავე. ფიტნესტრენერი ვარ - გამაჯანსაღებელი ტანვარჯიშის და ფიტბოქსის მიმართულებით.

- რა განსხვავებაა ფიტნესტრენერსა და ფიტნესინსტრუქტორს შორის?

- აგიხსნით: მე ვამზადებ როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს, ისე ყველა მსურველს. ბევრი ცნობილი ადამიანი დადის ჩემთან, ვისაც უნდა ფიზიკურად აქტიური იყოს და ჯანსაღად იცხოვროს. ფიტნეს-ინსტრუქტორი კი ვერ მოამზადებს პროფესიონალ სპორტსმენებს: ფეხბურთელს, კალათბურთელს, მორაგბეს, მოჭიდავეს და ა.შ. ანუ მათ, ვისაც სპეციფიკური ვარჯიში სჭირდებათ. შეიძლება ვიღაცას ეს არ ესიამოვნოს, მაგრამ ფიტნესინსტრუქტორს აქვს გავლილი კურსი, სადაც სწავლობენ კუნთის მუშაობის პრინციპს, რა დროს როგორი ტრენაჟორის გამოყენება უნდა მოხდეს, ანუ იღებენ ზოგად ცოდნას, რაც ფიტნესტრენერის ცოდნის დონეს ვერ შეედრება, რადგან მას გამოვლილი აქვს პროფესიონალ სპორტში მუშაობის პერიოდი და იცის, როცა მასთან რომელიმე კონკრეტული სპორტის სახეობის წარმომადგენელი მიდის, მას ფიზიკურ მომზადებაში რა მიმართულებით უნდა დაეხმაროს.

- გასაგებია. მგონია საქართველოში იშვიათად დადის ხალხი დარბაზში იმისთვის, რომ ფიზიკურად აქტიური იყოს, უფრო ხშირად გასახდომად ვარჯიშობენ, ასეა? - მე ვიტყოდი, 50/50-ზე. ბოლო პერიოდში მოიმატა იმ ხალხის რიცხვმა, ვინც არა მხოლოდ გასახდომად, არამედ სხეულის ფორმების დასახვეწად მოდის, ზოგისთვის კი ეს განტვირთვაა, ზოგი ტელეფონზე საუბრობს, ზოგი ფოტოებს იღებს (იღიმის). მესმის, რომ ყველა ჩემსავით ფანატიკურად შეყვარებული ვერ იქნება ვარჯიშზე, მაგრამ არ მომწონს, როდესაც ფიტნესდარბაზში გაშლილი თმითა და მაკიაჟით ვარჯიშობენ. ზოგი სამსახურის შემდეგ პირდაპირ დარბაზში მიდის. დღეს ათასი საშუალებაა, თუნდაც სველი ხელსახოცები, რომლის დახმარებითაც შეიძლება ვარჯიშის წინ მაკიაჟი მოიშორო. არის შემთხვევები, როცა დარბაზში სარკესთან იკეთებენ მაკიაჟს და ეს ხომ საერთოდ კატასტროფაა!

- აქვე მითხარით, რა უმთავრეს შეცდომებს უშვებენ ადამიანები, როცა დარბაზში მოდიან... - საქართველოში ბევრისგან გაიგებთ: მინდა გახდომა, წონის დაკლება. არის დიეტაზე და მოდის დარბაზში. ამ დროს ორგანიზმი სტრესში ვარდება და მეტი ცხიმი გამოიყოფა. ადამიანი წლების განმავლობაში ერთი და იმავე საკვების მიღებას რომ არის მიჩვეული და უცებ ამას ვეღარ იღებს, ორგანიზმში პანიკა იწყება. კვების რაციონიდან არაჯანსაღი პროდუქტების ამოღება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ხშირად მოისმენთ ქალბატონებისგან ესაა, "არ მინდა ვარჯიში, რადგან დავიკუნთები". ამაზე სულ მეღიმება. კუნთის გაზრდა არც ისე მარტივია, ქალი ვერ დაიკუნთება თუ მინიმუმ ფიზიკური მომზადების 15 წელზე მეტი სტაჟი არ აქვს და პროფესიონალურ სპორტში არ არის ყოველდღიურად დაკავებული. ადამიანს, რომელიც დარბაზში მიდის სავარჯიშოდ, გარკვეული დროის შემდეგ კუნთი უმაგრდება და ეს არ არის გაზრდა. რა არის ვარჯიში? ესაა ის ფიზიკური დატვირთვა, რომელიც ორგანიზმში ჯანსაღ პროცესებს ააქტიურებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ტონუსში მოდის მთელი სხეული, გული, ტვინი კარგად მუშაობს, იმუნიტეტი ძლიერდება...

- ბევრი დილაობით ვერ ასწრებს და საღამოს ვარჯიშობს, ეს სწორია? - ფიზიკური დატვირთვა საღამოს 10 საათს არ უნდა გადასცილდეს. აქვე გეტყვით, თუ რომელია სავარჯიშოდ ყველაზე კარგი დრო: დილის 11-დან შუადღის 14 საათამდე, ხოლო საღამოს 18-დან 21 საათამდე. ვისაც აქტიურად ვარჯიშისა და დარბაზში სიარულის საშუალება არ აქვს, დასაშვებია კვირაში 2-3-ჯერ, 1 საათი ვარჯიში სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ადამიანი უშვებს, თვითნებური ვარჯიშია: ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია როგორც სავარჯიშო პროგრამა, ისე კვების რაციონი.

- ზოგს სურს მუცელზე გამოკვეთილი კუნთები, ე.წ. კუბიკები ჰქონდეს, ბევრი იღვწის ამ შედეგისათვის... - ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მაგალითად, მე ექვსი მაქვს და მერვეზეა გადასული. ესეც ინდივიდუალურია. ვიცნობ ბიჭებს, რომლებსაც ცხრა, ათი "კუბიკი" აქვთ. გოგონებზე ეს არ მომწონს. მთავარია მანდილოსანს ჰქონდეს თხელი და მკვრივი მუცელი, შუა მუცელზე ერთი ხაზი საკმარისია. ასევე აუცილებელია მკვრივი საჯდომი და ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მიმზიდველად და სექსუალურად გამოიყურებოდეს. ზოგი მოდის და ამბობს: "საჯდომის გაზრდა მინდა". ეს არ არის სილამაზე. უნდა მოხდეს ცხიმის დაწვა, საჯდომი მოვიდეს ტონუსში და ფორმამ ზევით აიწიოს. უხეშად ვიტყვი, მაგრამ საჯდომს კი არ უნდა ებას ადამიანი, არამედ პირიქით. ამიტომ ყველას ვურჩევ კომპლექსურ ვარჯიშებს და არა მხოლოდ ერთი ნაწილისას.

იხილეთ სავარჯიშო დარბაზების მრავალფეროვანი არჩევანი და ფასდაკლებები