მომავლის პროფესიები - კვირის პალიტრა

მომავლის პროფესიები

დროის ცვლილებასთან ერთად, იცვლება შრომის ბაზარი: იქმნება და ქრება სპეციალობები. საქართველოში, ისევე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, მაღალია მოთხოვნა მასწავლებლებზე, ექიმებზე, იურისტებზე, მარკეტინგის სპეციალისტებზე, გაყიდვების მენეჯერებზე, ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტებსა და ვებდიზაინერებზე.

სხვადასხვა კვლევის თანახმად, მომავლის პროფესიებია:

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

არაერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ციფრული მარკეტინგი ცალკე სპეციალობად ისწავლება. 2019 წლისთვის მარკეტინგის სპეციალისტებს საშუალება ექნებათ შავი სამუშაო მთლიანად ხელოვნურ ინტელექტს გადააბარონ, ხოლო თვითონ მეტი ყურადღება გაამახვილონ სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და კრეატიულობაზე.

გაყიდვების მენეჯერი

საიტებზე ხშირად შეხვდებით გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას. კომპანიების მოთხოვნებია: კომუნიკაბელურობა, კრეატიულობა, ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა, დარწმუნებისა და არგუმენტირების, პრეზენტაციის წარმართვის, დროის მართვისა და მოლაპარაკების ხელმძღვანელობის უნარები.

მარკეტინგული კვლევის ანალიტიკოსი

მისი მოვალეობა ბაზრების მარკეტინგული კვლევა, ტრენდების განსაზღვრა, ანგარიშების მომზადება და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაა.

მონაცემთა ანალიტიკოსი

დიდი მონაცემების გაანალიზება და აუდიტორიისთვის ეფექტიანად მიწოდება ახალი გამოწვევაა, რომელსაც მონაცემების ანალიტიკოსები ინფოგრაფიკით, ინტერაქციული ვებსაიტების ან აპლიკაციების მეშვეობით უმკლავდებიან. მონაცემთა დიდ ბაზებს 2015 წელს ევროპული კომპანიების დაახლოებით 6% იყენებდა.

სოციალური მედიის მენეჯერი

სოციალური მედიის მენეჯერები წლების წინ გამოჩნდნენ და მათზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მათ აქვთ ცოდნა მარკეტინგში, პიარში, სოციოლოგიასა და კომუნიკაციებში. სოციალური მედიის მენეჯერებს ევალებათ კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების გვერდების მართვა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი ინტერესების გათვალისწინება.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ეჭვქვეშ აყენებს ზოგიერთი პროფესიის მომავალს. Forbes-ზე დაყრდნობით, 10 წლის შემდეგ შესაძლოა აღარ არსებობდეს:

მოლარე - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღაზიების ძირითადი ნაწილი თვითმომსახურებას დანერგავს და მომხმარებელი შეძენილ პროდუქტს სალაროში თავისით გაატარებს. მსგავსი სერვისი განვითარებულ ქვეყნებში უკვე არსებობს.

ფოსტალიონი - ელფოსტის არსებობა წერილების მატერიალური სახით მიღებას ამცირებს.

ტაქსის ოპერატორი - მობილურმა აპლიკაციებმა ტაქსის გამოძახება უფრო მარტივი და კომფორტული გახადა.

სამოგზაურო აგენტი - უკვე არსებობს ვებგვერდები, სადაც თავად შეგვიძლია ბილეთების შეძენა, სასტუმროების დაჯავშნა და ა.შ.

მბეჭდავები - ხმის ამოცნობის ფუნქციამ და დოკუმენტების ზეპირად კარნახის საშუალებით წერამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იმ პირთა სამუშაო ადგილებს, ვინც კომპანიებში სხვადასხვა დოკუმენტისთვის ტექსტს კრეფენ.

Future Of Jobs 2018-ის მონაცემების თანახმად, ავტომატიზაციის მზარდი პროცესი 75 მილიონ სამუშაო ადგილს გააქრობს. ჩვენთვის ნაცნობი ბევრი პროფესია 2022 წლისთვის აღარ იარსებებს, თუმცა, ამავე ანგარიშის თანახმად, ეს უმუშევრობის ტალღას ვერ გამოიწვევს, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი 130 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

მოამზადა

ნათია სიბაშვილმა